ლევან ყიფიანი: ყველაზე მეტად უფულობაზე ის ყვირის, ყველაზე მეტი ვინც დახარჯა

AutoSharing Option
საქართველოს ჩემპიონატში მონაწილე კლუბების მძიმე მდგომარეობისა და გაურკვევლობის გამო კითხვებით მივმართეთ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრ ლევან ყიფიანს.

კლუბები ითხოვენ პასუხს იმაზე, თუ რა გეგმები აქვს სახელმწიფოს ფეხბურთში, რისი იმედი უნდა ჰქონდეთ და უღირთ თუ არა ფეხბურთში საქმიანობა კერძო ბიზნესმენებს?

შესაძლებელია თუ არა, რომ სახელმწიფომ ფეხბურთში ფული უფრო მიზანმიმართულად დახარჯოს?

- თქვენმა მოადგილე თამაზ თევზაძემ თქვა, რომ ფეხბურთში სახელმწიფო ყოველწლიურად 51 მილიონ ლარს აბანდებს.
- დიახ, მაგრამ იგულისხმებოდა არა მხოლოდ უმაღლესი ლიგის გუნდების, არამედ ყველა სახის საფეხბურთო საჭიროებაზე დახარჯული თანხა
- ფედერაციისა და კლუბების დაფინანსება, ინფრასტრუქტურული პროექტები და თუნდაც რაიონული მასშტაბის ტურნირების გამართვაზე დახარჯული სახსრები.

მაგრამ იქ უზუსტობა იყო - 51 მილიონი იხარჯებოდა არა ერთი, არამედ ორი წლის განმავლობაში.

- მაინც დიდი თანხაა, რომელიც არაეფექტურად იხარჯება. ნუთუ შესაძლებელი არ არის, რომ სახელმწიფომ ფეხბურთში ფული უფრო მიზანმიმართულად დააბანდოს?
- სწორედ ამას ვაპირებთ, რომ ეს ფული მთლიანად ფეხბურთის რეფორმირებას მოხმარდეს და სახელმწიფომ ეს გარკვეული პროექტებით გააკეთოს. ეს უნდა იყოს რეფორმა, რომლითაც ყველა პრობლემურ საკითხს მივხედავთ - ჩემპიონატსაც, ბავშვთა ფეხბურთსაც... მოკლედ, ყველაფერს. სახელმწიფოს აქვს თავისი ვალდებულება, მე კი - პიროვნულადაც ვარ ვალდებული, რომ ხალხს დავუბრუნოთ ნამდვილი ქართული ფეხბურთი.

- ასეთი დაპირებები დიდი ხანია ისმის...
- ჩვენ ვერ მივიღებთ ნაჩქარევ და სწრაფ გადაწყვეტილებას, რომელიც მხოლოდ პიარზე იქნება გათვლილი. ჩვენ გვჭირდება კარგად გააზრებული და მოფიქრებული პროგრამა, რომელიც ქვეყანასა და ხალხს მაქსიმალურად კარგ შედეგს მოუტანს. პირადად მე ამით ყველაზე მეტად ვარ მოტივირებული, თორემ გაუაზრებლად გამოყოფილი თანხებით რა შედეგებსაც მივაღწიეთ, ამას ყველა ხედავს.

- სახელმწიფო პროგრამა მუშავდება თუ რისი მოლოდინია, რომ განახორციელოთ გეგმები?
- ქართულ ფეხბურთში ძალიან მძიმე ვითარებაა და ახლა მისი შესწავლა მიმდინარეობს. ჩვენ ფეხბურთში ფულის დაბანდებას ვაპირებთ, მაგრამ ის მიზნობრივად უნდა დაიხარჯოს და არა უაზროდ.

- ამ პროექტის განხორციელება როდის დაიწყება?
- საჭიროა პროექტების გადახალისება, რაც ფეხბურთის ფედერაციამ უნდა გააკეთოს. ახლა მათ წინადადებას ველოდებით.

