ჰო, მაშინდელ საბჭოთა კავშირში ტერმინი "პროფესია-ფეხბურთელი" ხომ საერთოდ არ არსებობდა. სამაგიეროდ, თითოეული გუნდი ან რომელიმე უწყების (მილიცია, ჯარი, პროფკავშირები), ან კიდევ რომელიმე მსხვილი სამრეწველო საწარმოს დაქვემდებარებაში იყო. ჰოდა, თითოეული საბჭოელი ფეხბურთელი, იმის გარდა, რომ კომკავშირელობითა თუ კომუნისტობით "მოიწონებდა თავს", ან მილიციისა თუ სამხედრო ჩინი(?!) ჰქონდა, ან კიდევ რომელიმე ქარხანასა თუ ფაბრიკაში იყო "გაფორმებული".
თუმცა "კაპიტალისტური ფეხბურთისგან" სხვა რამითაც
და აი, 1990 წელს, როცა ქართულმა ფეხბურთმა დამოუკიდებლად არსებობა გადაწყვიტა, ერთ-ერთი პირველი გადაწყვეტილება საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის ახლებური ფორმატით ("შემოდგომა-გაზაფხულის") ჩატარება იყო!
ვისაც 1990 წლის გაზაფხულზე ქართულ ფეხბურთში მომხდარი მართლაც ისტორიული მოვლენის პერიპეტიები ახსოვს, ალბათ, დაგვეთანხმება, რომ საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის "შემოდგომა-გაზაფხულის" სისტემით ჩატარების იდეაც არავის გაუპროტესტებია და ნოდარ ახალკაცი-უფროსის ის წინადადებაც, ინგლისის მსგავსად, ჩვენს ჩემპიონატშიც გამარჯვებაზე, 2-ის ნაცვლად, გუნდებს 3 ქულა დარიცხებოდათ.
ჰოდა, ასე "მოვდივართ" აგერ, უკვე 25-ე წელიწადია; თუმცა იმასაც შეგახსენებთ, რომ უკანასკნელი სამი-ოთხი წლის განმავლობაში "ლელომ" რამდენჯერმე დააყენა საკითხი იმის შესახებ, რომ "შემოდგომა-გაზაფხულის" ნაცვლად, საქართველოს ჩემპიონატი... "გაზაფხული-შემოდგომის" სისტემით ჩატარებულიყო. ყოველივე ამას კი რამდენიმე ფაქტორით ვასაბუთებდით: ჯერ ერთი, ჩემპიონატი მარტის ბოლოს დაიწყებოდა, პირველი ეტაპი (გნებავთ, წრე) ივნისის დასაწყისამდე (ანუ აუტანელი სიცხეების დადგომამდე) გაგრძელდებოდა, მერე თვე-თვენახევარი შესვენება იქნებოდა და აგვისტოს შუა რიცხვებიდან კი სეზონი განახლდებოდა, რომელიც ნოემბერში დამთავრდებოდა.
ამ ყველაფრით კი დეკემბერსა თუ თებერვალში უამინდობით გამოწვეულ პრობლემებს თავიდან ავიცილებდით: მოგეხსენებათ, ჩვენთან როგორც კი წამოთოვს, ლამის არის, მთელი ტურის მატჩები გადაიდოს! აღარაფერს ვამბობთ იმ მართლაც უცნაურობაზე, როცა პირველ და მეორე ეტაპს შორის ხანდახან ორთვიანი პაუზაა ხოლმე და ისიც გვითქვამს არაერთხელ, რომ როცა ზამთრის პაუზის მერე სეზონი განახლებულა, ისეთი შეგრძნება ყოფილა, თითქოსდა, საერთოდ ახალი ჩემპიონატი იწყებაო!
ახლა კი, "შეგრძნება" კი არა, ისეთი სიტუაციაა, რომ ფაქტობრივად, მართლაც ახალი ჩემპიონატის დაწყების მოლოდინში ვართ! ჰო, მართლაც ასეა: პირველ ეტაპზე ჩატარებული ის 18-ტურიანი ჩემპიონატი, თითქოსდა, სხვა სეზონს ეკუთვნოდა, ახალი კი 26 თებერვალს უნდა დაიწყოს! ანუ XXV ჩემპიონატი კი არ უნდა განახლდეს, არამედ ახალი, რიგით 26-ე "დაიწყება" და მაისის ბოლოს ახალი ჩემპიონიც გვეყოლება! ანუ სამხრეთ თუ ლათინოამერიკულ მოდელზე "გადავდივართ": არგენტინაში, ჩილეში, ურუგვაიში, მექსიკასა თუ სხვა ქვეყნებში ხომ სეზონში ორი ჩემპიონატი ("აპერტურა" და "კლაუსურა") ტარდება.
ჰოდა, ჩვენთანაც დაახლოებით ასეთი სიტუაცია იქმნება: "ზამთრის ჩემპიონი" უკვე გვყავს (თბილისის "დინამო"), მაისის ბოლოს კი "გაზაფხულის ჩემპიონი" გვეყოლება და ამ ორ გუნდს შორის სუპერმატჩიც რომ ჩაგვეტარებინა, საქართველოს აბსოლუტური ჩემპიონიც გვეყოლებოდა და სწორედ ის გუნდი მიიღებდა კიდეც ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობის უფლებას.
