ქუთაისის "ტორპედოს" ყიდვა მერაბ ჟორდანიას უნდა?!

AutoSharing Option
ქუთაისის "ტორპედოდან" კომპანია "ვისოლის" წასვლის შემდეგ ძველი მეპატრონის მიერ დაანონსებული რამდენიმეწლიანი გეგმა, რომლის განმავლობაშიც "ტორპედო" საშუალო ევროპული დონის გუნდად უნდა ქცეულიყო, საპნის ბუშტივით გასკდა.

შედეგად, უკვე მერამდენედ, ქუთაისურ გუნდში "ახალი ეტაპი" იწყება, ოღონდ ძველი სახეებით...

გადაწყვეტილია, რომ "ტორპედოს" გამოცდილი სპეციალისტი რევაზ ძოძუაშვილი დამოძღვრავს, რომელიც ქუთაისური გუნდის დამრიგებელი 1978, 1988-89, 2001-02 და 2006 წლებში იყო. "ტორპედომ" საქართველოს ჩემპიონობა ბოლოს (2002 წელს) სწორედ მისი თავკაცობით მოიპოვა.

კლუბში ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობაზე ბრუნდება კლუბის ყოფილი პრეზიდენტი გიორგი ხურციძე, რომელიც პრეტენზიას გამოთქვამდა, რომ წინა ხელისუფლებამ კლუბი
იძულებით დაათმობინა და გისოსებს მიღმაც უსამართლოდ ამყოფა.

ასევე გადაწყვეტილია, რომ "ტორპედოს" ახალი პრეზიდენტი იქნება ცნობილი ფეხბურთელი გიორგი დემეტრაძე, რომელიც უკვე ქუთაისში იმყოფება.

ახალი მწვრთნელის ხელმძღვანელობით, "ტორპედომ" პირველად 10 იანვარს, საღორიის ბაზაზე ივარჯიშა. ძოძუაშვილის გადაწყვეტილებით, საწვრთნელი პროცესი ღია იყო და მას გულშემატკივართა საკმაოდ დიდი რაოდენობაც დაესწრო.

Sportall.Ge

ამ ეტაპზე, ვარჯიშში დუბლშემადგენლობის რამდენიმე წევრმა და სინჯებზე მყოფმა ფეხბურთელებმაც მიიღეს მონაწილეობა, რომელთა შორის ორი აფრიკელიცაა.

ძოძუაშვილის თქმით, გამოცდილი ფეხბურთელები ბაზაზე 14 იანვრიდან გამოჩნდებიან და გუნდი დაახლოებით 6-8 მოთამაშით გაძლიერდება. კულუარებში მათი გვარებიც გაჟღერდა - ვალერი აბრამიძე, ზურაბ მენთეშაშვილი, როინ კვასხვაძე, ზაალ ელიავა, მამუკა ღონღაძე, ლევან ხმალაძე, გიორგი შაშიაშვილი...

თუმცა შეკრების პირველ დღეს, ჩამოთვლილ ფეხბურთელთაგან, "ტორპედოს" ბაზაზე მხოლოდ ღონღაძე იმყოფებოდა, რომელსაც საწვრთნელ პროცესში მონაწილეობა არ მიუღია.

"მოლაპარაკება მიმდინარეობს. დიდი სურვილი მაქვს, ქუთაისურ გუნდში ვითამაშო, თუმცა სხვა ქართული კლუბებიდანაც მაქვს შემოთავაზებები და ჯერ ვერ ვიტყვი, სად გავაგრძელებ კარიერას. ყველაფერი უახლოეს დღეებში გადაწყდება", - გვითხრა ღონღაძემ.

"ტორპედოს" ძირითადი შემადგენლობიდან კი ბაზაზე მხოლოდ ვაჟა ტაბატაძე იმყოფებოდა, რომელიც მძიმე ტრავმის შემდეგ სარეაბილიტაციო კურსს გადის. მისი თქმით, მწვრთნელებთან და კლუბის ხელმძღვანელობასთან შეხვედრის შემდეგ გადაწყდება, კარიერას "ტორპედოში" გააგრძელებს თუ სხვა გუნდს მიაშურებს.

ალბათ, მკითხველისთვის "ტორპედოს" გულშემატკივართა პოზიციაც იქნება საინტერესო. ჩვენ რამდენიმე მათგანს გავესაუბრეთ.

როლანდ ჭურაძე ("ტორპედოს" ფან-კლუბის ხელმძღვანელი):
"გადაწყვეტილია, რომ გუნდს რევაზ ძოძუაშვილი გაუძღვება და ეს ძალიან გვახარებს. დარწმუნებულნი ვართ, რომ ის ბრძოლისუნარიან გუნდს ჩამოაყალიბებს, რომელიც ზედა ექვსეულისა და თასისთვის იბრძოლებს.

შეიცვლება კლუბის ლოგო და მას ის სიმბოლიკა დაუბრუნდება, რომელიც ზედიზედ სამგზის ჩემპიონობისას ჰქონდა...

რაც შეეხება ახალ სპონსორს, ჭორის დონეზე არის საუბარი, რომ "ტორპედოს" ყიდვა მერაბ ჟორდანიას უნდა, თუმცა ეს ინფორმაცია ჯერჯერობით დაზუსტებული არ არის"
.

ომარ ზივზივაძე:
"მჯერა, რევაზ ძოძუაშვილი კარგ გუნდს შექმნის. ძლიერი სპეციალისტია. მას შეუძლია, გუნდი გამოუვალი მდგომარეობიდანაც გამოიყვანოს. შემადგენლობა, რომელსაც ის თავის გარშემო მოიკრებს, მგონია, რომ კარგი იქნება.

ჭორის დონეზე ვიცით, რომ მერაბ ჟორდანიას უნდა "ტორპედოს" ყიდვა. თუ მართლაც ასე მოხდა, ეს ძალიან დიდი მნიშვნელობის ამბავი იქნება. ქუთაისში არის იმის პოტენციალი, რომ საშუალო ევროპული გუნდი შეიქმნას"
.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
ესენი შერჩევაზე მისული ხალხია, ერთნაირი სპორტულები საიდან ექნებათ.
chincho
14:59 13-01-2014
0
ერთნაირი სპორტულებიც არაა აქვთ .. გული მეწვება რო ვუყურებ :((
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული