მალხაზ ჟვანიას შეგირდებმა თამაში სწრაფად დაიწყეს, ფლანგებისა და ცენტრის ფეხბურთელები ერთმანეთთან კარგად ურთიერთქმედებდნენ, რასაც ჩემპიონატის ლიდერმა ფეხი ვერ აუწყო...
მარტვილელები მე-8 წუთზე დაწინაურდნენ - საჯარიმოს სიახლოვეს მცველებთან ორთაბრძოლაში კარგად ითამაშა დებიუტანტმა ბექა ციკოლიამ, რომლის გადაცემა გიორგი მელქაძემ გოლად გარდასახა - 1:0.
საჩხერელები ჯერ შოკიდან გამოსულები არ იყვნენ, როცა მეორე გოლიც მიიღეს - შოთა ბაბუნაშვილის გადაცემის შემდეგ იმავე ციკოლიამ რევაზ თევდორაძეს შანსი არ დაუტოვა -
მხოლოდ ამის შემდეგ გამოფხიზლდნენ სტუმრები და გოლიდან სამ წუთში სხვაობა შეამცირეს კიდეც - ჯამბულ ჯიღაურმა"მერანის" მცველებს შეცდომა არ აპატია და თავისიანებს მატჩის გადარჩენის შანსი დაუტოვა.
სტუმრები გაცილებით უკეთეს ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ და ამ გოლს, თითქოს, მათთვის ფრთები უნდა შეესხა, მაგრამ...
ამის მიუხედავად, მოედანზე სიტუაცია არ შეცვლილა. 39-ე წუთზე მატჩის საუკეთესო ფეხბურთელმა შოთა ბაბუნაშვილმა შორი მანძილიდან მოსინჯა ძალები და გაუმართლა კიდეც - ბურთი მესამედაც გაეხვია "ჩიხურას" კარის ბადეში.
ტაიმის მიწურულს სტუმრებმა რამდენიმე დასამახსოვრებელი მომენტი შექმნეს. აღსანიშნავია შოთა კაშიას სოლო-რეიდი, რომელიც არაზუსტი დარტყმით დასრულდა, მოგვიანებით კი რატი წინამძღვრიშვილისა და ჯიღაურის ეპიზოდები იყო, რომლის დროსაც მეკარე ჯონი შეროზიამ მაღალი კლასი გამოავლინა.
მართალია, მომენტები მეორე ნახევარშიც მრავლად იყო, თუმცა ერთი პენალტის გარდა, გოლი არ გვინახავს. 48-ე წუთზე დავით ოდიკაძის გადაცემა კართან ახლოს მყოფმა ლაშა ჭელიძემ ვერ შეიფერა. დაახლოებით იმავე სიტუაციაში გიორგი გაბედავამ ითამაშა უხეიროდ...
გულხელდაკრეფილები არც მერანელები ყოფილან. აღსანიშნავია ლაშა კუჭუხიძის მიერ ახლო მანძილიდან დარტყმული, რომელიც ოდნავ ასცდა კარს.
ბოლოს კი სტუმრები ვა-ბანკზე წავიდნენ და კინაღამ მეოთხე გოლით დაისაჯნენ - ბაბუნაშვილმა ორჯერ გაუშვა ანგარიშის გაზრდის რეალური შესაძლებლობა, ხოლო შემდეგ მას მელქაძემაც "მიბაძა".
ორბურთიანი დეფიციტის განეიტრალება "ჩიხურასთვის" დაუძლეველი ამოცანა აღმოჩნდა, თუმცა მსაჯის მიერ დამატებულ წუთებზე სტუმარმა კიდევ ერთი გოლის გატანა მოახერხა - ოდიკაძე მარჯვენა ფლანგზე გაიჭრა და ჩააწოდა, ბურთი კი ხელზე მოხვდა "მერანის" მცველ გელა ხუბუას.
დაინიშნა პენალტი, რომელიც ოდიკაძემ გოლად აქცია და საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა - 3:2.
მატჩის შემდეგ
მალხაზ ჟვანია (მერანის მთავარი მწვრთნელი):
"წანა მატჩებისაგან განსხვავებით, შემტევი ტაქტიკა ავირჩიეთ, რამაც გაამართლა კიდეც. სხვათა შორის, კმაყოფილი ვარ ბექა ციკოლიას თამაშით, რომელმაც უმაღლეს ლიგაში დებიუტი გოლითა და საგოლე გადაცემით აღნიშნა.
რაც შეეხება აკაკი შულაიას, ის ტაქტიკური მოსაზრებების გამო დავასვენეთ".
სოსო ფრუიძე (ჩიხურას მთავარი მწვრთნელი):
"ცუდი მატჩი ჩავატარეთ. როგორ შეიძლება, ფეხბურთელები ასეთი განწყობით გადიოდნენ მოედანზე?!
ქრონოლოგიურად დაშვებულმა შეცდომებმა თამაში წაგვაგებინა. ასე რომ, ვულოცავ "მერანს" დამსახურებულ გამარჯვებას".
სატურნირო ცხრილი
ბომბარდირები:
გ. დოლიძე (დილა) 3
დ. ტატანაშვილი (ჩიხურა) 3
ლ. ახალაია (სიონი) 3
ი. ქობალია (ზესტაფონი) 3
გამოტოვებული მატჩები
17 სექტემბერი
დინამო (თბ)-სპარტაკი
ტორპედო-დილა
VI ტური
21 სექტემბერი
ჩიხურა-დილა
გურია-მეტალურგი
ზუგდიდი-ტორპედო
მერანი-სიონი
სპარტაკი-ზესტაფონი
ვიტ ჯორჯია-დინამო (თბ)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"