კლუბები დახმარებას ელიან - უშველის ხელისუფლება ფეხბურთს?

AutoSharing Option
კლუბების წარმომადგენლები ამტკიცებენ, რომ ეროვნული ჩემპიონატი ჩაშლის პირასაა. წლებია, ისინი ელიან, როდის ამოქმედდება სახელმწიფო პროგრამა და როგორ აპირებს ხელისუფლება ფეხბურთის მიხედვას ან საერთოდ - აპირებს თუ არა.

ამ ყველაფრის გამო კლუბების ხელმძღვანელები შეიკრიბნენ და პრობლემებზე იმსჯელეს.

მათ ხელისუფლებას კონკრეტული საკითხის მოგვარება სთხოვეს. კვლავ გაიმეორეს, რომ თუ არ იქნება დაფინანსება, გუნდები ეროვნულ ჩემპიონატში მონაწილეობას ვეღარ მიიღებენ.

შეხვედრისას ბევრი საინტერესო ამბავიც გაირკვა. თურმე, რუსთავის "მეტალურგს", შესაძლოა, ბიუჯეტი საგრძნობლად შეუმცირონ; "ზესტაფონმა" არ იცის, გააგრძელებს თუ არა ჩემპიონატში თამაშს; ბოლნისის "სიონის" ხელმძღვანელობა შიშობს, რომ
2014 წლის ბიუჯეტი ტრანსპორტირებასა და ჩემპიონატში სხვადასხვა გუნდის მონაწილეობას არ ეყოფა, უკეთესი ფეხბურთელების მისაწვევად კი არასაკმარისი იქნება;

"ვიტ ჯორჯიას" არსებული მდგომარეობა აიძულებს, გაზაფხულიდან მხოლოდ გამოუცდელ მოთამაშეებს დაეყრდნოს და ასე შემდეგ.

თუ რა მოხდა ამ შეკრებაზე, ამის შესახებ კომენტარი კლუბების წარმომადგენლებს ვთხოვეთ:

გურამ რუხაძე, "ვიტ ჯორჯიას" მეპატრონე:
"საკითხი ასე უნდა დადგეს - სასურველია, სახელმწიფო დაეხმაროს ფეხბურთს მანამდე, სანამ ჩემპიონატი და კლუბები წელში გაიმართებიან.

ჩემი აზრით, სახელმწიფოს მხრიდან ამის მზაობა ჩანს და იმედია, ადრე თუ გვიან ჩვენს ფეხბურთსაც ეშველება".

გია ისიანი, გორის "დილას" სპორტული დირექტორი:
"ძალიან სასიხარულოა, კლუბებმა კონსოლიდაცია რომ მოვახერხეთ. ეს იყო სასარგებლო მოთელვა მთავარ შეხვედრამდე, რომელიც უახლოეს დღეებში გაიმართება.

კლუბების შეხვედრას ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ზვიად სიჭინავა და გენერალური მდივარი რევაზ არველაძე დაესწრნენ. ჩვენი აზრით, ყველაზე სასურველია, თუ საფეხბურთო სამყაროს პრობლემებს ხელისუფლებას ფედერაცია მიაწვდის, მაგრამ თუ კომუნიკაცია პრობლემაა, აჯობებს, კლუბებმა თავად ვიმოქმედოთ.

ნებისმიერ შემთხვევაში, ამ დღეებში ისევ შევიკრიბებით და სფფ-ს, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს და ქვეყნის პრემიერ-მინისტრს საგანგებო წერილით მივმართავთ, რათა ეროვნული ჩემპიონატი და ქართული ფეხბურთი გადავარჩინოთ. ახლა თითოეული დღე ჩვენ წინააღმდეგ მოქმედებს და გადაწყვეტილებების მიღების დროა, მხოლოდ მსჯელობა საქმეს ვერ უშველის".

* * *
90-იან წლებში, როცა რუსეთის ჩემპიონატის ორგანიზება დაიწყეს, იქაც ვერ იყო საქმე კარგად. პირველი სასპონსორო კონტრაქტი კომპანია "სტიმოროლმა" რუსეთის პროფესიული ფეხბურთის კავშირს მხოლოდ 100 ათასი დოლარის საფასურად გაუფორმა.

გავიდა წლები და ამ 100 ათასმა მილიარდებამდე იბარტყა და დღეს რუსეთს მსოფლიოში ერთ-ერთი მდიდარი ლიგა აქვს.

ცხადია, ფინანსებითა და მასშტაბებით რუსებს ვერ შევედრებით; უბრალოდ, ხსენებული ფაქტი იმაზე მეტყველებს, რომ საქმის წამოწყება მძიმე ვითარებაშიც შესაძლებელია.

ჩვენთან კი კლუბებმა ისიც ვერ მოახერხეს, რომ გაერთიანებულიყვნენ და პროფლიგა ჩამოეყალიბებინათ. დროა, ამას საშველი დაადგეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
ვინ უნდა უსველოს ქარტულ ფეხბურთს? ყიპიანმა? თუ ამის იმედი კიდევ გაქვთ ძაან ცდებით, ის აქ მოსულია ფულის საყლაპავად თორე საქმე და ქართული ფეხბურტი არც აინტერესებს ზედ სახეზე ეტყობა
joni
13:07 24-12-2013
0
სანამ უმაქნისი ყიპიანი იქ ადგია სპორტის მინისტარად მანამდე ქარტულ კლუბებს არაპერი ესჰველებატ
zura
13:06 24-12-2013
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული