ბოლო ორი ტურია, გუნდი აგებს. სეზონის წინ ჩაგდებულმა მოსამზადებელმა ეტაპმა და ფინანსურმა პრობლემებმა თავი ერთდროულად იჩინა.
ცნობილია, რომ დავალიანების გამო გუნდი მოედანზე გასვლას არ აპირებდა და რამდენიმე დღე ფეხბურთელებს არც უვარჯიშიათ. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ლანჩხუთელებმა 5 დეკემბერს კიდევ კარგად ითამაშეს.
მაგრამ ძალა აღმართს ხნავს და გაჭირვებულ გუნდსაც მოერია.
რომან პოკორას გაწვრთნილებმა პირველ ტაიმში დაცვაში საიმედოდ ითამაშეს და ეპიზოდურად, კონტრშეტევების ორგანიზებასაც ახერხებდნენ.
"გურიამ" ანგარიში სწორედ კოშკაძის კუთხურის შემდეგ გახსნა - ვილი ისიანმა საჯარიმოში დასწრებაზე ითამაშა და ბურთი კარში გაგზავნა - 0:1.
"დინამო" ბევრს კი ცდილობდა, მაგრამ არაფერი გამოსდიოდა. ჩისკოსა და გიორგი მერებაშვილის შეტევები უშედეგოდ დასრულდა - მეკარე მინდია ბობღიაშვილი ჩინებულად თამაშობდა.
მეორე ტაიმის დასაწყისში "დინამო" აშკარა გოლს გადაურჩა: 50-ე წუთზე კოშკაძემ ცენტრიდან სწრაფი შეტევა წამოიწყო და მარცხენა ფლანგზე ალეკო შენგელია მოძებნა, რომელმაც საჯარიმოს კუთხიდან ბურთი კარისკენ "მოჭრა" - გიორგი ლორიამ მშვენიერი რეაქცია გამოავლინა და ბურთი კუთხურზე მოიგერია.
ეს "გურიას" ბოლო შანსი იყო. მერე და მერე "დინამომ" მეტოქე ფიზიკურად დაჯაბნა და სისწრაფეები რომ ჩართო, სტუმარს შანსი აღარ დაუტოვა.
58-ე წუთზე ანგარიში ჩისკოს გოლით გათანაბრდა - საჯარიმოში შეჭრილმა პატრიკ ვუომ ესპანელს დროულად გადააწოდა ბურთი და შეტევა ახლო მანძილიდან ზუსტი დარტყმით დასრულდა - 1:1.
მალევე "დინამოს" დაწინაურების ორი მშვენიერი შანსი მიეცა: პირველად ვუომ მეკარესთან პირისპირ გაიყვანა ჩისკო, მაგრამ ბობღიაშვილი შემტევს ფეხებში ჩაუვარდა და მომენტი განმუხტა.
მეორე შემთხვევაში ვუოს ასისტენტობა დავით კვირკველიამ გაუწია, მაგრამ "გურიას" მეკარე მის თავურსაც გადაეღობა.
იგივე განმეორდა, როცა ჩისკომ ჯარიმა შეასრულა და ლანჩხუთელთა მეკარემ კვლავ საიმედოდ ითამაშა.
...თუმცა 79-ე წუთზე "გურიას" ვეღარც ბობღიაშვილმა უშველა - მერებაშვილი მარჯვენა ფლანგიდან შეიჭრა საჯარიმოში და შორეულ კუთხეში ზუსტად დაარტყა - 2:1.
მატჩის მიწურულს კი ჯაბა დვალმა მეკარესთან პირისპირ დატოვა ვუო, რომელმაც ბურთი ძელს მოარტყა. მერებაშვილმა კარის წინ უმეთვალყურეოდ დარჩენილი დვალი მოძებნა, რომელმაც საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 3:1.
მატჩის შემდეგ
რომან პოკორა ("გურიას" მთავარი მწვრთნელი):
"მატჩამდე რთულ ვითარებაში ვიყავით, ჩვენ ხომ თამაშამდე სრულფასოვნად არც გვივარჯიშია. შედეგით კმაყოფილი ვერ ვიქნები. მეტოქემ კლასითა და გამოცდილებით გვაჯობა, თანაც, "დინამოს" გაცილებით უკეთესი სათადარიგოთა სკამი აქვს. "დინამოს" არ ვაკნინებ, მაგრამ ჯოჯუა რომ არ დაშავებულიყო, არავინ იცის, რა მოხდებოდა... მაინც მადლობა ბიჭებს, რადგან მათ მაქსიმუმი გააკეთეს".
ერეკლე კილაძე ("გურიას" ნახევარმცველი):
"ბედნიერი ვარ, რომ ამ გუნდში ვთამაშობ. დასანანია, რომ წავაგეთ, მაგრამ პრობლემების გამო არ გვივარჯიშია. მომდევნო ტურში "ტორპედოს" ვეთამაშებით. ჩვენ ამბიცია გვაქვს და მოსაგებად ვითამაშებთ. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო "გურიას" დირექტორის, კობა მირზაშვილის დას, ქალბატონ მარინა თოთლაძეს, რომელიც ფინანსურად დაგვეხმარა. გუნდისა და ერთმანეთის დიდი სიყვარულით დავთანხმდით თამაშზე. რადგან დღეს მოედანზე გავედით, ამ წელსაც ჩავამთავრებთ".
კობა მირზაშვილი ("გურიას" დირექტორი):
"კლუბში ფინანსური პრობლემებია. მხოლოდ პრემიები დავარიგეთ, ხელფასი კი არ გაგვიცია. გუნდის შენახვაში ჩემი და მეხმარება. რაიონის გამგებელიც გვერდში გვიდგას. ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ "გურია" არ დაიშალოს, მაგრამ დღეისთვის მძიმე ვითარებაა. რომ არა ბიჭების მონდომება, ეს შედეგი არ გვექნებოდა. ამ წელს ჩავამთავრებთ, ხელფასებს კი იანვარში გავისტუმრებთ, რაშიც მუნიციპალიტეტი დაგვეხმარება. ლანჩხუთის "გურიას" "პრივატბანკისა" და "პროგრესბანკის" 400 ათასი ლარი მართებს. ეს ვალი კლუბმა პირველ ლიგაში ასპარეზობისას აიღო".
დუშან უჰრინი ("დინამოს" მთავარი მწვრთნელი):
"რთული თამაში იყო. პირველ ტაიმში გუნდი კარგად ვერ გამოიყურებოდა. ფეხბურთელები გრძელი გადაცემების შესრულებისას ხშირად ცდებოდნენ. "გურია" ძლიერი გუნდი არ არის, მაგრამ სუსტიც არ ეთქმის. მეორე ტაიმი გაცილებით მობილიზებულად დავიწყეთ და მიხარია, რომ უახლოეს მდევარს უკვე 6 ქულით გავუსწარით".
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"