გიორგი დარასელია: კარგად ვიცოდი, საით მივდიოდი და რა მინდოდა

AutoSharing Option
"ზუგდიდის" მთავარ მწვრთნელად გიორგი დარასელიას დანიშვნას გულშემატკივარი იმედით ელოდა - იქნებ 44 წლის გამოცდილ სპეციალისტს მაინც მოეხერხებინა გუნდის მძიმე მდგომარეობიდან გამოყვანა.

თუმცა, "ზუგდიდს" თავიდან ვერაფერი მოუხერხა - პირველ 4 შეხვედრაში მის მიერ გაწვრთნილებმა არათუ ვერ მოიგეს, ერთი კინკილა გოლიც ვერ გაიტანეს.

"ზუგდიდმა" მდგომარეობა რადიკალურად ბოლო ორ ტურში გამოასწორა: გასვლაზე ქუთაისის "ტორპედოს" 2:1 სძლია, შინ კი - რუსთავის "მეტალურგს" (1:0) და გამოჩნდა, რომ გუნდს გაცილებით მეტი პოტენციალი აქვს, ვიდრე ეს სატურნირო მდგომარეობიდან ჩანს.

დარასელია ამბობს, რომ ეს ყველაფერი ლოგიკურია.

- ფეხბურთში
იღბალი შემთხვევით არავის სწყალობს. ქუთაისის "ტორპედოსთან" იყო გადამწყვეტი მატჩი, სადაც გამოჩნდა, რომ საკმაოდ მძიმე და დაძაბულმა შრომამ შედეგი მოგვიტანა. დარწმუნებულიც ვიყავი, რომ ჩვენი დრო მოვიდოდა და ასეც მოხდა. ახლა მთავარია, ზამთრის მოსამზადებელი ეტაპი კარგად გამოვიყენოთ.

- ბოლო მატჩებში 5 მცველით თამაშობდით. მეტისმეტად ფრთხილი ტაქტიკა ხომ არ არის?
- ტაქტიკას მწვრთნელი ფეხბურთელებისა და მათი მდგომარეობის შესაბამისად არჩევს. მთავარია, ამ ტაქტიკამ გაამართლა. მისი დანიშნულება იყო, რომ მეტოქეს ჩვენი საჯარიმოს სიახლოვეს ბურთის გაგორების საშუალება არ ჰქონოდა და სწრაფი კონტრშეტევების ორგანიზება მოგვეხერხებინა. ამ დროს ფლანგის მცველები ნახევარმცველების როლს ასრულებენ. ასე რომ, 5 მცველის დაყენება მხოლოდ დაცვაში თამაშს არ ნიშნავს.

- ფეხბურთელები ფიზიკურად ძალიან ცუდად იყვნენ მომზადებულები, მაგრამ ბოლო მატჩებში გუნდი ამ კუთხით უკეთ გამოიყურებოდა.
- ამ პრობლემის სრულად გამოსწორება შეუძლებელი იყო, რადგან ფიზმომზადებას სეზონის დაწყებამდე უყრიან საფუძველს. გუნდს სრულფასოვანი მომზადება არ გაუვლია და აქედან გამომდინარე, მდგომარეობა ლოგიკურიც იყო. არადა, სხვაგვარად თამაშების ნორმალურად ჩატარება შეუძლებელი იყო.

ზუსტად დავთვალე - "ზუგდიდში" სულ 18 ვარჯიში ჩავატარე და კარგად ვიცოდი, საით მივდიოდი და რა მინდოდა. ამ ვარჯიშების შედეგად, ფეხბურთელების მდგომარეობა უნდა გაუმჯობესებულიყო და ასეც მოხდა.

ბოლო შეხვედრებში ბიჭები გაცილებით ბრძოლისუნარიანები ჩანდნენ და ბოლო ორი მატჩი მოვიგეთ კიდეც - ეს იმ დროს, როცა 31 აგვისტოს შემდეგ გამარჯვება ოცნებად იყო ქცეული. ფიზიკურ მომზადებაზე არანაკლებ მნიშვნელოვანი სწორი მოძრაობაა, რომლითაც ენერგიის უაზროდ ხარჯვას თავიდან ვიცილებდით.

იმედია, მეორე წრისთვის კარგად მოვემზადებით და გაზაფხულზე ძირითადი ეტაპის დარჩენილ 4 შეხვედრაში ქულათა მაქსიმუმის მოპოვებას შევძლებთ.

- ეს, ალბათ, ფინანსებზეცაა დამოკიდებული. ჯერჯერობით კი უცნობია, რა ბიუჯეტი ექნება კლუბს 2014 წელს...
- ფინანსებს მე არ ვეხები და ამაზე ზუსტ პასუხს ვერ გაგცემთ. ჩემი საქმე გუნდის მომზადებაა.

- მაგრამ ბიუჯეტზეა დამოკიდებული, სად მოემზადებით და რა დონის მოთამაშეებს დაიმატებთ. ასე არ არის?
- ამ საკითხზე კლუბის ხელმძღვანელობა მუშაობს და იმედია, 2014 წელს უკეთესი სამუშაო გარემო გვექნება. ნიჭიერი ბიჭები გვყავს და მათ ხელშეწყობა სჭირდებათ. თუ ასე მოხდა, "ზუგდიდი" ბევრად უკეთეს ფეხბურთს ითამაშებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
უმაღლესი ლიგის XVIII ტურის მიმოხილვა და სიმბოლური ნაკრები
ზუგდიდი-მეტალურგი 1:0 - გიორგი დარასელიას მეორე გამარჯვება [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 1 /
გიორგი დარასელია:"ფიზიკურ მომზადებაზე არანაკლებ მნიშვნელოვანი სწორი მოძრაობაა, რომლითაც ენერგიის უაზროდ ხარჯვას თავიდან ვიცილებდით".

გეთანხმები!!!!
guja_kakhadze
19:22 23-12-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული