ასეთი რამ 20 წელზე მეტია, არ მომხდარა. მაშინ "გურია" საკუთარ "ევგრაფი შევარდნაძეზე" თამაშობდა და ლანჩხუთელი ქომაგი რომ ბევრს ნიშნავს, ეს მეტოქეებმა ნეიტრალურ "ჩელე არენაზეც" იწვნიეს.
მოკლედ, რაც დრო გადის, "გურია" გამარჯებისკენ საოცარ სწრაფვას ავლენს და ამ სეზონში უკვე მეორე ისეთი თამაში შემოატრიალა, ანგარიში მეტოქეს რომ ჰქონდა გახსნილი.
უკვე მე-2 წუთზე
ასე იყო ამჯერადაც, თუმცა ხიფათს "მასპინძლები" პირველ ტაიმშივე ქმნიდნენ: ჯერ ჩიკვილაძის მიერ კარისკენ გაგზავნილ ბურთს თავი ვერავინ წაჰკრა; მალე უკვე შალამბერიძემ "გაისროლა" სახიფათოდ, რომელიც დაუშვილმა ვარდნაში მოიგერია და მცველს რომ არ ემარჯვა და ბურთი კუთხურზე არ გადაეგდო, ანგარიშის გათანაბრებას წინ ვერაფერი დაუდგებოდა;
ტაიმის ბოლოსკენ კი ვიტელთა მეკარემ ჯერ ისიანს არ მისცა გატანის საშუალება და ბურთი ხელებში გააქვავა, ხოლო შალამბერიძის დარტყმული მოიგერია.
მეორე ტაიმშიც მეტ ხიფათს "გურია" ქმნიდა. პირველი შემთხვევა გოლით დასრულდა - კოშკაძის ჩაწოდებულზე ყველას ისიანმა დაასწრო და ანგარიში გაათანაბრა - 1:1.
აქედან ზუსტად ნახევარ საათში, იმავე კოშკაძის გადაცემის შემდეგ, უკვე ჩიკვილაძემ გაიტანა და საკუთარ გუნდს გამარჯვება მოაპოვებინა - 2:1.
თუმცა ხიფათები მანამდეც შეიქმნა და ბოლო გოლის შემდეგაც: 64-ე წუთზე გურულები გადარჩნენ, როცა ბურთისკენ რამდენიმე სტუმარმა გაიწია და ერთ-ერთის თავიდან წასულ ბურთზე ბობღიაშვილს რეაგირება მეტად გაუჭირდებოდა;
მერე კოშკაძეს აუღო დაუშვილმა უძლიერესად დარტყმული, ხოლო დამატებაზე თანაგუნდელებმა ვერ ივარგეს; ერთხელ ისიანის უძლიერესი დარტყმა მცველს მოხვდა, თორემ არავინ იცის, სახიფათოდ დარტყმულს დაუშვილი რას მოუხერხებდა; ხოლო ჯანელიძის კარგი გარღვევისას მოედანზე ახალშესულმა კუხალეიშვილმა მატჩის გადარჩენის ბოლო იმედიც ქარს გაატანა.
საბოლოოდ, 2:1 და ზედიზედ მე-6 საშინაო მოგებით "გურიამ" დიდი ნაბიჯი გადადგა ექვსეულში ადგილის შესანარჩუნებლად, ხოლო მორიგი "საშინაო დავალება" - სამი ქულა მესამისთვის, შესრულებულია.
ახლა გურულებს მხოლოდ "დინამო" და "ჩიხურა" უსწრებენ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"