ერთი სიტყვით, ქართულ საკლუბო ფეხბურთს არ აქვს განვითარების ერთიანი კონცეფცია, რაც ხელს უშლის ზოგადად ქვეყანაში ფეხბურთის განვითარებას...
ამ დროისთვის, ზოგი ქართული კლუბი ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე ვარჯიშობს. ფეხბურთელები იქ ფიზიკურ კონდიციებზე მუშაობენ. ტანსაცმლის საკიდის ფუნქციას ხე ასრულებს, ფეხსაცმლის გამოცვლა თუ გახდა საჭირო, ჯირკვიც მოინახება; გაოფლიანებული
ნაიპოდრომალ ტერიტორიაზე თავლები აღარ არის, მწვანე ზოლს გამონაბოლქვის დიდი სარტყელი ებრძვის, უმაღლესი ლიგის ფეხბურთელებს კი იქ თავიანთი საქმე აქვთ - მზადება სეზონის განახლებისთვის...
საკლუბო ფეხბურთს უჭირს, თუმცა უძრაობის პერიოდი ნამდვილად არ უდგას. რამდენიმე კლუბის წარმომადგენელს ვესაუბრე და ჯერ არაოფიციალურად, მაგრამ მაინც დამიდასტურეს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ფეხბურთის ფედერაცია აპირებს, უმაღლესი ლიგის თითოეულ კლუბს განსაზღვრული თანხა გამოუყოს.
მანამდე ასე იყო: ფედერაციას 1 მილიონი ლარი ჰქონდა გამოყოფილი საპრიზო ფონდისთვის, ახლა კი ერთ ამდენს კიდევ დაუმატებს და 2 მილიონი ლარიდან უმაღლესი ლიგის თითოეულ კლუბს 166 ათას ლარს დაურიგებს.
ცხადია, ეს ის თანხა არ არის, უმაღლესი ლიგის კლუბს საარსებოდ რომ ეყოს, მაგრამ მნიშვნელოვანი კაპიტალია ნებისმიერი ქართული გუნდისთვის. ზოგისთვის ეს ის თანხაა, რითაც ბევრ პრობლემას მოაგვარებს. შეგახსენებთ, რომ ფეხბურთის ფედერაციამ კლუბები უკვე გაათავისუფლა სამონაწილეო 40 ათასი ლარის გადახდისგან და ამ დანაზოგის გარდა, საწვავითაც ეხმარება კლუბებს.
გაჩნდა კიდევ ერთი ინფორმაცია, რომლის დაზუსტებასაც "ლელოს" უახლოესი ნომრებისთვის ეცდება. ლაპარაკია პროფესიული ლიგის ხელახლა შექმნაზე. კულუარული წყაროს ცნობით, ამის ინიციატორები კერძო კლუბები არიან, რომელთა სამოქმედო გეგმა ასეთია - ერთ მილიონ ლარს ფედერაცია მოგვცემს საპრიზო ფონდიდან, ასევე ფედერაციას გამოვართმევთ იმ 700 ათას ლარს, რაც მსაჯების მომსახურებისთვის არის განკუთვნილი, დანარჩენ 300 ათასს ჩვენ ვიშოვით და ასე მოვუყრით თავს 2 მილიონსო.
თუ ეს ყველაფერი მართალია, ჩნდება კითხვა: თუ 2 მილიონს ფედერაცია თავად აგროვებს კლუბებისთვის, მაშინ რაღა საჭიროა პროფლიგა? ამ იდეის მხარდამჭერთა არგუმენტი ალბათ ის უნდა იყოს, რომ სპორტის სამინისტრო და ფედერაციის ხელმძღვანელობა რაღაც საკითხებზე ვერ თანხმდებიან და თუ კლუბები პროფლიგაში გაერთიანდებიან, იქნებ ასე უფრო იოლად მოხერხდეს საკლუბო ფეხბურთისთვის სახელმწიფო სახსრების კონცეპტუალური ხარჯვა.
ერთი სიტყვით, ამ ეტაპზე ისეთი ვითარებაა, როცა ტყუილი და მართალი ერთმანეთშია არეული, ყველა საკუთარ ინტერესზე ფიქრობს, ხოლო ერთიანი, ჩამოყალიბებული პოზიცია ჯერ არავისგან მოგვისმენია.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"