სფფ-მ "გურიას" უფლებამოსილ პირებს კატეგორიული მოთხოვნა გაუგზავნა

AutoSharing Option
3 დეკემბერს სფფ-ის ოფისში ფედერაციის აღმასრულებელი კომიტეტის დაგეგმილი სხდომა გაიმართა.

აღმასკომის წევრებმა სხდომა საფეხბურთო კლუბ ლანჩხუთის "გურიას" საკითხის განხილვით დაიწყეს.

მოცემულ ეტაპზე კლუბში მძიმე იურიდიული და ფინანსური პრობლემებია. ფეხბურთელებს არ აუღიათ 5 თვის ხელფასი და აქედან გამომდინარე, ისინი გაფიცვას აპირებენ.

ამასთან დაკავშირებით, ფეხბურთის ფედერაციას, "გურიას" ფეხბურთელების სახელით, საგანგებო წერილით მიმართა საქართველოს ფეხბურთელთა ასოციაციის თავმჯდომარე ბესო აბაშიძემ, სადაც ასოციაცია და ფეხბურთელები ფედერაციას მათი უფლებების დაცვას სთხოვენ.

აღმასკომი დიდხანს განიხილავდა ამ საკითხს და საბოლოოდ, კომიტეტმა შეიმუშავა წერილი, რომელიც გაეგზავნა ლანჩხუთის "გურიას" დირექტორს
- კობა მირზაშვილს, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს - ამირან გიგინეიშვილსა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებელს - ზაზა ურუშაძეს. წერილში ნათქვამია:

"მოგახსენებთ, რომ 2013 წლის 3 დეკემბერს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აღმასრულებელმა კომიტეტმა განიხილა საქართველოს ფეხბურთელთა ასოციაციის თავმჯდომარის წერილი საფეხბურთო კლუბ "გურიას" ფეხბურთელების მიმართ კლუბის მხრიდან კონტრაქტის პირობების შეუსრულებლობის გამო, რომელიც გამოიხატა 5 თვის ხელფასის გადაუხდელობაში, რაც შემდეგში შესაძლოა აისახოს ფეხბურთელების გაფიცვაში.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია კატეგორიულად მოითხოვს უმოკლეს ვადაში კლუბის უფლებამოსილი პირებისგან წინამდებარე წერილში აღნიშნულთან დაკავშირებით დროულ რეაგირებას და ფეხბურთელთა კანონის შესაბამისი უფლებების დაცვას.

წინააღმდეგ შემთხვევაში, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია იმოქმედებს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ჩემპიონატის დებულების შესაბამისად."

"ფიფა და უეფა ჩვენ პირდაპირ გვავალდებულებს, რომ დავიცვათ ფეხბურთელთა უფლებები. ჩვენ არ გვინდა, რომ ლანჩხუთის "გურიასთან" მიმართებაში სიტყვა "თუ" არსებობდეს, რადგან ეს გუნდი ჩემპიონატის ლიდერებს შორისაა და ასპარეზობა აუცილებლად უნდა გააგრძელოს. სწორედ ამიტომ მივეცით კლუბს ამ პრობლემების მოსაგვარებლად ათდღიანი ვადა" - განაცხადა სფფ-ის პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამ.

ამის შემდეგ აღმასკომმა დაამტკიცა სფფ-ის საკლუბო ლიცენზირების კომიტეტისა და ლიცენზირების სააპელაციო ორგანოს შემადგენლობები.

სხდომის ბოლო საკითხად კი, ფედერაციის პრეზიდენტმა აღმასკომს გააცნო იდეა 20 წლამდე ფეხბურთელთა ჩემპიონატის ჩატარების შესახებ, რომელიც უპირველესად, ასაკობრივი ნაკრებებისთვის მომზადებული ფეხბურთელების მიწოდებას მოემსახურება.

აღმასკომმა იდეა მოიწონა და მიიღო გადაწყვეტილება, რომ ჩემპიონატის პროექტი მოამზადონ სფფ-ის საშეჯიბრო განყოფილებამ და გენერალურმა სამდივნომ.

ამის შემდეგ პროექტი განსახილველად კვლავ აღმასკომს წარედგინება. ჩემპიონატის ჩატარების ყველა ხარჯს სფფ გაიღებს, კლუბებს კი დაევალებათ ჩემპიონატში გუნდების გამოყვანა, რომელიც დაკომპლექტებული იქნება მხოლოდ 17-20 წლის ფეხბურთელებით.

ეს ჩემპიონატი ჯერ კიდევ გასულ სეზონში უნდა დაწყებულიყო, თუმცა მოხდა ისე, რომ გათვალისწინებული თანხა უმაღლეს ლიგას მოხმარდა და შესაბამისად, ეს იდეა აქამდე ვერ განხორციელდა.

სფფ-ის პრესსამსახური
მკითხველის კომენტარები / 1 /
მწარე რიალობაა, სადაც ფეხბურთი უყვართ და აფასებენ იქ ნადგურდება გუნდები. ლანჩხუთის დანგრეულ სტადიონზე, 5000 7000 ფანი იკრიბება. და ამ ფანებს მთავრობა ფეხზე გვიკიდებს
guruli1
19:18 03-12-2013
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული