ილია კოკაია: ღარიბაშვილს ფეხბურთი აინტერესებს და ეს ძალიან მაიმედებს

AutoSharing Option
როგორც იცით, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ვიცე-პრემიერ კახა კალაძესა და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრ ლევან ყიფიანთან ერთად, მთავრობის კანცელარიაში ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელებს - პრეზიდენტ ზვიად სიჭინავას, ვიცე-პრეზიდენტებს რევაზ არველაძეს, ალექსანდრე ჩივაძეს და საპატიო ვიცე-პრეზიდენტ მურთაზ ხურცილავას შეხვდა.

თუ რა საკითხები იყო განხილული ამ შეხვედრისას, იმ დღეს ამ თემაზე ყველამ დუმილი ამჯობინა. ისღა დაგვრჩენოდა, ინფორმაცია ვარაუდებსა და კულუარულ წყაროებზე აგვეგო.

მოგვიანებით, ამ შეხვედრის თაობაზე ინფორმაცია პრემიერის პრესსამსახურმა გაავრცელა. აღმოჩნდა, რომ კანცელარიაში საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებასა და ბავშვთა ფეხბურთის განვითარებაზე უსაუბრიათ. გაირკვა
ისიც, რომ პრემიერ-მინისტრმა ეს საქმე ინფრასტრუქტურის მინისტრ დავით ნარმანიას გადააბარა, რომელსაც ფედერაციის ხელმძღვანელები სწორედ ინფრასტრუქტურულ პროექტებთან დაკავშირებით შეხვდებიან.

ამასობაში, "ლელოსთვის" ცნობილი გახდა, რომ სამინისტროსა და ფედერაციის თავკაცებთან შეხვედრის შემდეგ პრემიერ ღარიბაშვილს უმაღლესი ლიგის კერძო კლუბების ხელმძღვანელებთანაც უსაუბრია. ეს ამბავი "ზესტაფონის" პრეზიდენტ ილია კოკაიასთან გადავამოწმეთ:

- დიახ, უმაღლესი ლიგის კერძო კლუბების მეპატრონეები პრემიერ-მინისტრს შევხვდით. შეხვედრაზე ვიყავით - მე, "დინამოდან" - რომან ფიფია, "ვიტ ჯორჯიადან" - გურამ რუხაძე, "მერანიდან" - ფრიდონ ინჯია, საჩხერის "ჩიხურას" წარმომადგენელი და ქუთაისის "ტორპედოს" ყოფილი პრეზიდენტი ლევან ფხაკაძე.

- ლევან ფხაკაძე "ტორპედოდან" ხომ წავიდა?
- რომ წავიდა, ეტყობა, პრემიერისთვის სწორედ ამის მიზეზი იყო საინტერესო - რატომ გადადგა ეს ნაბიჯი და რატომ აღარ აინტერესებს ფეხბურთი? ფხაკაძემ იმ პრობლემებზე ილაპარაკა, რაც კლუბსა და ზოგადად, ქართულ ფეხბურთს აბრკოლებს.

- პრემიერს სამინისტროსა და ფედერაციის ხელმძღვანელებთან ერთად რატომ არ შეხვდით?
- ფეხბურთს ყველა თავისებურად უყურებს და, ეტყობა, სახელმწიფოს კერძო კლუბების მეპატრონეთა აზრი არანაკლებ აინტერესებს, ვიდრე ფედერაციის თავკაცების. ცხადია, ყველაფერზე სალაპარაკოდ დრო არც გვექნებოდა, მაგრამ ჩემთვის ერთი რამ იყო საგულისხმო - ბევრ პრემიერს შევხვედრივარ, მაგრამ ფეხბურთით სიღრმისეულად და საქმიანად არავინ დაინტერესებულა. იგრძნობოდა, რომ ღარიბაშვილს ქართული ფეხბურთის მძიმე მდგომარეობიდან გამოყვანა მართლაც სურს.

და რაც მთავარია, გამიკვირდა და მესიამოვნა - ის გულდასმით გვისმენდა. არადა, რამდენი ხანია, გვინდოდა, ვინმეს ჩვენი პრობლემები მოესმინა, გაეგო და გულთან ახლოს მიეტანა...

- კონკრეტულად რა საკითხი დაისვა შეხვედრაზე?
- მე კლუბების თანაბრად დაფინანსების საკითხი დავსვი. ვთქვი, რომ სახელმწიფო კლუბებს შვილებად და გერებად არ უნდა ჰყოფდეს. რა მნიშვნელობა აქვს, კლუბი კერძოა თუ სახელმწიფოს კუთვნილება? ჩვენ ხომ ყველა ქართული ფეხბურთის მომავალზე ვზრუნავთ?! ისე კი, მიმაჩნია, რომ ამას კერძო კლუბები გაცილებით ეფექტურად ვახერხებთ.

- და რა იყო ღარიბაშვილის პასუხი?
- პრემიერმა ეს აზრი ძალზე ადეკვატურად მიიღო და დაგვეთანხმა, რომ ყველას მიმართ ერთნაირი მიდგომა უნდა იყოს. ამას გარდა, გვკითხა - როგორ წარმოგვიდგენია, რომ ბიზნესი ფეხბურთისკენ შემოტრიალდეს.

- მართალია, თითქოს პრემიერი უახლოეს პერიოდში ბიზნესმენებთან შეხვედრას სწორედ საფეხბურთო საკითხების განსახილველად აპირებს?
- არ ვიცი, მაგრამ ღარიბაშვილის დაინტერესებიდან გამომდინარე, არ გამოვრიცხავ, ასეთი სურვილი ჰქონდეს. ეს არის პრემიერი, რომელსაც ფეხბურთი აინტერესებს. ეს ძალიან მახარებს და მაიმედებს.

- ეს ყველაფერი ლაპარაკად ხომ არ დარჩება? მაგალითები ხომ მრავლად გვახსოვს?
- გამოვრიცხავ, რადგან პირველი ნაბიჯი სამთავრობო კომისიის ჩამოყალიბება იქნება. ეს კომისია კლუბებთან ერთად იმუშავებს. ფედერაცია კი, როგორც ჩვენი შეხვედრის დროს გავიგეთ, სახელმწიფოსგან თურმე 100 მილიონს ითხოვს - აი, ასე, ჯიგრულად მოგვეცით და ჩვენ მივხედავთო. აღარ მინდა ფედერაციასთან პოლემიკა, მაგრამ რბილად რომ ვთქვა, ამ წინადადებამ ძალიან გამაკვირვა.

- რატომ?
- თვლა სახელმწიფო მოხელეებმაც არანაკლებად იციან და ფულს თავადაც კარგად გადაანაწილებენ უმაღლესი და პირველი ლიგის კლუბებზე, ეროვნული ჩემპიონატის საპრემიო ფონდზე, ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, საფეხბურთო სკოლებსა და მწვრთნელთა განათლებაზე. ამას ფედერაციის შუამავლობა რაში სჭირდება?! უბრალოდ, საინტერესოა, ამ გადანაწილებაში ფედერაცია რა როლს შეასრულებს და, საერთოდ, რა არის მისი ფუნქცია?

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 5 /
გუდაური რა ბატონ ილიას ჩააბარეთ?!თბილისის მერიის ბალანსზეა!!!არ შედრკეთ ბატონო ილია!
choti
11:02 12-02-2014
0
ვინ უთხრა კოკაიას,რომ ღარიბაშვილს ფეხბურთი აინტერესებს?-ღარიბაშვილმა ისიც არ იცის ფეხბურთს რამდენი კაცი თამაშობს.საიდან მოთხარა რომ ფეხბურთი აინტერესებსო?-ეს ალბათ ჩვეულებრივი"პადხალიმობის"მცდელობაა!
pirdapiri
10:58 12-02-2014
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული