თუ ვინ გაწვრთნიდა ამ გუნდს, ამის შესახებ უამრავი ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია ვრცელდებოდა. სიახლეს "სამტრედიის" პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში გავეცანით:
"უჩა სოსიაშვილმა "სამტრედია" დატოვა. მადლობას ვუხდით მას იმ დიდი საქმისთვის, რაც ჩვენი გუნდისთვის გააკეთა და ვუსურვებთ კარიერულ წინსვლას. მომავალი სეზონიდან უჩა სოსიაშვილი თბილისის "დინამო 2"-ს უხელმძღვანელებს".
თბილისურ კლუბში დავაზუსტეთ, რომ ეს ინფორმაცია უტყუარია, უჩა სოსიაშვილი "დინამო 2"-ში მართლაც მთავარი მწვრთნელის პოსტზე მიიწვიეს და კლუბის ხელმძღვანელობა მას მალე წარადგენს.
სოსიაშვილი ახალგაზრდა სპეციალისტია. "დინამო 2"-ის 24 წლის ახალი დამრიგებელი "სამტრედიაში" 2013 წლის ზაფხულში დანიშნეს. მანამდე ის ქუთაისის "ტორპედოს" საფეხბურთო სკოლა "ავაზაში" ასაკობრივი გუნდის მწვრთნელად მუშაობდა. სამტრედიელები გაოცებულები არიან - არაფრისგან გუნდი გააკეთაო...
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"