გიორგი დარასელია "ზუგდიდის" მწვრთნელად, კობა წიტაიშვილი - დირექტორად...

AutoSharing Option
"ზუგდიდის" აწ უკვე ყოფილმა დირექტორმა მალხაზ ჭეჟიამ საგანგებო ბრიფინგზე ბოლო დროს კლუბის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე ილაპარაკა, საკრებულოს თავმჯდომარე ზეწოლაში დაადანაშაულა და გადადგომის განცხადება დაწერა.

მაშინ ვივარაუდეთ, რომ ჭეჟიას წასვლა "ზუგდიდში" გუნდის ყოფილი მთავარი მწვრთნელის, კობა წიტაიშვილის დაბრუნების ნიშანი უნდა ყოფილიყო.

რეალურად, ჭეჟია სწორედ მასთან კონფლიქტს შეეწირა.

როგორც შევიტყვეთ, 35 წლის წიტაიშვილს დაბრუნება მართლა შესთავაზეს, ოღონდ არა მთავარი მწვრთნელის, არამედ კლუბის დირექტორის პოსტზე. რაც შეეხება მთავარი მწვრთნელის პოსტს, ეს ვაკანსია გიორგი დარასელიას შესთავაზეს. 44 წლის სპეციალისტი თანახმაა, "ზუგდიდში" იმუშაოს.

ოქტომბერში დარასელიამ
"ლელოს" უთხრა, რომ სამწვრთნელო კარიერას ისრაელში ან აზერბაიჯანში გააგრძელებდა. ისრაელში მას კონკრეტული მოლაპარაკებებიც ჰქონდა, მაგრამ ებრაელებს ვერ შეუთანხმდა და საქართველოში დაბრუნება გადაწყვიტა. მას სურს, რომ "ზუგდიდი" კრიზისული ვითარებიდან გამოიყვანოს.

შესაძლოა, ქალაქის საკრებულომ, მუნიციპალიტეტმა და გამგეობამ კლუბს დამატებით 130 ათასი ლარი დაურიცხონ, რათა საშემოდგომო ეტაპის დასრულებამდე დარჩენილ 6 ტურში გუნდმა ქულების მაქსიმუმი აიღოს და უმაღლეს ლიგაში ადგილი შეინარჩუნოს. ამავე დროს, გადაწყდა, რომ გუნდი "ბაიას" საწვრთნელ ბაზაზე ივარჯიშებს და შეკრებების დროსაც იქვე დაბინავდება.

ჩვენი ინფორმაციით, წიტაიშვილისა და დარასელიას კანდიდატურებს 18 ნოემბერს დაამტკიცებენ. ამის გადამოწმება ვცადეთ თავად წიტაიშვილთან, რომელმაც დაგვიდასტურა - ასეთი ვარიანტი განიხილებაო, თუმცა დამტკიცებამდე კომენტარს მოერიდა. ასევე მოიქცა დარასელიაც.

კარგია, რომ სპეციალისტი, რომელმაც გორის "დილასა" და "სკა ენერგიაში" თავი კარგად წარმოაჩინა, საქართველოში დაბრუნდა და ცოდნას ისევ ჩვენს ფეხბურთს მოახმარს. საქართველო არც ისე მდიდარია, კვალიფიციურ მწვრთნელებს იოლად რომ შეელიოს. საკითხავი ისაა, რამდენად სტაბილურ გარემოში მოუწევს დარასელიას მუშაობა, სტაბილურობა ხომ ნორმალური კლუბის ჩამოყალიბების ერთ-ერთი მთავარი წინაპირობაა.

და მაინც, ბოლო ინფორმაციით, წიტაიშვილის დანიშვნის საკითხი ჯერ კიდევ გასარკვევია. საქმე ისაა, რომ ახალი დირექტორის დასანიშნად გარკვეული პროცედურებია გასავლელი. ჯერჯერობით ზუგდიდის საკრებულოს მალხაზ ჭეჟიას გადადგომის განცხადება არ დაუკმაყოფილებია. თუ მას უფლებამოსილებას შეუჩერებენ, დირექტორის მოვალეობას დროებით ჭეჟიას მოადგილე რევაზ პერტაია შეასრულებს. თუმცა ესეც ვერსიის დონეზეა.

ჭეჟიას წასვლა-დარჩენაზეა დამოკიდებული ახალდანიშნული მწვრთნელ-კონსულტანტის, სერგო გაბელაიას ბედიც. ფაქტია, რომ გამოცდილი სპეციალისტი ამ დაპირისპირებამ უხერხულ მდგომარეობაში ჩააგდო.

მოკლედ, ზუგდიდის საფეხბურთო ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ამბები ხდება. ამის მიღმაც ზოგი უფრო დიდი ბრძოლის კონტურებს ხედავს... თუმცა ამაზე სხვა დროს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 11 /
citaishvili iset samarcxvino ragaceebs chadis meechveba direqtorad gaushvan...magla nu afrindebit bijebo, chamovardna mtkivneuli iqneba.
nika
11:58 18-11-2013
0
ეს სათაური სმაილებში რომ ჩაგესვათ ორმაგად სასაცილო იქნებოდა :)
iago
12:00 18-11-2013
0

სიახლეები პოპულარული