თანაც, ხომ იცით, ყველაფერს ისედაც ორ-ორჯერ ვზეიმობთ. ხოლო, თუ "საგაზაფხულო ჩემპიონატსაც" კვლავაც "დინამო" მოიგებს, მაშინ იმ "სუპერმატჩის" გამართვა საჭირო აღარ გახდება.
და რატომ დაგვებადა ასეთი "ნოვატორული" იდეა? რატომ და, გადახედეთ ქართული გუნდების სატრანსფერო აქტივობას; უფრო ზუსტად, მსგავსი "სატრანსფერო საგიჟეთი" არც არასდროს ყოფილა! გასაგებია, რომ ზამთრის სატრანსფერო პერიოდში ამა თუ იმ გუნდში სამი-ოთხი ახალწვეული გამოჩნდეს; ან კიდევ, ესა თუ ის გუნდი რამდენიმე ფეხბურთელს დაემშვიდობოს და დაგვეთანხმებით, რომ ყველაფერი ეს ჩვეულებრივი, "მუშა" პროცესია; მაგრამ წლევანდელ ქართულ "სატრანსფერო საგიჟეთს" ანალოგი არ მოეძებნება!
აბა, გაგიგიათ, რომ თითქმის ყოველი მეორე გუნდიდან 15-მდე ფეხბურთელი წავიდეს? მერე ამათ ხომ ჩანაცვლება სჭირდებათ და ეს ჩვენი მწვრთნელებიც სულ რაღაც ორი თვის წინათ აბსოლუტურად განსხვავებულ კონტინგენტთან რომ მუშაობდნენ, დღეს სამი-ოთხი ახალწვეულის კი არა, ფაქტობრივად, მთლიანად... გუნდის ძებნაში არიან!
არადა, ყველაზე უცნაური, იცით, რა არის? რა და, აი, ის, როცა სეზონის დაწყების წინ ესა თუ ის გუნდი ახალწვეულთა სხვადასხვა "მასშტაბის" პრეზენტაციას მოაწყობს ხოლმე და სიამაყით გვამცნობს ქართული ფეხბურთის თემაზე მომუშავე ჯერ კიდევ შემორჩენილ თითოოროლა ჟურნალისტს: ამ ფეხბურთელმა ჩვენს კლუბთან სამწლიანი კონტრაქტი გააფორმაო, მეორემ - ოთხწლიანიო, მესამემ - ხუთწლიანიო და ასე შემდეგ. არადა, დადგება ზამთრის პაუზა და მერე შევიტყობთ, რომ თურმე, ის სამწლიანი, ოთხწლიანი თუ ხუთწლიანი კონტრაქტები სინამდვილეში... ნახევარწლიანი ყოფილა! უფრო ზუსტად, ზაფხულში იყო სამი, ოთხი თუ ხუთწლიანი, მაგრამ ზამთრის დადგომისთანავე... ნახევარწლიანი ხდება!
თუმცა ფეხბურთელებსაც არ გაემტყუნებათ: სადაც უკეთეს პირობებს შესთავაზებენ, იმ გუნდში გადავლენ; ოღონდ ამ "სატრანსფერო საგიჟეთს", შესაძლოა, გარკვეული გაუგებრობაც მოჰყვეს: მოგეხსენებათ, რომ უეფას კანონებით, ერთი სეზონის განმავლობაში ფეხბურთელს მხოლოდ ორ გუნდში ასპარეზობის უფლება აქვს.
არადა, ამ ზამთრის ქართულ სატრანსფერო ორომტრიალში რამდენიმე ისეთი ფეხბურთელიც ფიგურირებს, წინა ზაფხულს ევროტურნირებზე ერთ გუნდში რომ იასპარეზა, მერე მეორეში გააგრძელა კარიერა და ახლა კი - მესამეს მიაშურა!
მათემატიკური აღმოჩენა და სატრანსფერო ზღაპრები
"დიად კომუნიზმშიც" არასდროს დავბრუნდებით და საქართველოს ჩემპიონატიც, რაღა თქმა უნდა, ძველებურად, "შემოდგომა-გაზაფხულის" სისტემით გაგრძელდება; თუმცა სეზონის ორ ეტაპად კი არა, არამედ ორ ("ზამთრის" და "საგაზაფხულო") ჩემპიონატად დაყოფა კი მთლად იუმორის თემა არ გეგონოთ. რეალობას შევხედოთ და ვთქვათ: ის, რაც პირველ ეტაპზე გვქონდა, აბსოლუტურად სხვა ჩემპიონატი იყო, ახლა კი - აბსოლუტურად სხვა მოლოდინი გვაქვს!
