ოთარ ხიზანეიშვილი: "დილაში" მომავალ ბიუჯეტზე ისეთი ხმები მოდის...

AutoSharing Option
ისეთი გამოცდილი ფეხბურთელი, ვისაც საერთაშორისო დონეზეც უთამაშია, საქართველოს ჩემპიონატში ძალიან ცოტაა. სწორედ ასეთ უმცირესობაშია "დილას" 32 წლის მცველი ოთარ ხიზანეიშვილი, ვინც წლევანდელ ევროთამაშებზე გუნდში მართლაც გამორჩეული გახლდათ...

ოთარ ხიზანეიშვილს ბოლო დროს ტრავმა აწუხებდა და ეროვნულ ჩემპიონატში რამდენიმე მატჩი გამოტოვა, ახლა კი უკვე მწყობრშია.

"ხელოვნურ საფარზე ვარჯიშებს ჩემი მუხლი ვერ უძლებს. მუხლის უკან სითხე ჩამიდგა, რაც მის მუშაობას ხელს უშლიდა. სითხე ორჯერ ამომიღეს შპრიცით, მაგრამ კვლავ ხელოვნურზე ვარჯიშმა მაინც თავისი ქნა და უთამაშებლობაც ამის ბრალი იყო. ახლა თავს კარგად ვგრძნობ", -
გვითხრა ხიზანეიშვილმა.

მისი ტრავმა იმ პერიოდს დაემთხვა, როცა "დილას" ვერ წაუვიდა კარგად საქმე ეროვნულ ჩემპიონატში და ოთარს ამის მიზეზიც ვკითხეთ.

"თამაშები მოვიგეთ და სიტუაციაც დალაგდა. ფეხბურთში ასეა - როცა წარმატებებია, ატმოსფეროც კარგია.

ევროპალიგაზე ორი ეტაპის გადალახვის შემდეგ დიდ მოლოდინში ვიყავით, მაგრამ "რაპიდის" დამარცხება ვერ მოვახერხეთ და ფსიქოლოგიურად ამან ჩვენზე ცუდად იმოქმედა.

მერე გუნდიდან წავიდნენ ფეხბურთელები, ზოგმა ტრავმა მიიღო და ამის გამო გამოგვაკლდა... ყველაფერი ერთმანეთს გადაება და ამან გამოიწვია პატარა ჩავარდნა",
- განმარტავს ხიზანეიშვილი.

...ის 17 წლის იყო, პირველად რომ ითამაშა ეროვნულ ნაკრებში. ასეთი რამ კი იშვიათად ხდება. ხიზანეიშვილმა წლევანდელ ევროსარბიელზე დაგვანახვა, რომ ისევ შეუძლია საერთაშორისო დონეზე კარგად თამაში და ძალაუნებურად, იმაზეც დაგვაფიქრა - იქნებ ნაკრებისთვისაც მოეტანა სარგებლობა:

"ვარ თუ არა ისევ ნაკრებში თამაშის ღირსი, ეს მწვრთნელებმა და გულშემატკივრებმა უნდა თქვან. ჩემი მხრიდან კი ამაზე ლაპარაკი, ცოტა არ იყოს, უხერხულია.

ევროთამაშებისას შესაძლებლობების 90 პროცენტი ვაჩვენე. სხვა რა გითხრათ...

თუ ნაკრებში დამიძახებენ, დიდი სიამოვნებით ვითამაშებ. ეროვნულ გუნდში პირველად იოჰან ბოსკამპმა მათამაშა. წინა დღეს რომ გავიგე, ძირითადში მაყენებდა, ნერვიულობისგან მთელი ღამე არ მეძინა".


ხიზანეიშვილს ნაკრებში 20 მატჩი აქვს ჩატარებული და ვფიქრობთ, საინტერესოა, რა აზრისაა საქართველოს დღევანდელ ნაკრებსა და ეროვნულ ჩემპიონატზეც:

"ვერ ვიტყვი, რომ საქართველოს არ ჰყავს ფეხბურთელები. მიმაჩნია, რომ საქართველოს ნაკრებს დიდი პოტენციალი აქვს, უბრალოდ, რაც არის, იმის მაქსიმალურად გამოყენებაა საჭირო, მათ შორის - ფსიქოლოგიურად სწორი მიდგომაც.

თბილისში ესპანეთთან თამაში მომეწონა, ასეთი მაღალი დონის მოწინააღმდეგეს თითქმის არაფერი დავუთმეთ.

ჩემპიონატს რაც შეეხება, საქართველოში 12 წლის მერე დავბრუნდი. მაშინ თბილისის "დინამოში" ვთამაშობდი და იოლად ვამარცხებდით მეტოქეებს. ახლა ამ მხრივ მეტი დაძაბულობაა, თუმცა დონე დავარდნილია.

"ჩემპიონატი გვაქვს, ის ტარდება" - მარტო ამის თქმა და საქმისადმი ასეთი მიდგომა კარგს არაფერს მოგვიტანს. ქართულ ფეხბურთში ფული უნდა ჩაიდოს".


ხიზანეიშვილს ცალკე ვკითხეთ ვენის "რაპიდთან" დაპირისპირებაზე და ასეთ მნიშვნელოვან მატჩებში გამოცდილების ფაქტორზე:

"გამოჩნდა, თუ რა მნიშვნელობა აქვს ასეთ დონეზე თამაშისას თითოეულ ნიუანსს. ის, რაც შეიძლება გეპატიოს ეროვნულ ჩემპიონატში, არ გვაპატია "რაპიდმა".

თბილისში, პირველი ტაიმის დასრულებამდე 30 წამი რომ რჩებოდა, შეცდომა დავუშვით და ავსტრიელებმა გოლი გაგვიტანეს. თითქოს გასახდელში გაგვატანესო ეს გოლი და მერე უკვე ძალიან ძნელი იყო თამაშის შემობრუნება. ჯგუფში გასასვლელად სამი ბურთის გატანა გვჭირდებოდა".


გორის "დილას" დაცვის ცენტრში ხიზანეიშვილის მეწყვილე, 21 წლის მამუკა კობახიძეა და ოთარს მასზეც ვკითხეთ:

"კობახიძე ძალიან მომეწონა ევრომატჩებისას. მას დიდი ფეხბურთის თამაში შეუძლია და ამისთვის დრო, დახვეწა სჭირდება".

ხიზანეიშვილს, ისევე, როგორც "დილას" ყველა ფეხბურთელს, კლუბთან კონტრაქტი წლის ბოლო ეწურება. რა იქნება ამის შემდეგ?

"დიდი ალბათობით, "დილას" ისეთ ბიუჯეტს დაუმტკიცებენ, რომ გუნდი კვლავ მოწინავეთა შორის იყოს. ასეთი ხმები მოდის და ვნახოთ, რა იქნება"...


ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
მე რომ ფული მქონდეს, მოვითხოვდი რომ ჯერ მონდომება, სისწრაფე, თავდადება და პროფესიონალობის ნიშნები მენახა საქართველოს ჩემპიონატში. აი ამის შემდეგ დავიწყებდი ფულის გადახდას. ეს ის ბიზნესი არ არის ფული ჩადო და დაგიბრუნდეს. დაბრუნების ალბათობა ძალიან დაბალია, ამიტომ ჯერ მომდომება მერე ფული.
კობახიძე კარგი მცველია ოღონდ ის ბურთი ბოლო წამზე მისი უაზრო მოგერიების თუ პასის ბრალი იყო.
ramo
14:15 08-11-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული