ჰო, ნამდვილად არ არის პატარა ამბავი, როცა ზამთრის პაუზის დროს ამბიციური გუნდიდან 15 (!) ფეხბურთელი წავა!
არადა, "მეტალურგს" იმის ამბიციაც აქვს, საპრიზო სამეულში მოსახვედრად იბრძოლოს და ნურც იმას დავივიწყებთ, რომ გუნდი საქართველოს თასის მეოთხედფინალშია გასული.
ოღონდ ამ შემთხვევაში რუსთაველებს აშკარად არ გაუმართლათ: მეტოქედ ხომ თბილისის "დინამო" ერგოთ. თანაც, სეზონის განახლებას "მეტალურგი" სწორედ "დინამოსთან" მატჩით უნდა შეხვდეს, მაგრამ რა კონტინგენტი ეყოლება რუსთაველთა "ძველ-ახალ"
შეგახსენებთ, რომ პირველ ეტაპზე მოასპარეზე ფეხბურთელთაგან "მეტალურგში" მხოლოდ შვიდი მოთამაშეა დარჩენილი: მეკარეები - გრიგოლ ბედიაშვილი, კოკა სეფიაშვილი; მცველი - მიხეილ მახვილაძე; ცენტრალური ნახევარმცველები - გიორგი ქავთარაძე, გიორგი ვასაძე; გარემარბი - დავით საჯაია და ფორვარდი - გიორგი ჩირგაძე.
რაც შეეხება მატებას, ოფიციალურად ჯერჯერობით გუნდში ერთი ახალწვეულია: ცხინვალის "სპარტაკიდან" მშობლიური ქალაქის გუნდში გადმოვიდა 21 წლის ვარლამ კილასონია (უმცროსი).
და აი, "მეტალურგის" 19 იანვრის ვარჯიშზე კიდევ ორი ახალწვეული გამოჩნდა და ორივე ისეთი ფეხბურთელია, რუსთაველთა გუნდს უსათუოდ რომ გააძლიერებს.
სხვათა შორის, ორივე ეს მოთამაშე პირველ ეტაპზე თბილისის "დინამოში" თამაშობდა - 28 წლის მარჯვენა მცველი გიორგი სეთურიძე და 25 წლის შემტევი ნახევარმცველი გიორგი მიქაბერიძე.
სეთურიძეს "მეტალურგში" ადრეც უთამაშია: პირველად 2006-07 წლების სეზონში გამოჩნდა რუსთაველთა გუნდში, როცა საქართველოს ჩემპიონიც გახდა (მაშინ გუნდი "ოლიმპის" სახელწოდებით გამოდიოდა).
ამის შემდეგ იყო გერმანულ "კარლ ცაისში" ასპარეზობა და 2008/09 წლების სეზონის დასაწყისში მეორედ დაბრუნება რუსთავის "გუნდში".
მერე სეთურიძე გარკვეული პერიოდის განმავლობაში ჯერ აზერბაიჯანში გამოდიოდა, შემდეგ - ქუთაისის "ტორპედოში" და 2011/12 წლების მსვლელობისას მესამედ დაბრუნდა "მეტალურგში".
სწორედ აქედან მიაშურა თბილისის "დინამოს", სადაც წინა სეზონში გუნდის შეუცვლელი ფეხბურთელი გახლდათ და თავისი არცთუ მოკრძალებული წვლილი შეიტანა "დუბლის" შესრულებაში.
აი, ამ სეზონის პირველ ეტაპზე (ისე, როგორც - ევროტურნირებზე) სეთურიძეს უკვე სერიოზული კონკურენტი ჰყავდა "დინამოს" დაცვის მარჯვენა ფლანგზე (დავით ხურცილავა); პირველი ეტაპის დასრულების შემდეგ კი "დინამომ", სხვა რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელის მსგავსად, სეთურიძე "ტრანსფერზე" დააყენა და ეს გამოცდილი მარჯვენაფლანგელიც სეზონის ბოლომდე "მეტალურგს" დაეხმარება.
აი, რაც შეეხება გიორგი მიქაბერიძეს, ეს საინტერესო შემტევი ნახევარმცველი "მეტალურგს" ხანმოკლე პაუზის მერე უბრუნდება: წინა ორი სეზონი ხომ სწორედ რუსთაველთა გუნდის წამყვან ფეხბურთელად მიიჩნეოდა და ხშირი ტრავმები რომ არა, ალბათ, ორივე შემთხვევაში ყველა მატჩს ძირითადშიც დაიწყებდა.
სხვათა შორის, რუსთავური კლუბი მიქაბერიძეს ხშირად ანათხოვრებდა ხოლმე სხვადასხვა ქართულ გუნდში და მხოლოდ 2011 წლის ზაფხულიდან დაიმკვიდრა ადგილი "მეტალურგში" და, როგორც უკვე აღვნიშნეთ, გუნდის ერთ-ერთ წამყვან ფეხბურთელადაც მოიაზრებოდა.
სამწუხაროდ, "დინამოში" შარშან ზაფხულში გადასულ მიქაბერიძეს სათამაშო პრაქტიკა, ფაქტობრივად, არც ჰქონია: ჩემპიონატში მხოლოდ ორჯერ შემოვიდა შეცვლაზე (თანაც, ორივეჯერ - "გურიასთან" შეხვედრაში).
ერთადერთი, რითაც მიქაბერიძეს "დინამოში" გატარებული პერიოდი შესაძლოა "ტკბილად" გაახსენდეს, სათასო მატჩები იყო: მერვედფინალში ხობის "კოლხეთთან" ორივე შეხვედრა ძირითადში დაიწყო და საერთო ჯამში, 3 გოლიც გაიტანა!
დაბოლოს, შეგახსენებთ იმ ფეხბურთელებს, ამ ზამთრის პაუზის დროს "მეტალურგიდან" რომ წავიდნენ: მცველები - ლაშა ჯაფარიძე, სერგი ორბელაძე, ლევან კაკუბავა, გიორგი გავაშელიშვილი, ანზორ სუხიაშვილი; ნახევარმცველები - რევაზ გეწაძე, ლუკა რაზმაძე, ლევან კორღალიძე, გურამ გურეშიძე, დავით მაისაშვილი, დავით კირკიტაძე; თავდამსხმელები - გოგა ფიფია, გიორგი ბერიაშვილი, ირაკლი სიხარულიძე, ბექა ტუღუში...
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
მოსალოდნელი დანიშვნა: ზაზა ჯანაშია რუსთავის "მეტალურგში" იმუშავებს?