მეტალურგი-ზუგდიდი 1:0 - გოგა ფიფიას ფაქტორი

AutoSharing Option
ტრადიცია არც ამჯერად დარღვეულა: "მეტალურგმა" მეათედ უმასპინძლა "ზუგდიდს" და მეათედ მოუგო!

რა თქმა უნდა, გამარჯვებულებს არ ასამართლებენ, მაგრამ ისიც სათქმელია, რომ მასპინძლებს იოლად ნამდვილად არ მოუგიათ.

მეტსაც ვიტყვით: მეორე ტაიმში აშკარად იჩინა თავი "ზუგდიდის" ფეხბურთელთა არასახარბიელო ფიზიკურმა მომზადებამ და სწორედ მაშინ გამოიკვეთა "მეტალურგის" უპირატესობა.

მანამდე კი სტუმრები, სანამდეც ძალები ეყოთ, მედგარ წინააღმდეგობასაც უწევდნენ ამ წყვილის ფავორიტ მასპინძლებს და პირველი ტაიმის საწყის წუთებში სულაც სჯობდნენ კიდეც.

Sportall.Geჰო, მართლაც უცნაური დასაწყისი ჰქონდა 29 სექტემბერს გამართულ მატჩს: ბევრისთვის მოულოდნელად, შეხვედრის პირველი ათი წუთი
სტუმართა... შტურმით წარიმართა.

განსაკუთრებით კი "ზუგდიდის" მარცხენა გარემარბი ლევან წურწუმია აქტიურობდა და ერთ ეპიზოდში მის გამჭოლ გადაცემას სტუმართა ახალწვეულმა ბაქარ მირცხულავამ ზუსტი გაგრძელება ვერ მოუძებნა, თორემ მასპინძელთა კართან ხიფათი გარდაუვალი იქნებოდა.

მატჩის ამ მონაკვეთში და საერთოდ, პირველი ტაიმის განმავლობაში "ზუგდიდი" ორგანიზებულად თამაშობდა, რაშიც დიდი წვლილი მიუძღოდა გუნდის ყველაზე გამოცდილ ფეხბურთელს, 38 წლის როინ ონიანს.

სტუმართა დებიუტანტი მწვრთნელი კობა წიტაიშვილიც ემოციურად და აქტიურად იყო ჩართული თამაშში და თავისი გუნდის ფეხბურთელებს მუდამ აქტიურობისაკენ მოუწოდებდა.

აი, "მეტალურგმა" კი პირველი ტაიმი ერთობ ინერტულად ჩაატარა და დაახლოებით მე-15 წუთიდან შეძლო ჯერ თამაშის გათანაბრება, მერე კი, ნელ-ნელა უპირატესობასაც დაეუფლა. თუმცა, რასაც სახიფათო მომენტები ჰქვია, მსგავსი რამ პირველ ტაიმში არც გვინახავს: ორ ეპიზოდში სტუმართა მცველებმა საკუთარ საჯარიმოში დასწრებაზე კარგად ითამაშეს, ერთხელ კი ლევან კორღალიძის ჩინებული პასის შემდეგ დავით კირკიტაძე ბურთს ვერ მისწვდა.

აქვე აუცილებელია იმის აღნიშვნაც, რომ მასპინძელთა ახალგაზრდა თავკაცს, გელა სანაიას პირველ ტაიმში ორი იძულებითი შეცვლის გაკეთება მოუწია: ლევან კაკუბავამ და გიორგი ქავთარაძემ მოედანი ტრავმების გამო დატოვეს.

შესვენების შემდეგ კი აბსოლუტურად სხვა თამაში წავიდა: სტუმრები, ვიდრე დაიღლებოდნენ (აი, რას ნიშნავს, "ზუგდიდმა" სეზონისწინა შეკრება რომ ვერ გაიარა), მეტ-ნაკლებად წინააღმდეგობას უწევდნენ ლამის მთელი გუნდით შეტევაზე გადასულ მასპინძლებს; თუმცა, ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ მასპინძლების თავკაცის ერთობ სარისკო ნაბიჯმაც 100 პროცენტით გაამართლა.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, "მეტალურგს" პირველ ტაიმში ორი იძულებითი შეცვლა ჰქონდა გაკეთებული, თუმცა გელა სანაიამ შესვენებაზე გამოიყენა უკანასკნელი შეცვლის უფლება და, როგორც აღმოჩნდა, მატჩის ბედიც ამ სარისკო ნაბიჯმა გადაწყვიტა. შეცვლაზე კი გოგა ფიფია შემოვიდა, რომლის ზეაქტიურ თამაშს სტუმართა მცველებმა ვერაფერი დაუპირისპირეს.

შეგახსენებთ, რომ ოთხი დღის წინ, ფოთის "კოლხეთთან" სათასო მატჩში სწორედ გოგა ფიფია გახლდათ "მეტალურგის" შემადგენლობაში ყველაზე აქტიური და მის ზუსტ გადაცემას მოჰყვა კიდეც პირველი გოლი. აი, 29 სექტემბერს კი შეცვლაზე შესულმა ჯერ სახიფათოდ დაარტყა, შემდეგ კი ჩინებულად გაერკვა სიტუაციაში, როცა მეტოქის საჯარიმოში მყოფმა მეურვესთან ორთაბრძოლისას ბოლომდე იბრძოლა და მეკარისგან ახლო კუთხეში ზუსტადაც დაარტყა - 1:0!

ამ გოლამდე კიდევ ის ეპიზოდია აღსანიშნავი, რევაზ გეწაძის მარცხენა ფლანგიდან შესრულებულ გამჭოლ გადაცემას შეტევაში ჩართულმა სერგი ორბელაძემ რომ ვერ მიუსწრო. თუმცა მასპინძლებმა მთავარი შეძლეს: "დაგეგმილი" სამი ქულა აიღეს და ზედა ექვსეულსაც დაუბრუნდნენ.

აი, რაც შეეხება თამაშის ხარისხს, "მეტალურგის" ქომაგთა ნაწილი ჯერჯერობით კვლავაც უკეთესის მოლოდინშია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

საქართველოს ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. VII ტური
დინამო-მერანი 4:2
დილა-სპარტაკი 3:1
სიონი-ჩიხურა 2:2
ზესტაფონი-გურია 1:0
Sportall.Ge
ბომბარდირები
ი. მოდებაძე (დილა) 5
დ. ტატანაშვილი (ჩიხურა) 5
ი. ქობალია (ზესტაფონი) 4

VIII ტური
6 ოქტომბერი, კვირა
ჩიხურა-სპარტაკი
გურია-დილა
ზუგდიდი-ზესტაფონი
ვიტ ჯორჯია-მეტალურგი
მერანი-ტორპედო
სიონი-დინამო
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული