გიორგი ხიდეშელი: მთავარია, ქუთაისის "ტორპედო" "ზესტაფონივით" არ მოიქცეს

AutoSharing Option
გიორგი ხიდეშელმა ეროვნული ნაკრების ფორმა 18 წლის ასაკში მოირგო და ბოლო წლების ერთ-ერთი უნიჭიერესი მცველის სახელიც დაიგდო.

მაგრამ მას უკანასკნელი ორი წელიწადი გაუცდა. დიდი სირთულეების მიუხედავად, ხიდეშელი მოედანს დაუბრუნდა და ნელ-ნელა ფორმის აღდგენაც მოახერხა.

ქუთაისის "ტორპედოს" წარმატებულ (ყოველ შემთხვევაში - აქამდე) სეზონში ის მნიშვნელოვან როლს ასრულებს.

- სერიოზული წინსვლის შემდეგ ქუთაისის "ტორპედომ" ბოლო ორ ტურში მხოლოდ ქულა მოიპოვა. "დინამოსთან" წაგებისთვის ვერავინ დაგძრახავთ, მაგრამ "სიონთან" რა დაგემართათ? მეტოქე ვერ დააფასეთ?
- ჩვენ ლიდერებში ვიყავით, "სიონი" კი - აუტსაიდერებში, მაგრამ ბოლნისელებს საკმაოდ
ძლიერი გუნდი და გამოცდილი ფეხბურთელები ჰყავთ. თან, თამაშიც წაუვიდათ და ასეც ვერ ვიტყვი, რომ 2 ქულა დავკარგეთ. ეს გუნდი ფორმაში რომ შევა, კიდევ ბევრს გაამწარებს.

"დინამოსთან" წაგება კი ძალიან დასანანი იყო. ეტყობა, ბოლო 15 წუთში რაღაც დავაკელით და ეს უნდა გავაანალიზოთ. ბოლომდე ვერც დავალებები შევასრულეთ და ვერც ვიაქტიურეთ, თორემ მეორე ბურთი რომ გაგვეტანა, მატჩი ჩვენთვის სასურველი შედეგით დასრულდებოდა.

ისიც უნდა ვთქვა, რომ "დინამომ" გამოცდილების ხარჯზე გვაჯობა - ჩვენი ფეხბურთელების საშუალო ასაკი 21 წელია, მაშინ, როცა "დინამოში" ლამის ყველა გამოცდილი მოთამაშეა და ცხადია, მატჩის შედეგზე გავლენა ამანაც იქონია.

- ახალ გუნდში გადასვლა ყოველთვის სირთულეებს უკავშირდება. თქვენთვის "ზესტაფონი" ლამის მშობლიურ კლუბად იქცა და "ტორპედოს" როგორ შეეჩვიეთ?
- ადაპტაცია უპრობლემოდ მოხდა, მიუხედავად იმისა, რომ "ზესტაფონს" მართლა ძალიან შევეჩვიე, იქ 8 წელი ვთამაშობდი და ეს გუნდი ჩემთვის ყოვეთვის სასიამოვნო მოგონებად დარჩება - თამაში ხომ იქ დავიწყე.

რა მოხდა და რატომ წამოვედი, ამაზე ლაპარაკი არ მინდა, მაგრამ ჩემს ნაბიჯს გამართლებულად მივიჩნევ. ახლა მოვხვდი ძალიან კარგ ხალხთან, რომლებმაც ხელი შემიწყვეს - მე ხომ ბოლო ორი წელი არ მითამაშია. ახალგაზრდულ ნაკრებშიც ვყოფილვარ და ეროვნულშიც, მაგრამ ასეთ მდგომარეობაში მყოფ ფეხბურთელს ყველა ვერ ენდობოდა.

აქვე ვიტყვი: ჯვარედინი იოგების ოპერაცია საზღვარგარეთ გავიკეთე, რაც ძალიან ძვირი სიამოვნებაა. მთელი ცხოვრება არ დამავიწყდება, რა როლი ითამაშეს ჩემმა ოჯახმა და მეგობრებმა იმაში, რომ ფეხბურთში დავბრუნდი... ისე, ბედის ირონია იყო - ორწლიანი პაუზის შემდეგ პირველი შეხვედრა აგვისტოში "ზესტაფონთან" რომ ჩავატარე.

ჯერ ვერ ვარ კარგ ფორმაში და ეს ბუნებრივიცაა, რადგან შეკრება არ გამივლია. ამის გარეშე სეზონის სრულყოფილად ჩატარება ძალიან ძნელია. ორი წელიწადი რომ გაგიცდება, ძველებურად საქმის კეთება ნებისმიერ სფეროში გაგიძნელდება, მაგრამ თამაშებით თავდაჯერებულობა მიბრუნდება.

- მოედანზე დაბრუნებულს ტრავმის შიში არ გქონდათ?
- არანაირი შიში არ მქონია! სწორედ ამან მიშველა და კიდევ იმან, რომ უფეხბურთოდ ცხოვრება არ მსურდა.

- ამ ყველაფრის შემდეგ მოხდა სასწაული და თემურ ქეცბაიამ ნაკრებში მიგიწვიათ, მეტიც - ესპანეთთან ძირითადშიც დაგაყენათ...
- ნდობისთვის მწვრთნელს მადლობას ვუხდი. ვერ ვიტყვი, რომ ჩემი თამაშით კმაყოფილი ვარ. ორწლიანი პაუზის შემდეგ მხოლოდ 7 შეხვედრა მქონდა ჩატარებული და... უცებ ესპანეთის წინააღმდეგ თამაში. რა თქმა უნდა, ურთულესი მატჩი იყო, მაგრამ, თუ არ ვცდები, ძალიან ცუდადაც არ გამოვიყურებოდი.

- რეალურად, ესპანელებს თავი არც მოუკლავთ...
- მოგება მათი პრესტიჟის საქმე იყო და საკუთარი გულშემატკივრების წინაშე ვალდებულებაც ჰქონდათ.

- 2007 წლის 5 ივნისს, თბილისში, ესპანეთის ახალგაზრდულმა ნაკრებმა, რომელშიც ხერარდ პიკე და ბოიაე კრკიჩი თამაშობდნენ, 1:0 მოიგო. მაშინ თქვენსა და ესპანელ ფეხბურთელებს შორის ასეთი დიდი სხვაობა არ იყო...
- მთავარი მიზეზი ჩვენსა და იმათ ჩემპიონატებს შორის უზარმაზარი სხვაობაა. ფეხბურთელი პრიმერა დივიზიონში რომ გაიზრდება, ასე ჩვენთან ვერ იქნება.

კარგი სავარჯიშო და პერსონალური პირობები, ბევრი დაძაბული და მაღალი დონის თამაში, სადაც იქნება მაღალი ტემპი - ეს არის სწორედ პროგრესის წინაპირობა. მაგალითად, "დინამო"-"ტორპედოს" მსგავსი წელიწადში 15 მატჩი მაინც რომ ჩავატაროთ, ბევრად უკეთეს დონეზე ვიქნებოდით და ცოტათი მაინც გვეშველებოდა. ამ დროს, ყველამ იცით, რაც ხდება.

შეურაცხყოფას არავის ვაყენებ, მაგრამ ორი წელია, ფეხბურთი არ მითამაშია და ახლა მოედანზე ყოველი გასვლა ჩემთვის ზეიმია. მაგრამ ძალიან ძნელია სრული მობილიზება ისეთ თამაშში, სადაც ოფლს ვერ გამოიდენ და ვალდებულიც ხარ, 3 ქულა მოიპოვო. ელემენტარულად, საფეხბურთო განწყობას ვერ შეიქმნი, როცა ტრიბუნაზე 20 კაცი ზის. ასეთ პირობებში, პროფესიულ ზრდაზე ლაპარაკი ზედმეტია. ფეხბურთელი, მაყურებლის გარეშე, საკუთარ შესაძლებლობებს ვერ ავლენს და სტიმული აკლდება, თამაშს კი - სანახაობა.

- ისეთ გუნდში მოხვდით, სადაც აქცენტი ახალგაზრდებზე აიღეს. "ზესტაფონშიც" ასე იყო. ამ ორი გუნდის მიდგომებში განსხვავებას თუ ხედავთ?
- დიდი განსხვავება არ არის. მთავარია, კლუბის მეპატრონემ დაიჯეროს, რომ მიზანი რეალურია და საამისოდ ყველაფერი გააკეთოს. ქუთაისში ამ გუნდს თუ შეინარჩუნებენ, დიდი მიზნის მიღწევა შესაძლებელი იქნება, რადგან "ტორპედოში" ნიჭიერი ბიჭები არიან.

"ზესტაფონშიც" ყველაფერი ასე იწყებოდა. 9 ფეხბურთელი "თბილისიდან" წაგვიყვანეს და ნორმალურ გუნდად ჩამოვყალიბდით, მაგრამ საბოლოოდ, რაღაც დაგვაკლდა და ევროპალიგაშიც ვერ მოვხვდით. არადა, ის გუნდი რომ შენარჩუნებულიყო, ბევრს მიაღწევდა.

- ყველას გაქცევაზე გეჭირათ თვალი და როგორ შეინარჩუნებდნენ?
- ამაზე ბიჭებს გვილაპარაკია და ვიცი, რა განწყობაც იყო, ვარაუდებით კი არ ვლაპარაკობ. უკეთესი პირობები რომ ყოფილიყო, არავინ წავიდოდა, მაგრამ უმრავლესობას ოჯახები გვყავდა და როცა სხვა კლუბი ბევრად მეტ ხელფასს გვთავაზობდა, ცხადია, ასეთ დროს ოჯახზეც ფიქრობ. გული კი მწყდება, რადგან "ზესტაფონი" ძალიან კარგი გუნდი იყო.

- ეტყობა, ილია კოკაიას ამხელა სახსრებიც არ ჰქონდა, თორემ გუნდის შენარჩუნება მასზე მეტად ვის ენდომებოდა?
- ამდენი არ ვიცი, მაგრამ მგონია, რომ გუნდში მწვრთნელებისა და ფეხბურთელების შენარჩუნება რეალური იყო და მინიმუმ, ევროპალიგაზე ვითამაშებდით.

Sportall.Ge

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
რა ცუდად არ გამოიყურებოდი ნეგრედომ გათრია
negredo
16:47 29-10-2013
0
negredo, "მაგარი" კაცი ხარ. აბა რა, ასეთი "სტიმული" უნდა მისცე ადამიანს, რომელიც 2 წელი ელოდა მოედანზე გასვლას. ბრავო "მაგარი" კაცი ხარ.
ziko
09:50 30-10-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული