ლაშა კასრაძე: ჩვენს ჩემპიონატში შარშან მეტი სოლიდურობა იყო

AutoSharing Option
მიუხედავად იმისა, რომ "ვიტ ჯორჯიას" კარგი დროება არ უდგას, გუნდი ჯერჯერობით ნორმალურად გამოდის მიმდინარე ეროვნულ ჩემპიონატში, მეექვსე ადგილზეა და უკან გორის "დილა" და "ზესტაფონიც" ჰყავს მოტოვებული.

როგორ ახერხებს ამ ყველაფერს "ვიტ ჯორჯია"? პასუხი მარტივია - გუნდში ჯერაც შემორჩენილია რამდენიმე კვალიფიციური ფეხბურთელი, რომელთაც გამოცდილებაც უმაგრებთ ზურგს.

ერთ-ერთი ასეთი ფეხბურთელია 24 წლის ლაშა კასრაძე. ის ისეთი მცველია, ბურთი რომ "იცის", იშვიათად აკეთებს "პადკატს", წართმევაც ეხერხება და პოზიციური თამაშიც, თავითაც ნორმალურად ირჯება და თუ საჭირო გახდა, საყრდენი ნახევარმცველის ფუნქციასაც გაართმევს თავს.

წინა ტურში
"ვიტ ჯორჯია" "ზესტაფონს" ესტუმრა და ქულას გამორჩა (1:1). მარგველთა კარში საპასუხო გოლი სწორედ კასრაძემ გაიტანა.
იხილეთ ვიდეო

Sportall.Ge

"შედეგით მთელი გუნდი კმაყოფილი ვართ. ჩვენი მთავარი მწვრთნელის, ზურაბ ბერიძის დავალება იყო, რომ ჩვენსავე ნახევარზე უნდა დავხვედროდით მოწინააღმდეგეს და ზონები გადაგვეკეტა. ამ ტაქტიკამ გაამართლა და ქულაც ავიღეთ", - გვითხრა კასრაძემ, რომელსაც რამდენიმე კითხვაც დავუსვით...

- თქვენ მიერ გატანილ გოლზეც გვითხარით. ეს ვარჯიშებზე დამუშავებული კომბინაციის შედეგი იყო?
- არა, უბრალოდ, სიტუაციის მიხედვით ვიმოქმედეთ. გიორგი კორიფაძემ ჯარიმა ჩააწოდა, პენალტის ნიშნულთან დასწრებაზე ვითამაშე და თავით დავარტყი კარში. ეს იყო და ეს.

- ფრე ლოგიკურ შედეგად მიგაჩნიათ? თამაში ვისი უპირატესობით მიმდინარეობდა?
- ტერიტორიული უპირატესობა, ბურთის ფლობის ხანგრძლივობა "ზესტაფონის" მხარეს იყო, თუმცა მასპინძლებს ბევრი სახიფათო მომენტი არ შეუქმნიათ, გოლიც სტანდარტული სიტუაციიდან გაგვიტანეს.

- "ვიტ ჯორჯიას" ბოლო დროს პრობლემები შეექმნა და საინტერესოა, პირველ რიგში რის ხარჯზე ახერხებს გუნდი კონცენტრაციის შენარჩუნებას?
- ბიჭები ერთმანეთს გვერდში ვუდგავართ. ჩვენი მიზანია, ფორმა შევინარჩუნოთ და მერე კარგ გუნდებში გადავიდეთ. პირადად მე, "ვიტ ჯორჯიაში" კმაყოფილი ვარ, ამ კლუბში ჩამოვყალიბდი ფეხბურთელად.

- "ვიტ ჯორჯიას" მეორე გუნდში ხშირად გითამაშიათ საყრდენ ნახევარმცველად, პირველ გუნდში კი ამ ფუნქციის შესრულება იშვიათად გიწევთ. უფრო რა ამპლუაში ხედავთ საკუთარ თავს?
- თუ გუნდს საყრდენ ნახევარმცველად დავჭირდები, ამ პოზიციაზეც უპრობლემოდ ვითამაშებ.

- მიმდინარე სეზონში "ვიტ ჯორჯიას" შედეგსა და თამაშის ხარისხზე რას იტყოდით?
- ამ სეზონში ისე ვთამაშობთ, ჩავარდნა არ გვქონია. ქუთაისში "ტორპედოსთან" 1:4 კი დავმარცხდით, მაგრამ ეს უფრო უიღბლობის ბრალი იყო. ნამდვილად არ გვქონდა წასაგები თამაში, მით უმეტეს - ამ ანგარიშით.

- ეს ჩემპიონატი, ცოტა არ იყოს, უცნაურად მიმდინარეობს. ბევრი მოულოდნელი შედეგი ფიქსირდება და სტაბილური გუნდიც ძალიან ცოტაა...
- ჩემი აზრით, წინა სეზონთან შედარებით, წელს სუსტი ჩემპიონატია. შარშან უფრო მეტი სოლიდურობა იყო.

- "ვიტ ჯორჯიაში" როგორ ხედავთ საკუთარ პერსპექტივას?
- კონტრაქტი ამ სეზონის დასრულების შემდეგ მიმთავრდება. სავარაუდოდ, საშუასეზონო პერიოდში მივიღებ გადაწყვეტილებას.

- ფაქტია, "ვიტ ჯორჯიაში" არაერთი ისეთი ფეხბურთელია, მოწინავე ქართულ გუნდებს რომ მოუხდებოდათ...
- გიორგი ჯანელიძე, გურამ ადამაძე... "ვიტ ჯორჯიაში" მართლა არიან ისეთი ფეხბურთელები, რომლებიც მზად არიან უკეთეს გუნდში გადასასვლელად.

- და ერთიც: ხელოვნურ საფარზე რომ ვარჯიშობთ და ატარებთ საშინაო შეხვედრებს, ეს ხელისშემშლელი ფაქტორი ხომ არ არის?
- არანაირად. ფეხბურთელები ამით უკმაყოფილონი არ ვართ, მინდორზე გადასვლა არ გვიჭირს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ზესტაფონი-ვიტ ჯორჯია 1:1 - ენერგიული ფრე [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 1 /
კასრა, საქართველოს ჩემპიონატის ერთ-ერთი საუკეთესო ცენტრალური მცველია .
Tengo
14:50 22-10-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული