ჯაბა დვალი: 2004 წელს ჯგუფში თუ მოვხვდით, ახლა ეს შეუძლებელია?!

AutoSharing Option
მოგეხსენებათ, ლანჩხუთის "გურიასთან" ბოლოსწინა ტურში ჯაბა დვალი არც "დინამოს" ძირითად შემადგენლობაში იყო და არც სათადარიგოებს შორის. მაშინ გავრცელდა ხმები, რომ დვალს გუნდის მთავარ მწვრთნელთან, დუშან უჰრინთან უსიამოვნება მოუვიდა.

ყოველ შემთხვევაში, ბევრს ლაპარაკობდნენ, რომ უჰრინმა დვალი და კიდევ რამდენიმე ფეხბურთელი "დინამოს" მეორე გუნდში გადაიყვანა. თუმცა უკვე მომდევნო ტურში დვალი ძირითადში დაბრუნდა.

ამ ყველაფერზე კომენტარი მხარეებს არ გაუკეთებიათ, რადგან კლუბის "სამზარეულოში" მომხდარის საჯარო განხილვა მიუღებლად ჩათვალეს. როგორც ჩანს, 27 წლის თავდამსხმელსა და მთავარ მწვრთნელს შორის გაუგებრობა ამოიწურა.

ჯაბა დვალმა "ზუგდიდთან" თავი ულამაზესი
გოლით გამოიჩინა - მეტოქის კარი "მაკრატელათი" აიღო.

იხილეთ ვიდეო

Sportall.Ge


ჯაბა დვალი "ლელოს" კითხვებს პასუხობს.

- ჯერ ბოლო შეხვედრაზე ვთქვათ: როგორც იქნა, ჩავარდნის შემდეგ "დინამომ" მოიგო...
- თანაც, დიდი ანგარიშით მოვიგეთ, რაც პატარა საქმე არ იყო. შესაძლოა, "ზუგდიდი" ახლა საუკეთესო ფორმაში არ არის, მაგრამ ეს გუნდი ჩვენთან ყოველთვის განსაკუთრებული მოტივაციით თამაშობს.

მიხარია, რომ ანგარიში გავხსენი, თანაც, საკმაოდ ლამაზი გოლით.

17 სექტემბერს ცხინვალის "სპარტაკთან" გამოტოვებული შეხვედრა გვაქვს და შევეცდებით, პირველ ადგილზე დავწინაურდეთ.

- როგორც ჩანს, შენი დუბლებში გადაყვანა-გადმოყვანის ეპოპეა დასრულდა.
- ალბათ, დამთავრდა.

- მთავარ მწვრთნელთან ურთიერთობაც დალაგდა?
- ყველაფერი კარგად არის.

- "ზუგდიდთან" გოლი ამიტომ იყო მნიშვნელოვანი?
- ამ გოლს რა უნდა შეეცვალა, აქამდე ვერ გამქონდა? ეს ერთმანეთთან კავშირში არ არის. ეტყობა, ისე მოვიქეცი, მწვრთნელს რაღაც არ მოეწონა. ახლა არაფერიც არ ხდება, ყველაფერი ნორმალურად არის და დამიჯერეთ, ყურადღების გამახვილებად ნამდვილად არც ღირს.

- ქართული კლუბები ევროთასებიდან გამოვარდნენ, ნაკრებმა ჯგუფში მესამე ადგილის შანსი დაკარგა და ჩვენი ფეხბურთისადმი რწმენა კიდევ უფრო დაიკარგა - ევროპის ლიგასა და მუნდიალ-ევროფორუმებზე მოხვედრაზე ლაპარაკს ბევრი ზღაპარს უწოდებს. შენი აზრით, გამოუვალი მდგომარეობაა?
- სულაც არ მიმაჩნია, რომ გამოუვალი და უიმედო მდგომარეობაა. იცით, რა მაინტერესებს? 2004 წელს თბილისის "დინამო" უეფას ჯგუფურ ეტაპზე როგორ მოხვდა? მას შემდეგ 9 წელი გავიდა და ეს ახლა შესაძლებელი რატომ აღარ არის?

- შენი აზრით, 2004 წლის შემდეგ ჩვენი ფეხბურთის მდგომარეობა არ გაუარესდა?
- არა მგონია. "ზესტაფონს" ევროპალიგის ჯგუფურ ეტაპამდე ცოტა დააკლდა და დღემდე მიმაჩნია, რომ "შტურმთან" მოგება შესაძლებელი იყო. იმავე "დინამოს" აეკ-თან მოგება არ შეეძლო?

ბოლო წლებში ევროპის ლიგის პლეი ოფამდე ორი ქართული გუნდი სტაბილურად აღწევს, ანუ რეალური შანსები გვქონდა, ევროპის ლიგაში რომ მაინც მოვხვედრილიყავით, მაგრამ საამისოდ ცოტა დაგვაკლდა.

- იმედიანად ლაპარაკობ. არადა, მგონია, რომ მომხდარმა ნაკრებისა და ჩვენი ლიდერი კლუბების ფეხბურთელებზე ცუდად იმოქმედა და ფსიქოლოგიურად გაგტეხათ.
- რატომ უნდა გავტყდე? "სტიაუასთან" წაგებას პენალტის არგატანას არ ვაბრალებ, მაგრამ რომ გაგვეტანა, არავინ იცის, თამაში როგორ წარიმართებოდა. არადა, დღემდე მგონია, რომ რუმინეთის ჩემპიონის დამარცხება შეუძლებელი არ იყო. ყველამ ნახა, რომ გასვლაზე 1:1 ვითამაშეთ, თბილისში კი, რაღაც ეპიზოდებში, მოგებასთან ახლოს ვიყავით, მაგრამ ძალიან არ გაგვიმართლა.

საწყენი იყო "ტოტენჰემთან" ასეთი ანგარიშებით წაგებები, მაგრამ მათთან ევროპული გრანდები აგებენ და ამის გამო გულგატეხილი ვერ ვიქნები.

საერთოდაც, მიმაჩნია, რომ ისე უიმედოდაც არ არის საქმე, ხელი რომ ჩავიქნიოთ და ვიწუწუნოთ, ვაი, დედა, ეს რა გვჭირსო. ჩვენს კლუბებს სტაბილური დაფინანსება და ბირთვის შენარჩუნება სჭირდება და ბევრად მეტს მივაღწევთ.

- იგივეს ფიქრობ ნაკრების თამაშზეც?
- რა თქმა უნდა. როგორ მოვახერხეთ საფრანგეთთან საკმაოდ კარგი ფეხბურთის ჩვენება? ფინეთთან მობილიზაცია და ძალები აღარ გვეყო, მაგრამ ჩემი აზრით, ქართული ფეხბურთისთვის დამახასიათებელი ელემენტების მეტი გამოყენებით, მათი დამარცხებაც შესაძლებელი იყო.

- "ზესტაფონშიც" კარგად თამაშობდი და "დინამოში" გადასვლის პერიოდშიც, მაგრამ ბოლო პერიოდში მხოლოდ მე არ მრჩება შთაბეჭდილება, რომ მოედანზე გულგატეხილი გადიხარ - ეს ნაკრებში გამოუძახებლობას ხომ არ მივაწეროთ?
- ნებისმიერ ფეხბურთელს ნაკრებში თამაში უნდა და როდესაც ამის შანსს არ გაძლევენ, შეუძლებელია, გულგატეხილი არ დარჩე. მე მაინც ვცდილობ, რომ არ გავჩერდე, ვითამაშო და ადრე თუ გვიან, იქნებ ნაკრებში მაინც მიმიწვიონ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
უმაღლესი ლიგის V ტურის მიმოხილვა და სიმბოლური ნაკრები
მკითხველის კომენტარები / 2 /
ნაკრებში ყველას უნდა ტამაში არავინ არ იცის
zaza
19:19 16-09-2013
0
ნეტავ - " ქართული ფეხბურთისთვის დამახასიათებელი ელემენტები" რას უნდა ნიშნავდეს?
guja_kakhadze
19:56 16-09-2013
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული