ზესტაფონი-ჩიხურა 1:1 - ძმამ ძმა არ დაინდო [VIDEO]

AutoSharing Option
საშიშროება იყო, რომ უამინდობის გამო იმერული დერბიც გადადებულიყო, მაგრამ ზესტაფონელებმა, თანამედროვე ტექნოლოგიის გამოყენებით, მოედნის საფარის თოვლისგან გაწმენდა დროულად მოახერხეს და არენა საინტერესო პაექრობას სრულ მზადყოფნაში შეხვდა.

4 დეკემბერს გამართული მატჩი ორივე გუნდისთვის მნიშვნელოვანი იყო. გია გეგუჩაძის დაბრუნების შემდეგ ფერზე მოსულმა ზესტაფონელებმა სატურნირო მდგომარეობა გაიუმჯობესეს და პოზიციების კიდევ უფრო გასამყარებლად, ჩემპიონატის ერთ-ერთ ლიდერთან წარმატებული თამაში მართებდათ.

თავისი მიზნები ჰქონდა "ჩიხურას", რომელიც ლიდერ თბილისის "დინამოს" ფეხდაფეხ მისდევს და მისთვის თითოეულ ქულას დიდი მნიშვნელობა აქვს.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

Sportall.Geსაჩხერელებთან შეხვედრაში ზესტაფონელებს კვლავ ვერ ხელმძღვანელობდა
მთავარი მწვრთნელი - პრო-ლიცენზიის გასახანგრძლივებლად უკრაინაში წასულმა გეგუჩაძემ ამ მატჩისთვის დაბრუნება ვერ მოასწრო. მის ნაცვლად "ზესტაფონი" გურამ ასპინძელაშვილმა (გეგუჩაძის თანაშემწე) მოამზადა.

მთავარი მწვრთნელის გარდა, მასპინძლებმა სხვადასხვა მიზეზის გამო რამდენიმე წამყვანი მოთამაშე - ირაკლი ქობალია, გიორგი ადამია, ილია კანდელაკი და ლევან შარიქაძეც მოისაკლისეს.

მატჩი თავიდანვე საკმაოდ დინამიკურად დაიწყო და მთელი 90 წუთის განმავლობაში დაძაბულობა არ მოჰკლებია. გუნდები ბურთზე კონტროლის დაუფლებას ცდილობდნენ და ერთმანეთს საკმაოდ ხისტადაც ეთამაშებოდნენ.

პირველი 20 წუთის განმავლობაში სტუმრები შედარებით უკეთ გამოიყურებოდნენ. განსაკუთრებით, საჩხერელთა მარჯვენა ნახევარმცველი გიორგი გაბედავა აქტიურობდა, რომელმაც ადგილობრივი პუბლიკა ზედიზედ ორჯერ აანერვიულა - მისი სახიფათო დარტყმა ჯერ მეკარე როინ კვასხვაძემ მოიგერია, შემდეგ ეპიზოდში კი საჯარიმოს გარედან გაბედავას მიერ ეფექტური "მოჭრილი" დარტყმა მიზანს მცირედით ასცდა.

ტრადიციულად სახიფათოდ ირჯებოდა ჩემპიონატის ბომბარდირი დიმიტრი ტატანაშვილი, თუმცა ზესტაფონელი მცველები მის მიმართ განსაკუთრებულ ყურადღებას იჩენდნენ, რის გამოც ფორვარდს რეალური საგოლე მომენტი არ შეჰქმნია.

არ იფიქროთ, რომ "ზესტაფონი" მთელი ამ დროის განმავლობაში სტატისტის როლში იყო, პირიქით - კომბინაციური თამაშის აწყობას ცდილობდა და საკმაოდ სწრაფ შეტევებსაც ახორციელებდა, მაგრამ სტუმართა დაცვა საიმედოდ გამოიყურებოდა.

საჩხერელთა სიმშვიდე გიორგი ჭანკოტაძემ დაარღვია - დაახლოებით 22 მეტრიდან კარში ეფექტურად დაარტყა და ბურთი ჯერ ხარიხას მოხვდა, შემდეგ კი ხაზზე დაეცა და გარეთ გამოვარდა.

კარგი მომენტი ჰქონდა ალექსანდრე გურულსაც, რომელიც თანაგუნდელის ფლანგური გადაცემის შემდეგ მახვილი კუთხიდან ძლიერად ურტყამდა, თუმცა რევაზ თევდორაძეს ვერ აჯობა.

მეორე ტაიმი გაცილებით ემოციური და სანახაობრივად უფრო საინტერესო გამოდგა. შეხვედრა ზესტაფონელთა იერიშით განახლდა და ჭანკოტაძის სახიფათო საჯარიმო დარტყმა თევდორაძემ ნახტომში მოიგერია.

მეტოქემ პასუხი არ დააყოვნა და, თანაც, სწრაფი შეტევა გოლითაც დააგვირგვინა - ტატანაშვილმა საჯარიმოში ნიკა კვასხვაძეს შეაყოლა ბურთი, ამ უკანასკნელმა კი საკუთარი ძმა "არ დაინდო" და ახლო მანძილიდან აუღებელი დაურტყა.

გოლმა სტუმრებზე კარგად იმოქმედა. სოსო ფრუიძის შეგირდებმა უპირატესობა მოიპოვეს და კიდევ რამდენჯერმე შეუტიეს სახიფათოდ. როინ კვასხვაძემ ტატანაშვილისა და გიორგი დათუნაიშვილის დარტყმები უკუაგდო.

ამასობაში ზესტაფონელებიც გააქტიურდნენ და მეტოქეს გაორმაგებული ენერგიით შეუტიეს. კვლავ სასარგებლოდ ირჯებოდა ვახტანგ ჭანტურიშვილი, რომელიც საკუთარი გუნდის იერიშების სულისჩამდგმელი იყო და დაუფასდა კიდეც შრომა - საჯარიმოს მისადგომებიდან უძლიერესი დარტყმით ძალზე ეფექტური გოლი გაიტანა. ეს კი იმდენად უნაკლოდ შეასრულა, მეკარე თევდორაძეს შანსი არ დაუტოვა.

ზესტაფონელებს მალე ანგარიშის გაზრდაც შეეძლოთ - მალხაზ გაგოშიძის ფლანგურ ჩაწოდებას შეცვლაზე შესულმა მიხეილ სარდალიშვილმა თავური დარტყმა მიაყოლა, რასაც თევდორაძის დროული ნახტომი მოჰყვა.

ბოლო წუთებმა ორმხრივ შეტევებში ჩაიარა, თუმცა ანგარიშის შეცვლა ვეღარ მოხერხდა.

იხილეთ ტურის სხვა მატჩების ანონსი:
უმაღლესი ლიგის XV ტურის წინ: იქნებ, ამინდმა პატივი დაგვდოს...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
კარგი გუნდია ზესტაფონი, სწრაფად და ლამაზად თამაშობენ
giorgi
14:20 05-12-2013
0
ჩიხურა მაგარი გუნდია
ყუნთა
11:46 05-12-2013
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული