სოსო ფრუიძე: თებერვლიდან მატჩებს ივანწმინდაში ჩავატარებთ

AutoSharing Option
ეროვნული ჩემპიონატის საშემოდგომო ეტაპი ისე დასრულდა, საჩხერის "ჩიხურას", "ზუგდიდს", ბოლნისის "სიონს", ლანჩხუთის "გურიასა" და მარტვილის "მერანს" საკუთარ სტადიონებზე ერთი შეხვედრაც არ ჩაუტარებიათ.

ცხინვალის "სპარტაკზე" არაფერს ვამბობთ, რადგან ამ გუნდის სპეციფიკურობა ისედაც გასაგებია.

ამგვარი ვითარების მიუხედავად, "ჩიხურამ" იმდენი მოახერხა, რომ პირველი წრე მეორე ადგილზე დაასრულა. მაგრამ რეალურია, რომ ეს პრობლემა გუნდს მეორე წრეში მოეხსნას.

გუნდის მთავარი მწვრთნელი სოსო ფრუიძე ამბობს, რომ ჩემპიონატის დარჩენილ მატჩებს "ჩიხურა" სოფელ ივანწმინდის სტადიონზე ჩაატარებს.

"გასული წლის შემოდგომიდან მოყოლებული, საკუთარ სტადიონზე თამაშის საშუალება არ გვქონდა, რაც ხელს
ძალიან გვიშლიდა - შინაურ "კედლებში" გუნდი ყოველთვის უკეთ რომ თამაშობს, ეს სადავო არ არის.

ამის მიუხედავად, საშემოდგომო ეტაპის შემდეგ მეორე ადგილზე ვართ, შემდგომი ეტაპისთვის კი ივანწმინდის სტადიონზე დავბრუნდებით.

შარშან ზაფხულში აქ თამაშის უფლება იმიტომ არ მოგვეცა, რომ VIP და პრესლოჟები არ იყო და სტადიონი სტანდარტებს სხვა პარამეტრებითაც არ პასუხობდა. ახლა ეს საკითხები მოგვარდა, პლუს, გასახდელები გაფართოვდა, სტანდარტებში ჩაჯდა და დიდი საპრესკონფერენციო დარბაზიც კეთილმოეწყო; გაფართოვდა ტრიბუნები და 600 მაყურებლის ნაცვლად, ამიერიდან 1200 კაცს დაიტევს.

ასე რომ, თებერვლიდან საკუთარ სტადიონზე ვითამაშებთ. ასეთ პირობებში კი იმედი გვაქვს, მეტი გულშემატკივარი გვეყოლება და ჩემპიონატის დარჩენილ ნაწილს გაცილებით უკეთ ჩავატარებთ",
- ამბობს "ჩიხურას" მთავარი მწვრთნელი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული