თუმცა პოკორა უკვე საქართველოშია და ამბობს, რომ წასვლას არ აპირებს:
- "სიონთან" შეხვედრის შემდეგ უკრაინაში მართლაც წავედი, მაგრამ მხოლოდ - სამი დღით. უბრალოდ, პრო-ლიცენზია სამი წლით გავიხანგრძლივე. "გურია" არ მიმიტოვებია და ამას არც ვაპირებ, რადგან კლუბთან კონტრაქტი მაკავშირებს, ჩემს ასისტენტ დავით მახარაძესთან ერთად მოვალეობას კეთილსინდისიერად ვასრულებ და ამას გუნდის შედეგებიც ადასტურებს.
- ხუთშაბათს "დინამოსთან" მნიშვნელოვანი შეხვედრა
- ფინანსური მდგომარეობის გამოსწორებისა და მოთამაშეების დაბრუნების იმედი მაინც მაქვს. ხელმძღვანელობამაც კარგად იცის, რომ მწვრთნელებსა და ფეხბურთელებს ოჯახები გვყავს. ისიც გასაგებია, რომ საპრეზიდენტო არჩევნებისა და ბიუჯეტის განხილვის გამო ქვეყანაში ყურადღება სხვა საკითხებზე იყო გამახვილებული.
მაგრამ ფეხბურთსაც სჭირდება მიხედვა. ლანჩხუთი მდიდარი რაიონი არ არის, აქ უამრავი პრობლემაა. ამის მიუხედავად, გამგებელი ზაზა ურუშაძე ცდილობს, პრობლემები ნაწილობრივ მაინც მოაგვაროს. ფეხბურთელებსაც არ სურდათ წასვლა, მაგრამ ბევრი მათგანი არ არის ლანჩხუთელი და ელემენტარულად, ჩამოსასვლელი ფული აღარ ჰქონდათ. ბოლოს მდგომარეობა ისე დამძიმდა, დაახლოებით 25 დღე ბიჭები აღარ ვარჯიშობდნენ.
- აბა, როგორ იგებდით თამაშებს?!
- თავდადების ხარჯზე. კვირაში მხოლოდ 2 დღე ვვარჯიშობდით, დანარჩენი 5 დღე კი ბიჭები ვეღარ მოდიოდნენ.
უმაღლეს ლიგაში დიდი დატვირთვებია, ფეხბურთელებს შესაბამისი კვება და ძალების აღდგენა სჭირდებათ, რაც ჩვენს პირობებში შეუძლებელია. ამის მიუხედავად, მოედანზე თავს იკლავდნენ და მადლობის მეტი არაფერი მეთქმის. მაგრამ ჩემი სამუშაო გეგმის განხორციელება შეუძლებელი აღმოჩნდა.
საქართველოში რომ მოვდიოდი, კარგად მესმოდა, აქ ფულს ვერ ვიშოვიდი, მაგრამ ასეთ მდგომარეობასაც არ ველოდი. სწორედ ამიტომ მაოცებს ფეხბურთელების თავდადება და შედეგები. დარწმუნებული ვარ, ისინი კარგ პირობებში ბევრად უკეთ ითამაშებენ.
ახლანდელ "გურიას" სამეულში მოხვედრის პოტენციალი აქვს. გუნდს დახმარება ამიტომ სჭირდება და დარწმუნებულნი იყავით, ლანჩხუთელებს აუცილებლად გავახარებთ.
- ფეხბურთელების დაბრუნების იმედი თუ გაქვთ?
- დიახ, მაქვს, რადგან ამ ბიჭებმა დაამტკიცეს, რომ ფეხბურთი ფულზე მეტად უყვართ. წასვლა კი არა, ნორმალური პირობები სურთ, რომ ითამაშონ და ხალხი გაახარონ. მე მათ ვერ გავამტყუნებ.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
რომან პოკორა: რაც ლანჩხუთში ვნახე, მსგავსი არსად მინახავს და არც გამიგია