- კლუბები შეიკრიბნენ და აპირებენ, რომ თქვენ და პრემიერ-მინისტრს მოგმართონ...
- ამას რა ჯობია?! მაგრამ აქვე მინდა ვთქვა - ყველაზე მეტად უფულობაზე ის ყვირის, ვისაც ყველაზე მეტი ფული აქვს დახარჯული. ამ დროს პრობლემა მხოლოდ ფინანსებში არ არის - მისი სათავეები არასწორ ადმინისტრირებაშიც უნდა ვეძებოთ.

სახელმწიფოს ფული ყაირათიანად უნდა დაიხარჯოს და ბიუჯეტის ხარჯვაც სწორად დაიგეგმოს. კარგი იქნება, კლუბებმა ამაზეც იფიქრონ და ილაპარაკონ, ვიდრე განცხადებებს გააკეთებენ. დამიჯერეთ, ეს არანაკლები პრობლემაა.

სახელმწიფოს არ აქვს გადასაყრელი ფული და არც აპირებს, ეს ფული იმ კონკრეტულ პიროვნებებს მისცეს, ვინც ამაზე ყველაზე მეტად ყვირის, თორემ გუნდებს რომ უჭირთ, ეს ჩვენ არავისზე ნაკლებად გვადარდებს და შეხსენება არ გვჭირდება.

სანამ მინისტრი გავხდებოდი, ფინანსური და სხვა სახის პრობლემებსა და სახელმწიფოს დახმარების აუცილებლობაზე თავად ვლაპარაკობდი. სკამს საქმისადმი ჩემი დამოკიდებულება არ შეუცვლია.

- რამდენად რეალურია, რომ წელიწადში სახელმწიფო ფეხბურთში 25-30 მილიონ ლარს დააბანდებს?
- ამის კონკრეტული გეგმა არსებობს, მაგრამ ყველაფერი დამოკიდებულია ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობასა და შემოსავლებზე. ამავე დროს, ვიმეორებ - პროექტი უნდა შემოგვთავაზოს ფეხბურთის ფედერაციამ, რომელიც საზოგადოებრივი ორგანიზაციაა და დამოუკიდებელი ბიუჯეტი გააჩნია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
კლუბები დახმარებას ელიან - უშველის ხელისუფლება ფეხბურთს?
51 მილიონი წყალში - საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი ჩაშლის პირასაა
მკითხველის კომენტარები / 5 /
დავით ყიფიანი, შენ ხარ მატყუარა,რომელიც სკამს ჩაებღაუჭა და ქართული ფეხბურთი უფსრკულისკენ წაიყვანა. არადა რა იმედი მქონად ამ გარეწრის, გადაცემას გადაცემაზე მართავდა ეს და მისნაირი კიდევ სხვები თავისი გარეწარი მეგობრები. სამარცხვინო ხარ შენც და შენი მთავრობაც, წინა მთავრობაც სამარცვინო იყო და ახალიც, ფეხბურთი ორივეს ფეხებზე გკიდიათ. დაგვცინით მარტო ქართველ ხალხს მეტი არაფერი
kotiko
04:41 25-12-2013
0
ზამთრის ოლიმპიადაზე რომ ვაგზავნით სპორტსმენებს რა აზრი აქვს?რომელიმე ათეულში თუ მოხვდება?მედლების შანსი რომ არ არის ხომ კარგად ვიცით.არც სპორტული და არც ეთიკური გამართლება არ აქვს სოჭში გამგზავრებას,ხოლო ფინანსურად საერთოდ ფულის უაზროდ ხარჯვაა.ეგ ფული მომავალ ქართველ ფეხბურთელებზე დაიხარჯოს ხომ არ აჯობებდა?2018წელს რუსეთში მსოფლიო თასია.ვინმე ფიქრობს იქ ღირსეულ გამოსვლაზე?საფუძველი ეხლავე უნდა ჩავუყაროთ ალბათ(თუ დაგვიანებული არ არის!)
akhali
20:21 24-12-2013
0

სიახლეები პოპულარული