რუსთავის "მეტალურგი": ვარლამ კილასონიას გუნდში პირველი ახალწვეული ვარლამ კილასონიაა

AutoSharing Option
"მეტალურგში" მომხდარი საკადრო ცვლილების შესახებ უკვე ვწერდით: გელა სანაიას ნაცვლად რუსთავის გუნდის მთავარ მწვრთნელად ვარლამ კილასონია დაინიშნა. "მეტალურგი" ამჟამად შვებულებაში იმყოფება, თუმცა ფეხბურთელებს ინდივიდუალური პროგრამები დაურიგდათ და უკვე მეოთხე დღეა, ამ პროგრამით ხელმძღვანელობენ.

მეორე ეტაპისათვის მზადებას კი გუნდი 10 იანვრიდან დაიწყებს; უფრო ზუსტად, ამ დღეს შეიკრიბებიან და სწორედ მაშინ გაირკვევა ბევრი რამ.

უპირველეს ყოვლისა კი - გუნდში წამსვლელ-მომსვლელთა ვინაობა: ამ რამდენიმე დღის წინათ "მეტალურგის" ხელმძღვანელობა ფეხბურთელებს შეხვდა და კლუბში არსებული რეალური სურათი გააცნო. ანუ მეორე ეტაპიდან "მეტალურგის" ბიუჯეტი, წინა წელთან
შედარებით, საგრძნობლად შემცირებული იქნება და დღესდღეობით ძნელი სათქმელია, თუ რამდენი ფეხბურთელი დათანხმდება შესამჩნევად ნაკლებ ანაზღაურებას.

მოკლედ, "მეტალურგის" ფეხბურთელებს ამ საახალწლო დღეებში სერიოზული საფიქრალი ექნებათ: "მეტალურგში" დარჩნენ და საგრძნობლად შემცირებულ ხელფასს დათანხმდნენ თუ უკეთესი პირობების ძებნა დაიწყონ.

ამას გარდა, ჯერჯერობით უცნობია, თუ ვინ დაეხმარება ვარლამ კილასონიას: "მეტალურგის" სამწვრთნელო შტაბი, სავარაუდოდ, 10 იანვრამდე უნდა დაკომპლექტდეს.

სამაგიეროდ, უკვე ცნობილია გუნდის ერთი ახალწვეულის ვინაობა: "მეტალურგის" ღირსებას დაიცავს ცხინვალის "სპარტაკის" აწ უკვე ყოფილი ნახევარმცველი, 20 წლის ვარლამ კილასონია.

ეს უკანასკნელი "მეტალურგის" მთავარი მწვრთნელის მოსახელე, მოგვარე და ძმიშვილი გახლავთ; ოღონდ, უმცროსი-კილასონიას მშობლიური ქალაქის გუნდში დაბრუნება, უპირველეს ყოვლისა, ამ ახალგაზრდა ნახევარმცველის საფეხბურთო მონაცემებს უნდა დავუკავშიროთ.

ვარლამ კილასონია-უმცროსი, მამის (გია კილასონია რუსთავის "გორდას" და საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი გახლდათ) მსგავსად, ამპლუით ცენტრალური ნახევარმცველია.

სწორედ ამ პოზიციაზე თამაშობდა თავდაპირველად "სპარტაკში", სადაც 17 წლის ასაკში ჩაირიცხა. თუმცა წინა სეზონში, როცა "სპარტაკი" პირველ ლიგაში გამოდიოდა, კილასონიას ხშირად უწევდა ამპლუის შეცვლა: რამდენჯერმე გარემარბად მოგვევლინა, მერე კი, როცა "სპარტაკი" ერთწლიანი პაუზის მერე უმაღლეს ლიგას დაუბრუნდა, რამდენიმე მატჩში ცენტრალურ მცველადაც მოგვევლინა.

აი, "მეტალურგში" რა პოზიციაზე ვიხილავთ უმცროს-კილასონიას, ეს ჯერჯერობით უცნობია. ამ ახალწვეულის დამატებით კი "მეტალურგში" რუსთაველი ფეხბურთელების რიცხვი გაიზარდა: პირველ ეტაზე გუნდში მხოლოდ ორი ადგილობრივი მოთამაშე, 33 წლის მეკარე გრიგოლ ბედიაშვილი და 24 წლის ნახევარმცველი გიორგი ქავთარაძე ირიცხებოდნენ.

დიდი ალბათობით, "მეტალურგი" ზამთრის მოსამზადებელ პერიოდს რუსთავში გაივლის, ვარჯიშს კი 11 იანვარს დაიწყებს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
ძმაო ძმითა ხარ ძლიერი თუ ძმა გყავს პოლიციელი
malxazi
14:32 30-12-2013
0
კაკასჰვილიც ცხინვალიდან ვარლამ წაიყვანე სჰენტან
lasha
09:40 01-01-2014
0

სიახლეები პოპულარული