მოედანზე "დინამო" კი ბატონობდა, თუმცა პირველ ტაიმში დუშან უჰრინის გუნდმა საინტერესო თამაში ვერ გვიჩვენა.
ვლადიმერ ხაჩიძის "სპარტაკი" ყრუ დაცვაში როდი იდგა, კონტრშეტევაზე გადადიოდა ხოლმე და ბურთი "დინამოს" საჯარიმო მოედნამდე მიჰქონდა...
ელგუჯა გრიგალაშვილის პასით გიორგი მერებაშვილი შეიჭრა საჯარიმოში და მახვილი კუთხიდან დაარტყა - სოსლან ნანიევმა ბურთი ხელებში მოიგდო.
აქტიურმა მერებაშვილმა ერთხელაც გაილაღა მარცხენა ფლანგზე, კარის გასწვრივ ჩააწოდა, სადაც გიორგი
ამასობაში "სპარტაკმა" ორი მწვავე იერიში მიაყოლა, მაგრამ ლაშა ჩაფიძეს ხვეული დარტყმა ოდნავ არაზუსტი გამოდგა, კახა კაკაშვილმა კი მრავალსვლიანი კომბინაცია იმით დაასრულა, რომ ბურთი გარედან მოარტყა მეტოქის კარის ბადეს.
ამის მერე დინამოელთა იერიში ისევ მერებაშვილმა გაამწვავა, ლევან ხმალაძეს კარგად დაუგორა ბურთი, მაგრამ ძალიან ხელსაყრელ პოზიციაში მყოფ დინამოელს "სპარტაკის" ერთ-ერთმა მცველმა შეუშალა ხელი.
მეორე ტაიმი ახალი დაწყებული იყო, პაპავამ კარგად რომ ჩაჰკიდა "სპარტაკის" საჯარიმოში. სტუმართა მეკარე ოდნავ წინ იყო გამოსული და დორინ გოგამაც ისეთი თავური უთავაზა, რომ ნანიევი ბურთს ვერ შესწვდა - 1:0.
შეიძლება ითქვას, ყველაფერი აქ დამთავრდა. "სპარტაკს" ანგარიშის გათანაბრების შნო არ ეტყობოდა, "დინამო" კი პირველ ტაიმთან შედარებით, უფრო სწრაფად ათამაშდა და სტუმართა დაცვაც არაერთხელ დაიბნა ბრინჯივით...
გოგას მიერ ჩაწოდებულ კუთხურზე ანგარიშის გაზრდა გივი კვარაცხელიას მართებდა - თავური არაზუსტი გამოდგა, მერებაშვილის გადაცემის შემდეგ კი ნანიევმა ხმალაძეს არ დაანება გოლის გატანა.
საგოლე შანსი ჰქონდა ჯაბა დვალსაც, თუმცა ნანიევის დაჯაბნა ვერ მოახერხა. ეპიზოდი კი იმით დასრულდა, რომ დვალმა კონსტანტინე ხიზანეიშვილთან ორთაბრძოლაში ტრავმა მიიღო და შესაცვლელი შეიქნა.
მეორე ტაიმში "სპარტაკს" ერთი გამონათება ჰქონდა, როცა ფეხმალმა ჩაფიძემ სოლო-რეიდი განახორციელა, მარჯვნიდან შეიჭრა "დინამოს" საჯარიმოში და ამდენ ნაჯაფარს არაზუსტი დარტყმა მიაყოლა.
"დინამო" ზეწოლას აგრძელებდა და, როგორც იქნა, მეორე გოლიც გაიტანა - გოგამ ისეთი გადაცემით დააჯილდოვა ხმალაძე, რომ მასპინძელთა საყრდენ ნახევარმცველს ბურთის კარში შეგდება არ გასჭირვებია.
უჰრინის გუნდს დიდი ანგარიშითაც შეეძლო მოგება, მაგრამ პატრიკ ვუოს თავურს ნანიევი გადაეღობა.
და ერთიც: "ტოტენჰემთან" თბილისური მატჩისას მიღებული ტრავმის მერე მოედანზე პირველად გამოჩნდა "დინამოს" ესპანელი მეგოლე ჩისკო...
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"