კოლხეთს წინასწარმეტყველება აუხდა

AutoSharing Option
ტურის წინათქმაში ვივარაუდეთ, რომ "ოლიმპი" დუბლშემადგენლობით მოთამაშე "კოლხეთს" იოლად დაამარცხებდა და ასეც მოხდა. ანგარიშმა არ მოგატყუოთ, რომ დასჭირვებოდა, ჩემპიონატის ერთპიროვნული ლიდერი ფოთელებს ორზე ბევრად მეტ გოლსაც გაუტანდა, მაგრამ რა აუცილებლობა იყო - რამაზ მუმლაძემ თავისი გუნდი პრაგმატულად ათამაშა და რუსთაველებმა დაგეგმილი სამი ქულა ძალების მაქსიმალური დაზოგვით მოიპოვეს.

შეგახსენებთ, საარსებო წყაროს გარეშე დარჩენილმა გამოუცდელი ჭაბუკებით ~კოლხეთმა" იმიტომ ითამაშა, რომ ძირითადი გუნდის ფეხბურთელებმა უხელფასოდ გარჯა აღარ ისურვეს. ბესიკ შეროზიას ნაცვლად ფოთელებს დუბლების მწვრთნელმა ზაზა ინიაშვილმა უთავკაცა.

ოლიმპელებმა პირველ ტაიმში უფრო მეტი ოფლი
დაღვარეს. სტუმრებმა აქცენტი თავიდანვე დაცვაზე გააკეთეს და იმის მიუხედავად, რომ მათ კარში გოლი იგვიანებდა, მაინც იგრძნობოდა, რომ ანგარიშის გახსნა დროის საქმე იყო. პირველი გოლი ~ოლიმპმა" თერთმეტმეტრიანით გაიტანა, რომელიც ირაკლი მოდებაძის წინააღმდეგ უხეშობისთვის დაინიშნა. რუსთაველთა საშტატო პენალტისტმა ლუკა რაზმაძემ აუღელვებლად გაიტანა.

კოლხთა კარში გასული მეორე გოლი უფრო ეფექტური გამოდგა. მასპინძლებმა კუთხური გაითამაშეს და რევაზ გეწაძემ ბურთი მეტოქის საჯარიმოში ჩაჰკიდა, სადაც ყველას გიორგი რეხვიაშვილმა დაასწრო და ამით თამაშს ინტრიგა იქვე დაუკარგა.

მეორე ტაიმზე მოსაყოლი ბევრი არაფერია, შეხვედრა დაბალ ტემპში მიმდინარეობდა, ორივე გუნდმა ძალიან კარგად იცოდა, რომ თამაშის ბედი უკვე გადაწყვეტილი იყო. მატჩი კი ცუდი სანახავი თუნდაც იმიტომ არ ყოფილა, რომ ~ოლიმპის" მიერ განიავებული უამრავი საგოლე მომენტი ვიხილეთ. პირველ ნახევარში საგოლე შანსები ხელიდან მოდებაძემ, ბერიაშვილმა და გეწაძემ გაუშვეს, შესვენების შემდეგ კი შეცვლაზე შესულმა რევაზ ბარაბაძემ სამი რეალური შესაძლებლობა ვერ გამოიყენა.

მუმლაძეს შეცვლათა ლიმიტი უკვე გამოყენებული ჰქონდა, როცა ბარაბაძე დაშავდა და თამაშის გაგრძელება ვეღარ შეძლო. მატჩის ბოლო შვიდი-რვა წუთი ~ოლიმპმა" ათი კაცით ითამაშა, მაგრამ არც ამის გამო შეჰქმნია პრობლემა.


ოლიმპი-კოლხეთი 2:0
26.11. რუსთავი. ფოლადი. 500 მაყურებელი
გოლები: 1:0 რაზმაძე (34. პენ.), 2:0 რეხვიაშვილი (45. გეწაძის პასით)

ოლიმპი კოლხეთი
4-4-2 4-4-1-1
ბედიაშვილი გორდეზიანი
თ. ღონღაძე გეგელია
ა. კვახაძე ცხვიტარია
რეხვიაშვილი ბუკია
ჯაფარიძე ლემონჯავა
გეწაძე გულუა
ქავთარაძე გოგონაია
რაზმაძე მეგრელიშვილი
ბოლქვაძე მოისწრაფიშვილი
ბერიაშვილი გვალია
ი. მოდებაძე წიქარიშვილი

მწვრთნელი მწვრთნელი
რ. მუმლაძე ზ. ინიაშვილი

ოლიმპი
46. ბერიაშვილი – რ. ბარაბაძე
60. მოდებაძე – დობროვოლსკი
63. რეხვიაშვილი – ქემოკლიძე
სათადარიგოები: ჭანტურია, გ. ნუგ. ჭელიძე

კოლხეთი
57. მოისწრაფიშვილი – კუკულაძე
62. წიქარიშვილი – საცერაძე
73. გულუა – ბარამიძე
სათადარიგოები: ჩიქობავა, შ. გაბუნია, ზ. ჭედია, მორჩილავა

გაფრთხილება: ლემონჯავა (33), კუკულაძე (87)

არბიტრი: ხ. გაგნიძე


ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული