რეორგანიზაცია "დინამოში": ტყავაძე მოხსნეს! მწვრთნელად გეგუჩაძე თუ ქეცბაია?

AutoSharing Option
"თბილისის "დინამოს" სპორტული დირექტორი გიორგი ტყავაძე დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლდა. საფეხბურთო კლუბი "დინამო" მადლობას უხდის მას გაწეული სამსახურისთვის და წარმატებებს უსურვებს მომავალ საქმიანობაში", - წერია თბილისის "დინამოს" 4 ოქტომბრის განცხადებაში, რომელიც კლუბის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსდა.

საერთოდ, ადამიანს მადლობას დაწინაურებით ან პრემიით უხდიან და არა - გათავისუფლებით, ხოლო უშვებენ მაშინ, როცა მისით უკმაყოფილონი არიან. ტყავაძე კი "დინამოსთვის" მნიშვნელოვანი ფიგურა იყო.

როცა გუნდის მთავარ მწვრთნელს დუშან უჰრინს ზაფხულის ტრანსფერებზე ვკითხეთ, ტყავაძისკენ ორჯერ გაიშვირა ხელი - მოთამაშეთა ჩამოყვანას ის წყვეტსო...

თუმცა ტყავაძემ, ორიოდე დღის
წინათ, "გეოსპორტთან" ინტერვიუში ესეც უარყო და გავრცელებული ხმებიც, თითქოს გიორგი მერებაშვილს ხელფასის განახევრება მოსთხოვა.

ტყავაძემ ერთი საინტერესო განცხადებაც გააკეთა:

"ვერ ჩავერევი მთავარი მწვრთნელის ფუნქციებში. ამ კლუბს ჰყავს პრეზიდენტი, ჰყავს დირექტორი და მრჩეველთა საბჭო.

აქედან გამომდინარე, ძალიან ბევრი გადაწყვეტილება ამ ადამიანებისგანაც მოდის. ამიტომ, ყველა გადაწყვეტილება ჩემგან ერთპიროვნულად არ მოდის - ეს, უბრალოდ, აბსურდია!

ჩემი მხრიდან, გიორგი მერებაშვილის მიმართ ზეწოლა არ ყოფილა. ხოლო თუ ვისი მხრიდან მოხდა - მწვრთნელის, მრჩეველთა საბჭოს, პრეზიდენტის თუ კლუბის დირექტორისგან, ეს უკვე თქვენ გაარკვიეთ".


მანამდე, "დინამოში" კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკადრო ცვლილება მოხდა: 19 სექტემბერს კლუბის დირექტორის პოსტი სანდრო შახოვმა დატოვა. ოფიციალური ვერსიით, ეს "დინამოს" პრეზიდენტ რომან ფიფიასა და შახოვს შორის შეთანხმების საფუძველზე მოხდა. გაწეული სამსახურისთვის მადლობა მასაც გადაუხადეს და შემცვლელად მამუკა მახათაძე დანიშნეს.

"დინამო" გადაწყვეტილების მიზეზს არ ასახელებს. კომენტარი არც ტყავაძეს გაუკეთებია, თუმცა ცნობილი გახდა, რომ წასვლამდე ისიც შეხვდა ფიფიას და გადაწყვეტილება ამის შემდეგ მიიღო.

ამ საკითხში სიცხადეს თავად "დინამოს" პრეზიდენტი თუ შეიტანს. მანამდე კი გავრცელდა ვერსია, თითქოს თბილისის "დინამოს" გია გეგუჩაძე ჩაიბარებს.

გამოჩნდა, რომ "დინამო" მზად არ იყო ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოსახვედრად, რასაც ფიფია ითხოვდა. პირველად, სწორედ მაშინ ითქვა, თითქოს, გეგუჩაძე "დინამოში" კი მიიწვიეს, მაგრამ მუშაობის დაწყების ერთ-ერთ წინაპირობად კლუბიდან ტყავაძის წასვლა დაასახელა.

სხვა ვერსიით კი, შესაძლოა, თბილისის "დინამოში" მუშაობა თემურ ქეცბაიას შესთავაზონ.

მოკლედ, ჯერ ბევრი დაუზუსტებელი ინფორმაციაა და მომავალი გამოაჩენს, რა არის მართალი და რა - ჭორი. ისიც სათქმელია, რომ უჰრინს "დინამოსთან" ისეთი კონტრაქტი აკავშირებს, ასე ადვილად ვერ გაუშვებენ.

მაგრამ ხომ გაგიგიათ - "არასოდეს თქვა - "არასოდეს!".

კიდევ ერთი ვერსია ტყავაძის სავარაუდო შემცვლელს შეეხება. როგორც ამბობენ, "დინამოს" ახალი სპორტული დირექტორი იქნება ირაკლი ვაშაკიძე, რომელიც გუნდში სატრანსფერო საკითხების მოსაწესრიგებლად მიიწვიეს.

სამწუხაროდ, მასთან დაკავშირება და კომენტარის ჩაწერა ვერ მოხერხდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
გაუშვით ქეცბაია დინამოში.ერთხელაც აიღოს თავზე დარტყმა დინამომ,მოგვაცილოს ეს კაცი.
kola
16:47 05-10-2013
0
დანიშნეთ მელოტი და აკეტებიეთ ფულები წავიდეს და მერე ააშენოს კიპრში თავისი საფეხბურთო აკადემია ჯერ ნაკრებში რა მაყუთს შოულობს დინამოში 2 ჯერ მეტს იშოვის ჯობია ისევ გია და იცის გიამ დინამოს შიდა სამზარეულოში რაა ხდება ტან ნამუშევარიც აქვს
tijana513
00:11 06-10-2013
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული