არადა, უკანასკნელ მატჩებში გორელებს მძიმე ბრძოლები გადახდათ - "დინამო", "ტორპედო", "მეტალურგი" და ბოლოს "ზესტაფონი".
8 დეკემბერს გორში ქომაგმა ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული ორი ტაიმი იხილა. "დილა"-"ზესტაფონი" თითქმის არასოდეს ყოფილა ინტრიგის გარეშე. მატჩი ამჯერადაც დაძაბული გამოდგა, მით უფრო, ამას ხელი სატურნირო ცხრილში მეზობლობამაც შეუწყო.
პირველი ტაიმი "ზესტაფონის" კარნახით წარიმართა, თუ არ ჩავთვლით სადებიუტო ხუთ წუთს. დროის ამ მონაკვეთში "დილამ" ორჯერ შექმნა ხიფათი როინ კვასხვაძის კართან, ოღონდ - უშედეგოდ.
შესვენებამდე "დილა" მოედნის ცენტრში ძალიან სუსტად გამოიყურებოდა. გორელებს უჭირდათ მეტოქის ნახევარზე იერიშების წარმართვა. მათი კომბინაციები შუა ხაზთანვე აწყდებოდა ზესტაფონურ ბარიერს.
როგორც გეგუჩაძის ხელწერას შეეფერება, სტუმრები ყველაზე დიდ ყურადღებას ბურთის ფლობას აქცევდნენ. ყველაზე სახიფათო, რაც შესვენებამდე "დილამ" შექმნა, გიორგი გურულის ფლანგურ ჩაწოდებას მოყოლილი ირაკლი მოდებაძის სახიფათო თავური იყო - კვასხვაძემ საკმაოდ ძნელად მოსაგერიებელი ბურთის უკუგდება შეძლო.
აქ სტუმრები აშკარად გადარჩნენ გოლს, ერთი წუთში კი გიორგი კაჭკაჭიშვილმა ანგარიში ახლო მანძილიდან გახსნა.
მეორე ტაიმში "ზესტაფონის" თავდაჯერება სადღაც დაიკარგა. ამასობაში კი, სოღოლაშვილმა თავდასხმა გიორგი ქვილითაიათი გააძლიერა - თამაშიდან მარცხენა მცველი "მოხსნა", იქ გულვერდ თომაშვილი გადასწია და გუნდი 4-4-2-ზე გადააწყო.
მოედანზე ვითარება უმალ შეიცვალა. ქვილითაია შესანიშნავად ჩაერთო თამაშში. სტუმართა მცველებს ორ ცენტრალურ თავდამსხმელთან პაექრობა გაუჭირდათ, "დილამ" კი, აქტიურობის ხარჯზე, კიდევ უფრო გააძლიერა ზეწოლა კვასხვაძის კარზე.
იმერლებისთვის განგაშის ზარებს 58-ე წუთზე ქვილითაიამ შემოჰკრა - საჯარიმოს მისადგომებთან მიღებული ბურთი წამში დაამუშავა და ძლიერად გაგზავნა კარისკენ. გოლკიპერი უძლური აღმოჩნდა - 1:1.
იქვე კარგი მომენტი ჰქონდა კვახაძესაც, მაგრამ გოლად ვერ აქცია. ცოტა ხანში კი თემურ ღონღაძე კარგად გამოეხმაურა ფლანგურ ჩაწოდებას და თავისიანები თავურით დააწინაურა.
მოგეხსენებათ, თემურს არაერთი წელი აქვს ზესტაფონურ კლუბში გატარებული და გოლის აღნიშვნისგანაც ამიტომ შეიკავა თავი.
"დილამ" გამარჯვების მოახლოება იგრძნო და გაათმაგებული ჟინით გააგრძელა იერიშები. ოთარ ხიზანეიშვილმა შორიდან სტანდარტული იმდენად სახიფათოდ შეასრულა, კვასხვაძემ ძლივს გადაარჩინა "ზესტაფონი".
ისე კი, ერთხანს მასპინძელი მცველებიც გაერთნენ შეტევებში და ორჯერ მწვავე კონტრშეტევაც გაეპარათ, ოღონდ - უშედეგოდ. იქით მხარეს, უკვე ფინიშის სწორზე, ქვილითაიამ ძალიან კარგი მომენტი შეუქმნა მოდებაძეს, თუმცა გორელთა ბომბარდირმა ამჯერადაც ვერაფერი შემატა თავის აქტივს.
მატჩის გმირმა ქვილითაიამ კი 89-ე წუთზე საბოლოო წერტილი დასვა. მის გოლში დიდი წვლილი მიუძღვის ნიკა სადაღაშვილს, რომელმაც მარცხენა ფლანგზე მოპოვებული ბურთი დიდ მანძილზე ატარა და თანაგუნდელს ცარიელი კარის წინ საგოლედ "ჩააბარა" - 3:1.
სადაღაშვილი ძალიან ცოტა დროს ატარებს მინდორზე და ამ ფონზე, ბოლო ორ მატჩში ერთი გოლი და ერთიც საგოლე პასი მისთვის ურიგო შედეგი არ უნდა იყოს.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"