მერანი-ვიტ ჯორჯია 1:2 - მტკიცე პოზიცია და საგანგაშო მდგომარეობა

AutoSharing Option
სეზონის დასაწყისში ზედა ექვსეულისთვის მებრძოლი "მერანი" წარუმატებელმა სერიამ ძალზე რთულ სიტუაციაში ჩააყენა. არადა, მარტვილელებს ჩინებული სტარტი ჰქონდათ - 6 ტურის შემდეგ სამეულშიც იმყოფებოდნენ...

თუმცა მალხაზ ჟვანიას წასვლამ მდგომარეობა რადიკალურად შეცვალა. "მერანის" წარუმატებლობის მიზეზი არც ფინანსური პრობლემებია და არც - უიღბლობა. საქმე უფრო რთულადაა - თამაშის ხარისხი ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს.

თავისი მიზნები აქვს "ვიტ ჯორჯიასაც". ამ მოგებით ვიტელთა სატურნირო მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა.

რაც შეეხება შეხვედრას, სუსხიანი ამინდის მიუხედავად, გუნდებმა მატჩი საკმაოდ ნორმალურ ტემპში დაიწყეს. სტუმრებს თავიდანვე ეტყობოდათ, რომ სწრაფ გოლზე
ჰქონდათ აქცენტი გაკეთებული და ამას წარმატებითაც გაართვეს თავი - კორიფაძის ჩაწოდებულ კუთხურს კუხალეიშვილმა შეაგება თავი - 0:1.

Sportall.Geმერანელთა სასახელოდ უნდა ითქვას, რომ გოლმა ისინი არ დააბნია. მასპინძლებმა მთლიანად ხელთ იგდეს უპირატესობა. აღსანიშნავია ლევან გეგეჭკორის შორეული დარტყმა, რომელიც მცირე მანძილით ასცდა ნიკა დაუშვილის კარს.

"მერანმა" ანგარიშის გათანაბრება მალევე მოახერხა - ბაბუნაშვილის გადაცემას ღონღაძის ზუსტი თავური მოჰყვა - 1:1.

შესანიშნავად ირჯებოდა ბაბუნაშვილი, რომელიც მარტვილელთა შეტევების მთავარი სულისჩამდგმელი იყო და თანაგუნდელებს კარგი გადაცემებითაც ამარაგებდა. ცოტა ხანში მან უმწვავესი შეტევა წამოიწყო, მარჯვენა ფლანგზე კი შულაიამ საჯარიმოში ჩაჰკიდა ბურთი, რომელიც ციკოლიამ დაუხანებლად გაგზავნა კარისკენ - მეკარემ დამაჯერებლად ითამაშა.

ტაიმის ბოლო წუთზე იყო სადავო ეპიზოდიც - ციკოლიას პასით შულაია საჯარიმოში შეიჭრა, თუმცა ორთაბრძოლისას წაიქცა. მასპინძლები 11-მეტრიანის დანიშვნას ითხოვდნენ, არბიტრმა კი სხვაგვარად განსაჯა. ტაიმიც აქ დასრულდა...

მარტვილელთა შეტევები მეორე ტაიმშიც გაგრძელდა, თუმცა ფეხბურთელებს დაღლა დაეტყოთ და მოედნის ცენტრის სიახლოვეს შეცდომებსაც მოუხშირეს. ამის საპირისპიროდ, ვიტელებმა თამაში კონტრშეტევებზე ააგეს.

და მაინც - ნახევარმომენტები თუ ეთქმის ბაბუნაშვილისა და შულაიას დარტყმებს, რომლებიც არაზუსტი გამოდგა.

ერთ-ერთი ასეთი კონტრშეტევისას შეცვლაზე შესულმა პავლიაშვილმა საჯარიმოში გამჭოლი გადაცემა გააკეთა მაისურაძის მისამართით. ამ უკანასკნელმა მარცხენა დაბალ კუთხეში დარტყმით წინ გაიყვანა თავისიანები.

გამოუვალმა მდგომარეობამ "მერანის" მწვრთნელი კახა ჩხეტიანი აიძულა, ხუთიდან ერთ-ერთი მცველი (გივი ქარქუზაშვილი) თავდამსხმელით (იმედა აშორტია) შეეცვალა. თუმცა რეალურ მომენტებამდე საქმე მაინც არ მისულა, რაც უთუოდ სტუმართა მცველების დამსახურებაა - ისინი საიმედოდ იცავდნენ პერიმეტრს.

მერანელთა მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა, რის გამოც მნიშვნელოვნად გაირთულა სატურნირო მდგომარეობა. სულ რაღაც 13 ქულა და ბოლოდან მესამე ადგილი - მარტვილელთა მდგომარეობა მართლაც საგანგაშოა.

"ვიტ ჯორჯიამ" სასიცოცხლოდ აუცილებელი 3 ქულა აიღო და ზედა ექვსეულს მიუახლოვდა.

მატჩის შემდეგ
კახა ჩხეტიანი ("მერანის" მთავარი მწვრთნელი):
"დასანანი მარცხი ვიწვნიეთ... არავის ეგონოს, რომ პასუხისმგებლობას გავურბივარ. პირიქით, წარუმატებლობას ჩემს თავს დავაბრალებდი. ბრძოლისთვის ბიჭებს მადლობა უნდა გადავუხადო, გულშემატკივრებს კი - თანადგომისთვის"
.

ზურაბ ბერიძე ("ვიტ ჯორჯიას" მთავარი მწვრთნელი):
"რთული მატჩი გამოდგა. 3 ქულა ორივე გუნდს ჰაერივით სჭირდებოდა. ჩვენმა ტაქტიკურმა მონახაზმა გაამართლა, აქცენტი სწრაფ გოლზე გავაკეთეთ და ამან გაამართლა კიდეც. ჩემს ფეხბურთელებს მადლობას ვუხდი, "მერანს" კი წარმატებებს ვუსურვებ".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული