51 მილიონი წყალში - საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი ჩაშლის პირასაა

AutoSharing Option
ეროვნული ჩემპიონატი ჩაშლის პირასაა. ეს ორშაბათს, დავით მინაშვილის გადაცემა "საფეხბურთო მიმოხილვაში" კლუბების წარმომადგენლებმა განაცხადეს.

ამ დროს სახელმწიფო ფეხბურთში ფულს აბანდებს. სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე თამაზ თევზაძემ კი გამაოგნებელი ინფორმაცია გაამხილა - თურმე, ყოველწლიურად, სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურა ფეხბურთისთვის ჯამში 51 მილიონ ლარს გამოჰყოფს...

ცხადია, ამ ფულს მხოლოდ უმაღლესი, პირველი და მეორე ლიგის კლუბებზე არ ხარჯავენ - სახელმწიფო ფეხბურთის ფედერაციას ყოველწლიურად 7 მილიონს ურიცხავს.

ცალკე, ფულს გამოჰყოფენ სპორტისა და განათლების სამინისტროები, რაიონების, დაბების, სოფლების საკრებულოები და გამგეობები. ისინი საფეხბურთო კლუბებს
ან ჯგუფებს აფინანსებენ, როგორც სოციალურად მნიშვნელოვან სფეროს. თანხა იდება საფეხბურთო ინფრასტრუქტურის მოწყობაშიც (მინი-მოედნები და ასე შემდეგ).

მოკლედ, ფეხბურთს თურმე 51 მილიონი ლარი ხმარდება - წარმოუდგენელი თანხაა, მაგრამ კიდევ უფრო წარმოუდგენელია ის არაეფექტურობა, რასაც ამის შედეგად ვიღებთ - დაბალი დონის ჩემპიონატი და ცარიელი ტრიბუნები.

ერთმა ფეხბურთელმა მატჩის დაწყებამდე ტრიბუნებს რომ გახედა და 50-მდე მაყურებელი დაინახა, სინანულით გვითხრა - თამაშებზე ჩვენი ნათესავებიც აღარ დადიანო...

ყველა ხედავს, საითაც მიდის საქმე. არანაირი სისტემა და არანაირი მიზანმიმართული მუშაობა - ერთის აღმა მოხნულს მეორე დაღმა ფარცხავს. ფაქტია, რომ ჩვენს ფეხბურთს წლიურად 51-მილიონიანი მადლის არაფერი ეტყობა და ისე გამოდის, რომ ამხელა სახსრები წყალში იყრება.

მიზეზი ის არის, რომ სპორტსა და, კერძოდ, ფეხბურთში სახელმწიფო პოლიტიკა აბსოლუტურად არაეფექტური იყო და ამ ინერციიდან ჯერაც ვერ გამოვსულვართ.

გაურკვევლობაში არიან ქართული კლუბების მესვეურები და ხელმძღვანელები. წლებია, ისინი ელიან სახელმწიფოსგან პასუხს, შემუშავდება თუ არა სახელმწიფო პროგრამა და როგორ და რანაირად აპირებს ხელისუფლება ფეხბურთის მიხედვას. 17 წელია, ეს პროგრამა მუშავდება და საბოლოო ვარიანტს მაინც ვერ ეღირსნენ.

მათი პოზიცია "ვიტ ჯორჯიას" გენერალურმა დირექტორმა მალხაზ კაკაურიძემ გამოხატა: "ბევრს არ ვითხოვთ, 750 ათასი მოგვეცით, ჩემპიონატი რომ არ ჩაიშალოს".

თევზაძე ამბობს, რომ სახელმწიფო პროგრამაზე მუშაობა მიმდინარეობს:

"იქ ლაპარაკია არა შეღავათებზე, არამედ განვითარების პროგრამაზე და, შესაძლოა, კლუბები არაპირდაპირი გზით დაფინანსდნენ. ჩვენ სამი მიმართულებით ვმუშაობთ: ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, სპორტული მედიცინის განვითარებასა და კანონმდებლობაზე.

ვიცით, რომ რთული ვითარებაა და მდგომარეობა სასწრაფოდ უნდა გამოსწორდეს. რაიონების ხელმძღვანელებსა და საკრებულოებს კი კლუბების წარმომადგენლებმა უნდა აუხსნან, რომ სპორტისა და კლუბის დაფინანსება არის იმ სახელმწიფო სოციალური პროგრამის ერთ-ერთი შემადგენელი, უმნიშვნელოვანესი კომპონენტი".

მაგრამ ეს ლაპარაკი ჯერ ისევ ლაპარაკად რჩება და არ კონკრეტდება, როდის დაამტკიცებენ ამ პროგრამას, რამდენს გამოჰყოფს ბიუჯეტი ფეხბურთისთვის, რა თანხას მიიღებენ კლუბები და იქნებიან თუ არა მათ შორის კერძო კლუბები.

ეს კლუბები შეთანხმდნენ, რომ 22 დეკემბერს, საქართველოს სუპერთასის მატჩამდე, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე შეიკრიბებიან. ეს "ლელოს" გორის "დილას" სპორტულმა დირექტორმა გია ისიანმა უთხრა.

"კლუბები ჩვენს სატკივარსა და პრობლემებზე ვიმსჯელებთ და ხელისუფლებას კონკრეტული საკითხის მოგვარებას ვთხოვთ - თუ არ იქნება დაფინანსება, გუნდები ეროვნულ ჩემპიონატში მონაწილეობას ვეღარ მიიღებენ.

არანაკლები პრობლემები აქვთ პირველი ლიგის კლუბებსაც და ჩვენ თუ სოლიდარობას არ გამოვავლენთ, ფეხბურთს არაფერი ეშველება", - ამბობს ისიანი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 6 /
DINAMO
შენ კითხვა ისსწავლე ჯობია :)
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე თამაზ თევზაძემ კი გამაოგნებელი ინფორმაცია გაამხილა - თურმე, ყოველწლიურად, სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურა ფეხბურთისთვის ჯამში 51 მილიონ ლარს გამოჰყოფს...

სად წაიკითხე რომ საერთოდ სპორტს ხმარდება?
mateusa
17:41 18-12-2013
0
საერთოდ რა უნდათ იმ კლუბებს უმაღლეს ლიგაში ვისი ბიუჯეტიც მილიონზე ნაკლებია,არანაირად არ ჯდება ლოგიკაში რომ ამ კლუბებემა განვითარებაზე იზრუნონ, ეს იგივია ერთი ბუცით მთელი სეზონი ითამაშო ან მეკარემ ერთი მეკარის ხელთათმანით, თანაც იაფფასიანი უნდა იყოს!!!
puma
15:58 18-12-2013
0

სიახლეები პოპულარული