მის ნაცვლად გუნდში დაბრუნებული გია გეგუჩაძე 3 ნოემბერს თამაშს ტრიბუნიდან ადევნებდა თვალს (მუშაობას ორშაბათიდან შეუდგება), "ზესტაფონი" კი მოედანზე დოსტანიჩის ასისტენტმა გიორგი მიქაძემ და დუბლშემადგენლობის მწვრთნელმა ლევან ბაჯელიძემ გაიყვანეს.
წინა მატჩის მსგავსად, ეს შეხვედრაც საკმაოდ დაბალ ტემპში დაიწყო. ტერიტორიულ უპირატესობას მასპინძლები ფლობდნენ, მაგრამ საწყის წუთებში სტუმართა ხუთკაციანი დაცვის გარღვევა და საგოლე მომენტების
ბოლნისელები თავს დიდი ძალებით იცავდნენ, ზონებიც კარგად ჰქონდათ გადაკეტილი, მაგრამ თანდათან მასპინძლების უპირატესობა გამოიკვეთა. თუმცა მე-17 წუთზე სწორედ ისინი გადაურჩნენ გოლს - შარიქაძემ საჯარიმოს მისადგომებიდან ბურთი "ცოცხალ კედელს" გადაატარა და იმ დროს, როცა მეკარე უძლური იყო, სტუმრები ძელმა იხსნა.
თამაში იმავე სცენარით გაგრძელდა. "ზესტაფონი" დროის უმეტეს ნაწილს შეტევებში ატარებდა, "სიონი" კი თავს იცავდა და თან ფორტუნაც სწყალობდა - თორნიკე გრიგალაშვილის ფლანგური ჩაწოდებისა და ლომიას უაღრესად სახიფათო თავურის შემდეგ ბოლნისელები კიდევ ერთხელ გადარჩნენ.
მასპინძელთა იერიშებს სიმწვავე თანდათან ემატებოდა. ყურადღების ცენტრში კვლავ თორნიკე გრიგალაშვილი და ლომია მოექცნენ - კომბინაციას ეს უკანასკნელი აგვირგვინებდა, მაგრამ გამოცდილმა მერლანმა სწორი პოზიცია შეარჩია და ზესტაფონელთა ახალგაზრდა ფორვარდს არ გაატანინა.
უნდა ითქვას, რომ "ზესტაფონი" წინანდელზე უკეთ გამოიყურებოდა და თითქოს გოლიც "მოამწიფა", მაგრამ...
ტაიმის მიწურულს თავად აღმოჩნდა რთულ მდგომარეობაში, როცა ერთ-ერთი სათამაშო ეპიზოდისას, თედორე გრიგალაშვილსა და კახელიშვილს შორის წაკინკლავების გამო არბიტრმა ორივეს ყვითელი ბარათი აუფრიალა. იმის გამო, რომ გრიგალაშვილისთვის ეს მეორე გაფრთხილება იყო, გიორგი ვადაჭკორიამ იქვე წითელ ბარათსაც სტაცა ხელი.
ზესტაფონელები კაცნაკლულნი დარჩნენ, მსაჯს კი გულშემატკივართა რისხვა და აგრესია დაატყდა თავს...
"ზესტაფონის" მწვრთნელთა დუეტი იძულებული გახდა, ნაადრევი ცვლილება განეხორციელებინა - ფორვარდ კუტალიას ნაცვლად მცველი გაგოშიძე შეიყვანა. პირიქით მოიქცნენ სტუმართა თავკაცები - თამაშის განახლებისთანავე, უგრეხელიძის ნაცვლად თამაშში ფორვარდი მიკუჩაძე ჩართეს.
ახლა ბოლნისელები გადავიდნენ შეტევაზე და პარუნაშვილის სახიფათო დარტყმული ხარიხას ოდნავ გადასცდა.
ზემოიმერლებმა ამას რენე ფერეირას ყუმბარისებური საჯარიმო დარტყმით უპასუხეს, თუმცა სამიზნე ვერც ბრაზილიელმა გაასწორა.
რამდენიმე წუთში მასპინძლები გადაურჩნენ გოლს - მარცხენა ფლანგიდან კახელიშვილის ჩაწოდების შემდეგ ბიბილეიშვილი ახლოდან თავით ურტყამდა, მაგრამ მცირედით ააცილა.
"სიონის" რიცხობრივი უპირატესობა მაინც არ იგრძნობოდა. "ზესტაფონმა" კიდევ ერთი, უაღრესად სახიფათო მომენტი შექმნა - მარცხენა ფლანგიდან კანდელაკის გადაცემის შემდეგ შარიქაძე ერთი შეხებით გზავნიდა ბურთს კარში, მაგრამ კვლავ საიმედოდ გაისარჯა მერლანი.
მატჩის ბოლო წუთებმა ორმხრივ შეტევებში ჩაიარა. გოლის გატანა ორივე გუნდს შეეძლო. ზესტაფონელთაგან ჭანტურიშვილსა და სამუშიას გაუცუდდათ მომენტები, სტუმართაგან კი განუგრავა და სვანიძე იყვნენ ახლოს მიზანთან, მაგრამ ორივე ეპიზოდში მეკარე კვასხვაძემ ივარგა და თავისიანებს ქულა გადაურჩინა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"