გაუგებრობას იწვევს ის, რომ ორივე მხარე განსხვავებულ ინფორმაციებს ავრცელებს - მოქმედი პრეზიდენტი კახა ებრალიძე და მისი მომხრეები ამტკიცებენ, რომ ყრილობა შედგა და გრფფ-ს ოთხი წლით კვლავ ებრალიძე ხელმძღვანელობს.
"ლელოსთან" ინტერვიუში მან ეს იმით დაასაბუთა, რომ ყრილობა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის (სფფ) გენერალურმა მდივანმა, რევაზ არველაძემ გახსნა და მას გენერალური სამდივნოსა და იურიდიული სამსახურის ხელმძღვანელებიც (რევაზ შენგელია, კესო ჩხიკვაძე) ესწრებოდნენ.
"ყრილობა
ჩვენთვის რაიმე სხვა წერილი, არც ფოსტით, არც ელფოსტით და არც პირადად, არ გადმოუციათ", - ამბობს ებრალიძე.
მოწინააღმდეგეები კი ამტკიცებენ, რომ ყრილობა ჩაიშალა. "ლელო" პრეზიდენტობის ალტერნატიულ, თუმცა დაურეგისტრირებელ კანდიდატ გია (გიალო) ჩხაიძეს ელაპარაკა:
- სინამდვილეში, საარჩევნო ყრილობა მართლაც ჩაიშალა და დღევანდელი მონაცემებით, 10 დეკემბრისთვის გადაიდო. ყველას მოეხსენება, ბოლო ყრილობა როგორი დარღვევებითაც ჩატარდა და მისი დაკანონება არ შეიძლებოდა.
დელეგატების უმრავლესობა ყველაფერს მიხვდა და უპრეცედენტო ამბავი მოხდა - 7 დელეგატიდან ყრილობას უმრავლესობა არ დაესწრო.
წარმოიდგინეთ, ერთი დელეგატი წარმოადგენდა საფეხბურთო სკოლას, რომელიც აღარ არსებობს, ლანჩხუთის "გურია" კი ხმის გარეშე დატოვეს. ამ არჩევნებს გავასაჩივრებთ, რაც ყრილობაზე მოსულ სფფ-ს გენერალურ მდივანს, რევაზ არველაძესა და სფფ-ს იურისტ კესო ჩხიკვაძეს ვუთხარით კიდეც.
ისინი დაგვთანხმდნენ, რომ დარღვევები იყო, სუბიექტები არასწორად იყვნენ წარდგენილები და რომ არჩევნები ხელახლა უნდა ჩატარდეს. ეს უკვე გადაწყვეტილი ამბავია.
- გურია ერთ-ერთი ყველაზე მცირერიცხოვანი კუთხეა, საფეხბურთო სამყაროში ერთმანეთს ყველა იცნობთ. ნუთუ, საერთო ენის გამონახვა შეუძლებელია?
- ჩვენ ამ ყველაფერს ვითვალისწინებთ, რადგან ყველაზე მთავარია, საკუთარ თავთან მართლები ვიყოთ და ხვალ ერთმანეთს რომ შევხვდებით, სახე არ ავარიდოთ.
მე არც კახა ებრალიძესთან მაქვს პიროვნული დაპირისპირება. თუ დამიჯერებთ, ურთიერთობები არ დაგვძაბვია და ხაზგასმით ვამბობ, რომ მასთან ადამიანურ ზღვარს არ გადავსულვარ და პირადად კახასთან პრეტენზია არც მაქვს.
უბრალოდ, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ უნდა უზრუნველყოს, რომ არჩევნები სამართლიანად და გამჭვირვალედ ჩატარდეს. თუ ებრალიძე ასეთ პირობებში გაიმარჯვებს, არჩევას პირველი მე მივულოცავ.
- "გურიას" განცხადებაში წერია, რომ ბოლო დროს დატრიალებული მოვლენები კითხვებს აჩენს. რომელ მოვლენებზეა ლაპარაკი?
- ქართულ ფეხბურთში რაღაც პროცესები დაიწყო. გაუგებარი იყო არა მხოლოდ გრფფ-ს არჩევნებზე, არამედ, პარალელურად, ფუტსალის ასოციაციის არჩევნებისას მომხდარი ამბებიც.
ლევან ცქიტიშვილის გადაყენება სურთ, მაგრამ ყველაფერს თავისი დრო და წესი აქვს. ისეც არ უნდა ქნან, რომ ყველაფერს ხაზი გადაუსვან.
* * *
რა ხდება სინამდვილეში გურიის რეგიონული ფეხბურთის ფედერაციის არჩევნებზე და დაარეგისტრირეს თუ არა სფფ-ში ყრილობის შედეგები? დავადგინეთ, რომ გრფფ-ის იმ წევრებმა, ვინც ყრილობაში არ მონაწილეობდა, სფფ-ში წერილი შეიტანეს და არჩევნების შედეგების გაუქმება მოითხოვეს.
მაგრამ ჯერ ეს საქმე იმდენად არეულია, სფფ-ს ბევრი რამ აქვს მოსაფიქრებელი. ისიც უცნობია, საკითხს აღმასკომი განიხილავს თუ არა - ამას გრფფ-ის დოკუმენტაციის შესწავლის შემდეგ შევიტყობთ. ასე რომ, ყრილობის შედეგები ჯერ არც დაკანონებულა და არც გაბათილებულა.
ჩხაიძე მზადაა, ებრალიძეს მიულოცოს, თუ... (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"