კი ბატონო, იმავე გუნდებით და იმავე ფეხბურთელებით, ოღონდ ამ ფეხბურთელთა უმრავლესობამ სხვა გუნდებს მიაშურა და მათგან ერთეულები თუ არიან იჯარით გადასულნი, აი, დანარჩენებმა კი... სხვადასხვა ხანგრძლივობის კონტრაქტი გააფორმეს;
ჰო, სხვადასხვა, მაგრამ არა - ნახევარწლიანი, თუმცა ნურავის გაუკვირდეს, როცა ამ წლის ზაფხულში მორიგი სატრანსფერო ფანჯარა გაიხსნება, ქართული საფეხბურთო საზოგადოება შეიტყობს, რომ წლეულს ზამთარს ამა თუ იმ გუნდში "ზარ-ზეიმით" გადასულ ფეხბურთელთა ჯგუფს თურმე... კონტრაქტი ამოსწურვია! თანაც, ორ, სამ თუ ოთხწლიან კონტრაქტებზეა ლაპარაკი.
მოკლედ, მალე ზუსტ მეცნიერებაშიც მოვახდენთ გადატრიალებას: ანუ, შესაძლოა, რომ სწორედ საქართველოდან "წამოვიდეს" ახალი მათემატიკური აღმოჩენა იმის შესახებ, რომ "განსაკუთრებულ შემთხვევებში", 1, 2, 3 თუ 4, ფაქტობრივად, იგივეა, რაც 0,5!..
... არცთუ შორეულ წარსულსაც გაგახსენებთ, როცა ყოველი სატრანსფერო პერიოდის დადგომისთანავე ამა თუ იმ ქართველი ფეხბურთელის ზღაპრებს ვისმენდით ხოლმე; ბოლოს იმ იდეითაც გამოვედით, ამა თუ იმ უცხოურ კლუბში სინჯებზე წასული და იქ დაწუნებული ქართველი ფეხბურთელი სამშობლოში ჩამოსვლისთანავე "სიცრუის დეტექტორზე" შეგვემოწმებინა!
ჰო, მართლაც ბოლო არ უჩანდა ზოგიერთი ჩვენებურის "საფეხბურთო ზღაპრებს":
"მოწვევა მომივიდა, ჩავედი ადგილზე, ზღაპრული პირობები შემომთავაზეს, ბინა, ხელფას-პრემია, მანქანა, ძირითადში გარანტირებული თამაში და ასე შემდეგ; პირველივე ვარჯიშზე ახალი თანაგუნდელები გაოცებულნი მიცქერდნენ - ეს ვინ ჩამოსულაო?! მერე, პირველივე ორმხრივი მატჩი რომ ჩატარდა, მწვრთნელმა ნახევარ საათში გამომცვალა - არიქა, ტრავმა არ მოგივიდეს, ასეთ ძლიერ ფეხბურთელს ჩემს კლუბში არასდროს უასპარეზიაო და საერთოდაც, მთელი გუნდის თამაში შენზე უნდა ავაგოო; კლუბის პრეზიდენტი კი იმას მპირდებოდა, შენი ჭირიმე, ნახევარი სეზონით მოგვეხმარე, მერე ტოპ-კლასის კლუბში გაგყიდით და ჩვენც ვიხეირებთ და შენცო.
მოკლედ, თავი ზღაპარში მეგონა, მაგრამ კონტრაქტის გაფორმებისგან მაინც თავი შევიკავე: პირობებზე ვერ შევთანხმდით და ამიტომაც ვამჯობინე, რომ დროებით ისევ საქართველოს ჩემპიონატში ვითამაშო. არადა, ჩემი მენეჯერისგან ვიცი, რომ "დიდი ხუთეულის" (გერმანია, ინგლისი, ესპანეთი, იტალია, საფრანგეთი) გარდა, დანარჩენი ყველა ქვეყნიდან მაქვს საინტერესო შემოთავაზება და ამათგან ერთ-ერთი უნდა ავირჩიოთო. თანაც, ყველა გუნდი კონტრაქტს... გასინჯვის გარეშე მთავაზობსო!.."
აი, ასეთ ზღაპრებს ვისმენდით ხოლმე ამა თუ იმ ქართველი ფეხბურთელისაგან, რომელიც საშუალოზე დაბალი დონის გუნდში, თურმე, "პირობების შეუთანხმებლობის" გამო აღარ დარჩენილა; მერე კი, გარკვეული პერიოდის შემდეგ საქართველოშიც ვერსად დამკვიდრებულა და ბოლოს ჩვენზე დაბალი დონის ჩემპიონატის (გვერწმუნეთ, ასეთებიც არსებობენ - გ.ტ.)... რანგით მეორე ლიგაში აღმოგვიჩენია!
თუმცა, თუ ატყობთ, მსგავსი ზღაპრები ამ ბოლო დროს აღარ გვესმის; ისე, როგორც ზოგიერთი ქართველი მწვრთნელი თუ პრესატაშე აღარ გვაწვდის მცდარ ინფორმაციას უცხოური შეკრებიდან: ყოფილა შემთხვევები, როცა წაგებული საკონტროლო მატჩი... მოგებულად "გაუსაღებიათ"!
ახლა ხომ სხვა ეპოქაში ვცხოვრობთ, როცა ნებისმიერი ინფორმაცია ხელმისაწვდომია...
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"