სამტრედია ინციდენტს ვერ გადაურჩა

AutoSharing Option
სამტრედიაში მატჩი ისე არ ჩაივლის, რაიმე ინციდენტი არ მოჰყვეს. ხან მასპინძლები არიან მსაჯობით უკმაყოფილონი, ხანაც - სტუმრები. იმერლები დავიდარაბას ახლაც ვერ ასცდნენ. ამჯერად მსაჯების მიმართ პრეტენზიები დინამოელებს ჰქონდათ.

ადგილობრივი გულშემატკივრები კი თამაშის ბოლოს მეტოქე ფეხბურთელებს შემოსწყრნენ და, შეურაცხმყოფელ შეძახილებს ვინ დაეძებს, მოედანზე პლასტსმასის ბოთლებიც ისროლეს. სამტრედიაში სტადიონი ბოლომდე ივსება და გულშემატკივრები მოთამაშეებს საფეხბურთო გარემოს უქმნიან, მაგრამ ზოგიერთების უკონტროლო ქმედება ზღვარს სცდება, რითაც უპირველესად სწორედ ”სამტრედია" ზარალდება - გუნდი, რომელიც ფინანსური გაჭირვების მიუხედავად დიდი ბრძოლისა და თავდადების ფასად აგროვებს ქულებს. მასპინძლებმა
ამ მატჩშიც შესაშური ბრძოლისუნარიანობა გამოიჩინეს და ვერავინ იტყვის, რომ დაუმსახურებელი გამარჯვება მოიპოვეს. ”დინამომ" კი, ალბათ, ამ სეზონში ერთ-ერთი უსუსტესი მატჩი ჩაატარა.
თუ რა პრეტენზიები ჰქონდათ დინამოელებს და რამ გააბრაზა ადგილობრივი ქომაგები, ამაზე ქვემოთ, ახლა კი მატჩის მიმდინარეობას მივყვეთ.

სამტრედიაში ”დინამოს" სტუმრობა განსაკუთრებული მოვლენაა და მატჩმა, მოლოდინისამებრ, დიდი ინტერესი გამოიწვია. სავსე ტრიბუნებისგან გამხნევებულმა მასპინძლებმა პირველი სახიფათო მომენტიც შექმნეს. კაკალაძემ საჯარიმოში შეაგდო ბურთი, რომელიც დინამოელებმა უხეიროდ მოიგერიეს. გამოვარდნილ ბურთს ბაკურაძემ შეუჩერებლივ დაჰკრა და მარცხენა ძელს ოდნავ ააცილა. დინამოელებმა ცოტა ხანში მეტრეველის სახიფათო დარტყმით უპასუხეს. მასპინძელთაგან ჩომახიძე-კაკალაძის დუეტი იყო გამორჩეული. კაკალაძე ბევრს იბრძოდა, ჩომახიძე კი თანაგუნდელებს უზუსტესი პასებით ამარაგებდა. სწორედ მათი აქტიურობის შემდეგ მიუვიდა ბურთი კვერენჩხილაძეს, რომელიც საჯარიმოში პასს აპირებდა, მაგრამ ბურთი კოშკაძეს მოხვდა ხელზე და არბიტრმა პენალტის ნიშნულისკენ მიუთითა. დინამოელებმა თერთმეტმეტრიანი კი გააპროტესტეს, მაგრამ ამაოდ. ბაკურაძემ აუღელვებლად გაიტანა და სამტრედიელები დააწინაურა-1:0.

გაშვებულმა გოლმა დედაქალაქელები დააბნია, მასპინძლებმა კი მორიგი სახიფათო ეპიზოდი შემოგვთავაზეს. ჩომახიძე-კაკალაძე-კვერენჩხილაძის კომბინაციის შემდეგ ეს უკანასკნელი შემობრუნებით ურტყამდა, მაგრამ ბურთმა მარჯვენა ძელს ჩაუქროლა. მცირეოდენი დაბნეულობის შემდეგ სტუმრებიც გამოცოცხლდნენ, ედნილსონიოს საჯარიმო დარტყმა ძაგანიამ ნახტომში მოიგერია. ცოტა ხანში სამტრედიელთა ახოვანი მეკარე ვაწაძის დარტყმასაც გადაეღობა. ტაიმის ბოლოს მეტოქეებმა თითო სახიფათო მომენტი გაცვალეს. ქებაძის ძლიერი დარტყმა ლორიამ მოიგერია, კაკალაძე დამატებას ცდილობდა, მაგრამ მცველებმა მდგომარეობა განმუხტეს. სულ ბოლოს ვაწაძემ თავით დაუგდო ედნილსონს, რომლის დარტყმულიც მცირედით ასცდა მიზანს.

მეორე ტაიმში "დინამო" ტერიტორიულ უპირატესობას კი ფლობდა, მაგრამ სამტრედიელები გაცილებით სახიფათოდ უტევდნენ. 52-წუთზე ჩომახიძის ჩაწოდებული საჯარიმოს შემდეგ ლორია გამოსვლაზე შეცდა, შეცვლაზე შესულმა სოსელიამ ბურთი დაუცველი კარისკენ თავით გაგზავნა, მაგრამ ოდნავ ააცილა. სამიოდე წუთში ბაკარანძე მარჯვენა ფლანგზე რამდენიმე მცველს გასცდა და კვერენჩხილაძეს პენალტის ნიშნულთან დაუგორა, მაგრამ მან ბურთის დამუშავებას დიდი დრო მოანდომა და მცველებმა დარტყმა აღარ დაანებეს. ამის შემდეგ "დინამომაც" გამოიღო ხელი და სწორედ აქ მოხდა კიდევ ერთი სადავო ეპიზოდი. 64-წუთზე კოშკაძის ჯარიმის შემდეგ ვაწაძემ სახიფათოდ დაარტყა და ძაგანიამ კუთხურზე მოიგერია ბურთი. კუთხურს სამტრედიელთა კართან არეულობა მოჰყვა, საბოლოოდ მეტრეველმა დაარტყა და გაიტანა. არბიტრმა ხელი ცენტრისკენ გაიშვირა და რადგან, მეტრეველი თამაშგარეში არ იყო, ყველას ეგონა, რომ გოლი ჩაითვალა, მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, ხარიტონაშვილს მეტრეველი დაუჯარიმებია... ამას თბილისელთა დიდი მღელვარება მოჰყვა. თამაშის შემდეგ "დინამოს" მმართველმა დირექტორმა გიორგი ტყავაძემ აღნიშნა, - ატრბიტრმა გოლი ჯერ დააფიქსირა, მაგრამ შემდეგ გაახსენდა, ”დინამოსთვის" გოლი რომ არ უნდა ჩაეთვალა და გადაწყვეტილება შეცვალაო.

თამაზ სამხარაძის დამოძღვრილი გუნდი ანგარიშის გათანაბრებას ცდილობდა, მაგრამ დინამოელებს სწრაფი და კომბინაციური თამაში არ გამოსდიოდათ. ამასობაში მოედანზე ფირცხალავა გამოჩნდა, რომელიც კარგად ჩაერთო თამაშში, მისი დარტყმული ბურთი ჯერ მცველს მოხვდა, რიკოშეტის შემდეგ კი კარს ასცდა. გელა სანაიამ მოედნიდან კვერენჩხილაძე და კაკალაძე გაიყვანა და მთელი აქცენტი დაცვაზე გადაიტანა. ”დინამო" კი ისევ საჯარიმოში მაღალი ჩაწოდებებით ცდილობდა ფონს გასვლას.

მატჩის ბოლოს სამტრედია ტრადიციულ აურზაურს ვერ გადაურჩა. ორთაბრძოლისას ერთ-ერთმა სამტრედიელმა ტრავმა მიიღო, გულშემატკივრები ხმალაძისგან ბურთის გადაგდებას ითხოვდნენ, მაგრამ მან მეტოქის საჯარიმოში ჩააწოდა, საიდანაც სამტრედიელებმა რის ვაი-ვაგლახით გამოიტანეს ბურთი. ამის შემდეგ ხმალაძეს ბაკურაძე მიეჭრა, განრისხებულმა ფანებმა კი მოედანზე პლასტმასის ბოთლები ისროლეს. მატჩის ბოლოს კიდევ ერთი "ცხელი ეპიზოდი" იყო. მსაჯის მიერ დამატებული მეოთხე წუთი იწურებოდა, როცა ვაწაძე მცველებთან ჭიდილში მეტოქის საჯარიმოში დაეცა. დინამოელები პენალტს ითხოვდნენ... მსაჯის სასტვენის ხმა მართლაც გაისმა, მაგრამ ეს არა პენალტის მანიშნებელი, არამედ საფინალო აღმოჩნდა... არბიტრის ამ გადაწყვეტილებამ დინამოელები ძალიან გააგულისა, ისინი მსაჯებთან მივარდნენ და ახსნა-განმარტებებს ითხოვდნენ...

გიორგი ტყავაძე: ”ეს ყველაფერი ”დინამოს" წინააღმდეგ მიზანმიმართულად ხდება. ამაში თავად ფანიაშვილია ჩართული. სპეციალურად გვინიშნავენ ხარიტონაშვილს, რომელიც მის დავალებებს სხვებზე უკეთესად ასრულებს. ასეთი ამბები იმ ავადსახსენებელი მხედრიონის დროს არ ხდებოდა. ვაპირებთ პროტესტის დაწერას, ალბათ არბიტრს დასჯიან და ქვედა ლიგაში ამსაჯებენ, მაგრამ ამით ჩვენ ქულებს არავინ დაგვიმატებს.”

გელა სანაია: ”ბიჭებმა იბრძოლეს, თავი დადეს და მეტად საჭირო გამარჯვება მოიპოვეს. ცუდმა მინდორმა არც ჩვენ და არც დინამოს სანახაობრივი ფეხბურთის თამაშის საშუალება არ მოგვცა, მაგრამ შეხვედრას დაძაბულობა არ აკლდა. ძირითადად ბრძოლისუნარიანობის წყალობით მოვიგეთ."


სამტრედია-დინამო 1:0
სამტრედია. ე. მანჯგალაძე: 2000 მაყურებელი
1:0 ბაკურაძე (21. პენ.)

სამტრედია დინამო
4-4-2 4-4-1-1
ძაგანია ლორია
კუპრეიშვილი კახელიშვილი
გოგია კაკუბავა
ხუმარაშვილი თომაშვილი
კირთაძე ხმალაძე
ჩომახიძე ედნილსონი
ქებაძე კოშკაძე
ბაკურაძე ლექვთაძე
ბაკარანძე თექთურმანიძე
კვერენჩხილაძე ვაწაძე
კაკალაძე მეტრეველი

სამტრედია
35. კუპრეიშვილი - სოსელია
75. კვერენჩხილაძე-კირკიტაძე
79. ბაკარანძე-პავლიაშვილი
სათადარიგოები: ჯინჭარაძე, ტყემალაძე, გუჩუა, ეცადეიშვილი.

დინამო
56. ლექვთაძე-ჯუისი
70. თექთურმანიძე-ფირცხალავა
78. მეტრეველი-ქანთარია
სათადარიგოები: შეყრილაძე, გველესიანი, ოთარაშვილი, მამუჩაშვილი.

გაფრთხილება: სოსელია (61), ბაკურაძე (67), ფირცხალავა (89), კირკიტაძე (90)

არბიტრი: დ.ხარიტონაშვილი

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული