ლევან ყიფიანი: ყველაზე მეტად უფულობაზე ის ყვირის, ყველაზე მეტი ვინც დახარჯა

AutoSharing Option
საქართველოს ჩემპიონატში მონაწილე კლუბების მძიმე მდგომარეობისა და გაურკვევლობის გამო კითხვებით მივმართეთ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრ ლევან ყიფიანს.

კლუბები ითხოვენ პასუხს იმაზე, თუ რა გეგმები აქვს სახელმწიფოს ფეხბურთში, რისი იმედი უნდა ჰქონდეთ და უღირთ თუ არა ფეხბურთში საქმიანობა კერძო ბიზნესმენებს?

შესაძლებელია თუ არა, რომ სახელმწიფომ ფეხბურთში ფული უფრო მიზანმიმართულად დახარჯოს?

- თქვენმა მოადგილე თამაზ თევზაძემ თქვა, რომ ფეხბურთში სახელმწიფო ყოველწლიურად 51 მილიონ ლარს აბანდებს.
- დიახ, მაგრამ იგულისხმებოდა არა მხოლოდ უმაღლესი ლიგის გუნდების, არამედ ყველა სახის საფეხბურთო საჭიროებაზე დახარჯული თანხა
- ფედერაციისა და კლუბების დაფინანსება, ინფრასტრუქტურული პროექტები და თუნდაც რაიონული მასშტაბის ტურნირების გამართვაზე დახარჯული სახსრები.

მაგრამ იქ უზუსტობა იყო - 51 მილიონი იხარჯებოდა არა ერთი, არამედ ორი წლის განმავლობაში.

- მაინც დიდი თანხაა, რომელიც არაეფექტურად იხარჯება. ნუთუ შესაძლებელი არ არის, რომ სახელმწიფომ ფეხბურთში ფული უფრო მიზანმიმართულად დააბანდოს?
- სწორედ ამას ვაპირებთ, რომ ეს ფული მთლიანად ფეხბურთის რეფორმირებას მოხმარდეს და სახელმწიფომ ეს გარკვეული პროექტებით გააკეთოს. ეს უნდა იყოს რეფორმა, რომლითაც ყველა პრობლემურ საკითხს მივხედავთ - ჩემპიონატსაც, ბავშვთა ფეხბურთსაც... მოკლედ, ყველაფერს. სახელმწიფოს აქვს თავისი ვალდებულება, მე კი - პიროვნულადაც ვარ ვალდებული, რომ ხალხს დავუბრუნოთ ნამდვილი ქართული ფეხბურთი.

- ასეთი დაპირებები დიდი ხანია ისმის...
- ჩვენ ვერ მივიღებთ ნაჩქარევ და სწრაფ გადაწყვეტილებას, რომელიც მხოლოდ პიარზე იქნება გათვლილი. ჩვენ გვჭირდება კარგად გააზრებული და მოფიქრებული პროგრამა, რომელიც ქვეყანასა და ხალხს მაქსიმალურად კარგ შედეგს მოუტანს. პირადად მე ამით ყველაზე მეტად ვარ მოტივირებული, თორემ გაუაზრებლად გამოყოფილი თანხებით რა შედეგებსაც მივაღწიეთ, ამას ყველა ხედავს.

- სახელმწიფო პროგრამა მუშავდება თუ რისი მოლოდინია, რომ განახორციელოთ გეგმები?
- ქართულ ფეხბურთში ძალიან მძიმე ვითარებაა და ახლა მისი შესწავლა მიმდინარეობს. ჩვენ ფეხბურთში ფულის დაბანდებას ვაპირებთ, მაგრამ ის მიზნობრივად უნდა დაიხარჯოს და არა უაზროდ.

- ამ პროექტის განხორციელება როდის დაიწყება?
- საჭიროა პროექტების გადახალისება, რაც ფეხბურთის ფედერაციამ უნდა გააკეთოს. ახლა მათ წინადადებას ველოდებით.

- კლუბები შეიკრიბნენ და აპირებენ, რომ თქვენ და პრემიერ-მინისტრს მოგმართონ...
- ამას რა ჯობია?! მაგრამ აქვე მინდა ვთქვა - ყველაზე მეტად უფულობაზე ის ყვირის, ვისაც ყველაზე მეტი ფული აქვს დახარჯული. ამ დროს პრობლემა მხოლოდ ფინანსებში არ არის - მისი სათავეები არასწორ ადმინისტრირებაშიც უნდა ვეძებოთ.

სახელმწიფოს ფული ყაირათიანად უნდა დაიხარჯოს და ბიუჯეტის ხარჯვაც სწორად დაიგეგმოს. კარგი იქნება, კლუბებმა ამაზეც იფიქრონ და ილაპარაკონ, ვიდრე განცხადებებს გააკეთებენ. დამიჯერეთ, ეს არანაკლები პრობლემაა.

სახელმწიფოს არ აქვს გადასაყრელი ფული და არც აპირებს, ეს ფული იმ კონკრეტულ პიროვნებებს მისცეს, ვინც ამაზე ყველაზე მეტად ყვირის, თორემ გუნდებს რომ უჭირთ, ეს ჩვენ არავისზე ნაკლებად გვადარდებს და შეხსენება არ გვჭირდება.

სანამ მინისტრი გავხდებოდი, ფინანსური და სხვა სახის პრობლემებსა და სახელმწიფოს დახმარების აუცილებლობაზე თავად ვლაპარაკობდი. სკამს საქმისადმი ჩემი დამოკიდებულება არ შეუცვლია.

- რამდენად რეალურია, რომ წელიწადში სახელმწიფო ფეხბურთში 25-30 მილიონ ლარს დააბანდებს?
- ამის კონკრეტული გეგმა არსებობს, მაგრამ ყველაფერი დამოკიდებულია ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობასა და შემოსავლებზე. ამავე დროს, ვიმეორებ - პროექტი უნდა შემოგვთავაზოს ფეხბურთის ფედერაციამ, რომელიც საზოგადოებრივი ორგანიზაციაა და დამოუკიდებელი ბიუჯეტი გააჩნია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
კლუბები დახმარებას ელიან - უშველის ხელისუფლება ფეხბურთს?
51 მილიონი წყალში - საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი ჩაშლის პირასაა
მკითხველის კომენტარები / 5 /
ძალით ადებინებდნენ ფულს ფეხბურთში ნაცები ბიზნესმნებს,ამას რათ უნდა ეხლა კამათი,ეხლა უნდათ როგორმე წავიდნენ გუნდებიდან და თანხის ნაწილი მაინც აიგონ,ყველამ ეხლა ამოიღო ხმა,სად იყავით თქე კაი ხალხო ამდენ ხანს რასაც ნაცები გაწერდნენ ეხლა გინდათ ამიღოთ ის ფული?მაშინ თქვით რაში იყო საქმე?რატომ აიღო ვისოლმა ტორბედო ან რატომ გარბის ეხლა?ამ კითხვაზე გამცემს ვინმე პასუხს?
vasikobasialdze
15:08 24-12-2013
0
გუშინ კიდევ ერთი ახალი ამბავი მოხდა რომელიც არსად არ გასჰუქდა რატომგაც... რუსთავის მეტალურგის მთავარ მწვრტნელად ვარლამ კილასონია დაინიშნა..და გუნდსაც დაფინანსება მნიშვნელოვნად შეუმცირდა..ასე რომ...
giorustaveli
15:29 24-12-2013
0

სიახლეები პოპულარული