საჩხერის "ჩიხურამ" ცხინვალის "სპარტაკი" ქუთაისში მიიღო, ლანჩხუთის "გურიამ" გორის "დილა" - ქობულეთში, "ზუგდიდმა" "ზესტაფონი" - განმუხურში, თბილისის "ვიტ ჯორჯიამ" რუსთავის "მეტალურგი" - "მცხეთა-პარკზე", მარტვილის "მერანმა" ქუთაისის "ტორპედო" - სამტრედიაში, ხოლო ბოლნისის "სიონმა" თბილისის "დინამო" - რუსთავში...
თბილისის "ვიტ ჯორჯიას" სიტუაცია გასაგებია - მას მცხეთაში აქვს სტადიონი. "ზუგდიდსაც", სტადიონის დანგრევის შემდეგ, არენა განმუხურში მოუწყვეს, მაგრამ საკუთარ ქალაქში თამაშს ხომ მაინც სხვა ხიბლი აქვს და
შესაძლოა, მაგალითად არ გამოდგეს "გურია", რომელმაც ოთხივე საშინაო შეხვედრა ქობულეთში მოიგო და თანაც, ყველა - ძლიერ მეტოქეებთან: 1:0 "მერანთან", 2:1 "დინამოსთან", 3:1 "მეტალურგთან" და ბოლოს 2:0 "დილასთან". მაგრამ მატჩის შემდეგ გუნდის მთავარი მწვრთნელი რომან პოკორა და ფეხბურთელები მაინც ერთხმად ამბობდნენ - საკუთარ სტადიონზე თამაში გვირჩევნიაო.
"ქობულეთის სტადიონი ძალიან კარგად დაგვებედა, აქ ოთხიდან ოთხი მატჩი მოვიგეთ, მაგრამ როგორც ყველა ადამიანს ყველაზე კომფორტულ სასტუმროს საკუთარ ჭერქვეშ ცხოვრება ურჩევნია, ისე ვართ ჩვენც.
ლანჩხუთელი გულშემატკივარი დიდი ძალაა და იმედია, ამ პრობლემას მალე მოევლება", - ამბობს "გურიას" მცველი თენგიზ ჩიკვილაძე.
ლანჩხუთის ევგრაფი შევარდნაძის სახელობის სტადიონის რეკონსტრუქცია 2012 წლის დასაწყისიდან მიმდინარეობს და იმედი ჰქონდათ, რომ უმაღლეს ლიგაში დაბრუნებულ "გურიას" თამაში განახლებულ სარბიელზე მოუწევდა.
შეგახსენებთ, რომ ლანჩხუთის მთავარ არენას ბოლოს რეკონსტრუქცია ზუსტად 27 წლის წინ, 1986 წელს ჩაუტარდა, როცა "გურია" საბჭოთა კავშირის უმაღლეს ლიგაში გადავიდა.
ახლა სტადიონზე მინდვრის საფარი, სადრენაჟე და სარწყავი სისტემები თანამედროვე მოწყობილობებით შეცვალეს. ჩრდილოეთის ტრიბუნა სრულად მოშალეს, რადგან ამორტიზირებული იყო, დასავლეთ და აღმოსავლეთ ტრიბუნებზე კი 7 000-მდე ინდივიდუალური სკამი დაამონტაჟეს. თუმცა ახალი გასახდელებისა და მსაჯთა ოთახების მშენებლობა-რემონტი გაიწელა. სწორედ ამიტომ ფეხბურთის ფედერაციამ ლანჩხუთელებს შინ მატჩების ჩატარების უფლება არ მისცა.
"ლანჩხუთის სტადიონის რეკონსტრუქცია დაგეგმილზე დიდხანს გრძელდება. უამინდობამ შეგვიშალა ხელი, თორემ სამუშაოები აქამდეც უნდა დასრულებულიყო.
სავარაუდოდ, ყველაფერს ოქტომბერში მოვრჩებით და სტუმარ გუნდებს 3 ნოემბრიდან ვუმასპინძლებთ", - გვითხრა ლანჩხუთის მინიციპალიტეტის გამგებელმა ზაზა ურუშაძემ.
ლანჩხუთელთა მდგომარეობა "მერანისთვის" სანატრელია - გუნდს მარტვილში მასპინძლობის უფლება არ აქვს და ჯერ არ იციან, როდის დაადგება საშველი სტადიონის რეკონსტრუქციას.
ჰქონდათ იმედი, რომ ფეხბურთის ფედერაცია 2013 წლის გეგმაში მარტვილის სტადიონის საფარის შეცვლასაც შეიტანდა, მაგრამ სახელმწიფოს მხრიდან ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსების შემცირების გამო ფედერაციამ ახალი მშენებლობები ვერ წამოიწყო.
ბოლნისშიც წლეულს სტადიონის გარემონტებისა და "სიონის" მშობლიურ არენაზე დაბრუნების შანსი მიზერულია, რადგან კლუბის ბიუჯეტი უკვე ამოწურულია, საფარისა და სადრენაჟე სისტემის შეცვლას კი გვარიანი თანხები (მინიმუმ 450 ათასი ლარი) სჭირდება.
ჯერჯერობით სიახლე არც საჩხერეშია და "ჩიხურაც" საშინაო თამაშებს კვლავ ნეიტრალურ მოედანზე გამართავს.
არადა, ჩვენს ჩემპიონატს ისედაც არ ჰყავს მაყურებელი და როცა გუნდები საკუთარი ქალაქებიდან გადიან, მათ მიმართ ინტერესი კიდევ უფრო მცირდება. ცარიელი ტრიბუნების წინაშე თამაში კი ფეხბურთელისთვის სასიამოვნო ნამდვილად არ არის.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"