- უკვე გადაწყვეტილია, რომ ორი დღის ვადაში ფეხბურთელებს ბოლო ერთი თვის ანაზღაურებას გავუსტუმრებთ. მეტი დავალიანება არც გვაქვს და მოხარული ვარ,
- უსახსრობის გამო ოქტომბერში საწვრთნელი პროცესი ჩაგეშალათ...
- დიახ, მაშინდელი სანაკრებო პაუზა უმაღლესი ლიგის სხვა გუნდებმა ნაყოფიერად გამოიყენეს, ჩვენ კი რამდენიმე დღე გაგვიცდა და სწორედ ამას მოჰყვა შემდგომი რეგრესი. თავად განსაჯეთ, "სამტრედიასთან" სათამაშოდ რომ გავედით, ვარჯიში მხოლოდ ორი დღის განახლებული გვქონდა. ამის მიუხედავად, ამ შეხვედრაში ფრეს მივაღწიეთ, მაგრამ შემდეგ ჩავარდნას მაინც ვერ ავცდით. სამწუხაროა, სეზონის დასაწყისში მოპოვებული პოზიციები რომ დავთმეთ, მაგრამ უნდა ვაღიაროთ, რომ ეს სავსებით ლოგიკური იყო. რაც მოხდა, იმას აღარაფერი ეშველება, ახლა მთავარია, გუნდმა არსებობა ნორმალურ რეჟიმში განაგრძოს და ყველაფერი რიგზე იქნება.
- უსახსრობის გამო, ზუგდიდის "ბაია" სეზონის მსვლელობისას რამდენიმე წამყვანმა ფეხბურთელმა დატოვა. ამგვარი საშიშროების წინაშე "კოლხეთიც" ხომ არ იდგა?
- არა, ყველა პრობლემის მიუხედავად, შემადგენლობის სრულად შენარჩუნება შევძელით. "ბაიასგან" განსხვავებით, წამყვანი მოთამაშეების დაკარგვის ფუფუნება არ გვაქვს, რადგან ზუგდიდელებს მრავლად ჰყავთ ნიჭიერი ახალგაზრდები, რომელთაც დღესვე შეუძლიათ უმაღლეს ლიგაში თამაში. ჩვენც გვყავს ძლიერი ჭაბუკები, მაგრამ მაღალ დონეზე გამოსვლას ისინი ორი წლის შემდეგ თუ შეძლებენ.
- უკვე დიდი ხანია, "კოლხეთს" გამარჯვება არ მოუპოვებია...
- ასეა, უიმედოდ დავმარცხდით "დინამოსა" და "ვიტ ჯორჯიასთან", მაგრამ გუნდის ბოლოდროინდელი თამაში მარწმუნებს, რომ კრიზისს სულ მალე დავძლევთ და გამარჯვებებიც მოვა. მთავარი ისაა, რომ ყველაზე მძიმე პერიოდი უკვე დავძლიეთ და დარწმუნებული ვარ, მხოლოდ და მხოლოდ პროგრესის გზით ვივლით.
- საქართველოს თასის მერვედფინალში "გაგრასთან" განცდილი მარცხის შემდეგ თქვენი გუნდის წევრებმა მსაჯობით უკმაყოფილება გამოთქვეს.
- პრეტენზია გვქონდა გოლზე, რომელიც გავიტანეთ და მსაჯებმა არ ჩაგვითვალეს. დანამდვილებით ვერ გეტყვით, იყო თუ არა თამაშგარე მდგომარეობა, მაგრამ ერთი შეხედვით, მეტოქის კარი წესების სრული დაცვით დავლაშქრეთ.
- ვიდეოგამეორებაზე არ ჩანს, იყო თუ არა გოლი?
- მოგეხსენებათ, საქართველოში მატჩებს არცთუ ხარისხიანად იღებენ და ამიტომაც ვიდეოჩანაწერში მკაფიოდ არაფერი ჩანს. მოკლედ, რაც იყო, იყო – მართალია, თასიდან გამოვარდნამ გული ძალიან დაგვწყვიტა, მაგრამ მთავარი ისაა, რაც "გაგრას" წინააღმდეგ ჩატარებულმა შეხვედრამ დაგვანახა – "კოლხეთმა" თამაშის ხარისხი აშკარად გამოასწორა და მალე ნებისმიერი მეტოქისთვის კვლავ ანგარიშგასაწევი ძალა გავხდებით. გამარჯვება "გაგრასთანაც" შეგვეძლო, მაგრამ რამდენიმე რეალური საგოლე მომენტი ვერ გამოვიყენეთ. რას ვიზამთ, ასეთია ფეხბურთი, თუ გოლი ვერ გაიტანე, სათამაშო თუ ტერიტორიული უპირატესობა ყოველგვარ აზრს კარგავს. ხოლო რაც შეეხება არჩათვლილი გოლის თემას, თუკი "გაგრასთან" მატჩზე გადაჭრით ვერაფერს გეტყვით, დანამდვილებით შემიძლია იმის თქმა, რომ "ვიტ ჯორჯიასთან" ასპროცენტიანი გოლი არ ჩაგვითვალეს. თანაც, იმ დროისთვის ანგარიში გახსნილი არ იყო და არავინ იცის, როგორ წარიმართებოდა მოვლენები, მსაჯებს უხეში შეცდომა რომ არ დაეშვათ.
- მივუბრუნდეთ "კოლხეთის" დაფინანსების საკითხს. სპონსორის საკითხის დადებითად გადაწყვეტა რამდენად რეალურია?
- ისევ და ისევ პორტის იმედი გვაქვს. დიდია იმის ალბათობა, რომ მისი წყალობით, კლუბის წლიური ბიუჯეტი დაახლოებით ნახევარი მილიონი ლარი იყოს. მართალია, გუნდის სრულყოფილად ფუნქციონიორებას მილიონი მაინც სჭირდება, მაგრამ ამას ვინ დაეძებს, შევეცდებით, ნახევარი მილიონითაც გავიდეთ ფონს. პორტის გარდა, ასევე ქალაქის მერიის დიდი იმედიც გვაქვს.
- თუკი ყველაფერი სასიკეთოდ წარიმართა, რა იქნება "კოლხეთის" მიზანი მიმდინარე სეზონში?
- ღმერთმა ქნას, მართლაც არ დაგვიდგეს არსებობის პრობლემა. ფოთი ნამდვილადაა იმის ღირსი, რომ უმაღლეს ლიგაში ძლიერი გუნდი ჰყავდეს და "კოლხეთში" მომუშავე თუ მოთამაშე თითოეული ადამიანი მაქსიმალურად ვედებით, რომ ეს ასე იყოს. ამ სეზონში ჩვენი უმთავრესი მიზანი რაღა თქმა უნდა, უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნებაა, მაგრამ სატურნირო ცხრილში ისეთი სიმჭიდროვეა, უფრო სერიოზულ მიზნებზე ფიქრიც შეიძლება. მთავარია, "კოლხეთს" ნორმალური პირობები ჰქონდეს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"