უმაღლესი ლიგის XVI ტურის წინ: თანაბარი პირობები

AutoSharing Option
წინა ტურში უამინდობის გამო კალენდარში გარკვეული ცვლილებები რომ მოხდა, ამ ყველაფერმა გავლენა მომდევნო ტურზეც იქონია. კალენდრის მიხედვით, 9 დეკემბერს მხოლოდ ორი მატჩი უნდა ჩატარებულიყო, თუმცა, ყველა გუნდს მეტ-ნაკლებად თანაბარი პირობები რომ ჰქონოდა, "დილა"-"ზესტაფონის" გარდა, ყველა დანარჩენი შეხვედრა ერთ დღეს გაიმართება.

ოღონდ ახლაც იმის იმედად უნდა ვიყოთ, რომ უამინდობამ კვლავ არ შეგვიშალოს ხელი...

ადრეც არაერთხელ აღვნიშნეთ, რომ ბოლო წლებში ქართველი სინოპტიკოსები იშვიათად ცდებიან. ისინი 9 დეკემბრიდან საქართველოში ამინდის მკვეთრ გაუარესებას პროგნოზირებენ და ერთხელაც თუ დაათოვა ჩვენს სტადიონებს, მერე იმას უნდა ველოდოთ,
როდის გადნება თოვლი და როდისთვის მოიყვანენ მოედნებს წესრიგში...

ასეა თუ ისე, 8 დეკემბერს დაწყებული ტური 9-ში "როგორმე" უნდა დავასრულოთ: ისე, როგორც წლის ბოლომდე დარჩენილი ორი ტური...

Sportall.Ge

ჩიხურა-მერანი
პირველი წრე: 2:3

საჩხერელთა წაუგებელი სერია უკვე ექვსამდე გაიზარდა და საერთოდაც, ცოტას თუ ეპარება ეჭვი, რომ სოსო ფრუიძის გუნდი ზედა ექვსეულში მოხვდება. ეს კი არა, დღესდღეობით სწორედ "ჩიხურა" რჩება ჩემპიონატის გამოკვეთილი ფავორიტის, თბილისის "დინამოს" უახლოეს მდევრად.

"მერანის" მდგომარეობა კი კვლავაც არასახარბიელოა. ისე, წინა ტურებში "მერანის" უშუალო კონკურენტებმაც ("სპარტაკი" და "ზუგდიდი") წააგეს, თორემ სიტუაცია ბევრად უფრო რთული იქნებოდა.

მოკლედ, ყველა წინაპირობაა იმისთვის, რომ ამ წყვილში გამოკვეთილი ფავორიტის სტატუსი მასპინძლებს მივანიჭოთ, მით უფრო, რომ პირველ წრეში მარცხის გამო "ჩიხურას" რევანშიც მართებს.

საერთოდაც, საჩხერელთა გუნდს, "მერანთან" ხანმოკლე ურთიერთდაპირისპირებათა ისტორიაში, უარყოფითი ბალანსი აქვს.

...პირველი წრის ის უხვგოლიანი შეხვედრა იმითიც იყო საინტერესო, რომ "მერანის" 19 წლის ნახევარმცველმა ბექა ციკოლიამ უმაღლეს ლიგაში სადებიუტო მატჩში შეძლო ასევე სადებიუტო გოლის გატანა.

სპარტაკი-მეტალურგი
პირველი წრე: 0:1
დისკვალიფიკაცია: ლაშა ჩაფიძე (სპარტაკი)

ახლახან იყო, "სპარტაკის" მთავარმა მწვრთნელმა კახა კაჭარავამ რომ დაიჩივლა - არბიტრები მაინცდამაინც ჩვენს საწინააღმდეგოდ ცდებიანო. ისე, რაც მართალია, მართალია - ამ სეზონში "სპარტაკი" რამდენჯერმე მართლაც უსამართლოდ დაზარალდა.

მსაჯების ერთ-ერთი ასეთი საკამათო გადაწყვეტილება სწორედაც რომ ამ გუნდების პირველი წრის შეხვედრაში მოხდა. მასპინძლები გიორგი ბერიაშვილის ერთადერთი გოლის წყალობით იგებდნენ, როცა მატჩის დამთავრებამდე ოთხი წუთით ადრე "სპარტაკის" მარჯვენა გარემარბმა თორნიკე თუხარელმა მშვენივრად ისარგებლა "მეტალურგის" მცველის... პასით და გოლიც გაიტანა, მაგრამ დამხმარე მსაჯმა თამაშგარე მდგომარეობა დააფიქსირა და გოლიც გაუქმდა!

თუმცა მხოლოდ "სპარტაკი" როდია უკმაყოფილო არბიტრების ხშირ შემთხვევაში არაობიექტური გადაწყვეტილების გამო. "მეტალურგის" სამწვრთნელო შტაბსა თუ ფეხბურთელებსაც (რუსთაველ ქომაგებზე რომ აღარაფერი ვთქვათ) არანაკლები პრეტენზიები აქვთ მსაჯების მიმართ. თანაც, რაც ყველაზე უცნაურია, "მეტალურგის" საშინაო მატჩებზე მართლაც არაერთხელ გვინახავს, როგორ ცდებიან მსაჯები მაინცდამაინც მასპინძელთა გუნდის საწინააღმდეგოდ...

ვიტ ჯორჯია-სიონი
პირველი წრე: 1:1
დისკვალიფიკაცია: შოთა დავლაშელიძე (ვიტ ჯორჯია)

წინა ტურში "ვეტერინარებმა" უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვეს და სახიფათო ზონას გვარიანად დაშორდნენ. თუმცა ზურაბ ბერიძის ახალგაზრდულ გუნდს მოდუნების უფლება ნამდვილად არა აქვს - ფორმააკრეფილ "სიონს" ხვდება, წლის ბოლომდე დარჩენილი ორი შეხვედრა კი "დინამოსა" და "ტორპედოსთან" აქვს.

რაც შეეხება ლადო ბურდულის "სიონს", კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ეს გუნდი უკვე თვე-ნახევარია, წაუგებლად თამაშობს და პირველად, ბოლო წლების განმავლობაში, ზედა ექვსეულში მოხვედრის სამართლიანი ამბიციაც აქვს.

ერთი შეხედვით, "სიონს" ისეთი გამოცდილი ფეხბურთელები ჰყავს, ეს ამბიცია არც უნდა გაჰკვირვებოდა ვინმეს. თუმცა მაინც უნდა ვაღიაროთ, რომ ქვემოქართლელთა ბოლოდროინდელი წარმატებული სერია, მეტ-ნაკლებად, მაინც მოულოდნელი იყო.

ნუ გამოვრიცხავთ მოვლენების ისეთ განვითარებასაც, რომ ზამთრის პაუზას "სიონი" სწორედაც რომ პირველ ექვსეულში შეხვდეს.

ზუგდიდი-დინამო (თბ)
პირველი წრე: 0:3
დისკვალიფიკაცია: ნიკა აფაქიძე (ზუგდიდი) - გიორგი მერებაშვილი (დინამო თბ)

სხვა შემთხვევაში, ამ მატჩის მოკლე წინათქმას ასე დავიწყებდით - თბილისის "დინამოს" "ზუგდიდთან", ტრადიციულად, რთული გასვლითი მატჩი ელოდება, მაგრამ ფეხბურთელების უკეთესი ფიზიკური მომზადებისა და გამოცდილების ხარჯზე, ფავორიტი მაინც მოქმედი ჩემპიონიაო...

ალბათ, ახლაც ასეთი სიტუაციაა, უბრალოდ, გამოკვეთილი აუტსაიდერისა და ერთპიროვნული ლიდერის დაპირისპირებას სხვა დატვირთვაც დაემატა - თბილისის "დინამოს" მთავარი მწვრთნელის რანგში პირველი მატჩი უნდა ჩაატაროს მალხაზ ჟვანიამ.

ისე, მართლაც საინტერესოა, რას შეცვლის ის თავისი ახალი გუნდის ძირითად შემადგენლობაში. ისიც საინტერესოა, რა განლაგებას მიანიჭებს უპირატესობას ახალი თავკაცი. და საერთოდაც, საწყის ეტაპზე ჟვანია განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ რომ იქნება, ფაქტია.

სხვათა შორის, ამ სეზონში (III ტური) ჟვანიას უკვე დამარცხებული ჰყავს "ზუგდიდი", ოღონდ ჯერ კიდევ მარტვილის "მერანის" მთავარი მწვრთნელის რანგში...

გურია-ტორპედო
პირველი წრე: 0:1
დისკვალიფიკაცია: ნიკა ფირცხალავა, ნიკა ჭანტურია (ორივე - "ტორპედო")

ზედიზედ ორი მარცხის შემდეგ "გურიას" პოზიციები საკმაოდ შესუსტდა. ლანჩხუთელები სულ მცირედით ასწრებენ ერთდროულად... ხუთ კონკურენტს! თანაც, რომან პოკორას გუნდს წლის ბოლომდე ერთიმეორეზე რთული მატჩები დარჩა ჩასატარებელი - "ტორპედოსთან", "მეტალურგთან" და "ზესტაფონთან".

ამ სამი მატჩის შედეგზე, ყველაფერი თუ არა, ძალიან ბევრი რამ იქნება დამოკიდებული. უფრო ზუსტად, სწორედ მაშინ გამოჩნდება, რეალურად რა მიზნები უნდა დაისახოს ლანჩხუთელთა გუნდმა ზამთრის შესვენების შემდეგ.

ზედიზედ ხუთი მარცხის შემდეგ, წინა ტურში "ტორპედომ" შეძლო და ასე ნანატრი გამარჯვება მოიპოვა. არადა, ეს მართლაც კოშმარული სერია კიდევ რომ გაგრძელებულიყო, ჟერარდ სარაგოსას ახალგაზრდული გუნდის პირველ ექვსეულში მოხვედრას უკვე რეალური საფრთხე დაემუქრებოდა. ახლა კი ქუთათურთა გუნდი მხოლოდ დამატებითი მაჩვენებლებით ჩამორჩება VI ადგილზე მყოფ "ზესტაფონს" და დანარჩენი უკვე ახალგაზრდა ფეხბურთელების მარიფათზეა დამოკიდებული.

ბომბარდირები
დ. ტატანაშვილი (ჩიხურა) 11
ი. მოდებაძე (დილა) 9
დ. გოგა (დინამო თბ) 8
ჩისკო (დინამო თბ) 7

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული