ოთარ მარცვალაძე: "დინამოში" მოსვლა ჩემს კარიერაში წინ გადადგმული ნაბიჯია

AutoSharing Option
სეზონის განახლებამდე რამდენიმე დღით ადრე "დინამოში" კიდევ ორი ახალწვეული გამოჩნდა და როგორც უკვე დავაანონსეთ, 17 თებერვალს ცნობილი ქართველი ფორვარდის, 29 წლის ოთარ მარცვალაძისა და 27 წლის ჰოლანდიელი მარჯვენა მცველის, იენს იანსეს წარდგენაც მოხდა.

მარცვალაძის საფეხბურთო კარიერის შესახებ გუშინაც ვწერდით და დღეს მხოლოდ იმას დავამატებთ, რომ ეს ჩინებული დრიბლინგის მქონე ფეხბურთელი ამიერიდან "დინამოში" 20-ნომრიანი მაისურით იასპარეზებს და ეს მაისურა მან "დინამოს" პრეზიდენტმა რომან ფიფიამ გადასცა.

რაც შეეხება ჰოლანდიურ კლუბებსა ("ტილბურგი", "ბრედა") და ესპანურ "კორდობაში" ნათამაშებ იანსეს, მან 22-ნომრიანი მაისურა "დინამოს" სპორტული
მენეჯერისგან, ირაკლი ვაშაკიძისგან მიიღო.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge
აქვე იმასაც ვიტყვით, რომ მარცვალაძეც და იანსეც "დინამოში" თავისუფალი აგენტის სტატუსით ჩაირიცხნენ და კონტრაქტიც ჯერჯერობით სეზონის ბოლომდე აქვთ გაფორმებული.

ახალწვეულთა წარდგენის მერე "დინამოს" წარმომადგენლებმა მედიისათვის რამდენიმე კომენტარიც გააკეთეს.

რომან ფიფია
("დინამოს" პრეზიდენტი):
"იმედს დავიტოვებ, რომ ახალწვეულები გუნდს გააძლიერებენ და ამ ფეხბურთელების დამატებაც ჩვენს ქომაგებს გაუხარდებათ. ორივე მაღალი დონის ფეხბურთელია და დღესდღეობით ოპტიმალური შემადგენლობაც შეიკრიბა.

ვფიქრობ, ამ ზამთრის მოსამზადებელ პერიოდში "დინამომ" საკმარისი ტრანსფერები განახორციელა. აი, რაც შეეხება ზაფხულს, შევხედავთ, გუნდი რა მდგომარეობაში იქნება და ტრანსფერებს კვლავაც განვახორციელებთ"
.

ოთარ მარცვალაძე:
"ძალიან დიდი დრო გამიცდა და საქართველოს ჩემპიონატში დაბრუნებაც გადავწყვიტე. როდესაც "დინამოს" შემოთავაზება მივიღე, მაშინვე დავთანხმდი და ვფიქრობ, რომ აქ თამაში ჩემი კარიერისათვის წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება.

მართალია, კონტრაქტი სეზონის ბოლომდე გავაფორმე, მაგრამ, იმედი მაქვს, რომ ჩვენი ურთიერთობა კვლავაც გაგრძელდება.

რაც შეეხება ჩემს სანაკრებო პერსპექტივას, ეს უკვე საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის გადასაწყვეტია"
.

მალხაზ ჟვანია ("დინამოს" მთავარი მწვრთნელი): "სეზონის განახლებისათვის გუნდი მზად არის და ფეხბურთელებმაც ახალი სათამაშო სქემა 4-3-3 უკვე აითვისეს. რაც შეეხება მეკარე ომარ მიგინეიშვილს, ის ამჟამად "დინამო 2"-თან ერთად იმყოფება თურქულ შეკრებაზე და ამ ეტაპზე მისი პირველ გუნდში დაბრუნება არ იგეგმება".

დოსიე
ოთარ მარცვალაძე
დაიბადა: 14.07.1984

საკლუბო კარიერა
2002-03 ვიტ ჯორჯია 7
2003-04 ვიტ ჯორჯია 32 (7)
2004-05 ვიტ ჯორჯია 28 (12)
2005-06 ვიტ ჯორჯია 14 (14)
2006 - დინამო კიევი 6
2007-08 ზაკარპატიე 17 (1)
2009 ანჟი 22 (13)
2010-11 ვოლგა 46 (26)
2011-12 კრასნოდარი 22 (3)
2012-13 სკა ენერგია 6 (4)
2013 ალანია 9 (3)
2014 დინამო თბილისი

სანაკრებო კარიერა
ახალგაზრდული ნაკრები 7 (1)
ეროვნული ნაკრები 21 (2)

დოსიე
იენს იანსე
დაიბადა: 01.07.1986

საკლუბო კარიერა
2005-06 ტილბურგი 9
2006-07 ტილბურგი 16
2007-08 ტილბურგი 32
2008-09 ტილბურგი 27 (1)
2009-10 ტილბურგი 18
2010-11 ბრედა 18
2011-12 ბრედა 16
2012-13 ბრედა 24
2013-14 კორდობა (ესპ) 11
დინამო თბილისი
* * *
ახალწვეულების წარდგენის შემდეგ დიღმის საწვრთნელ ბაზაზე "დინამოს" ორი შემადგენლობის მატჩი გაიმართა: მთავარმა მწვრთნელმა მალხაზ ჟვანიამ გუნდები პირობითად "თეთრებად" და "ლურჯებად" დაყო.

ტაიმები 35-წუთიანი იყო და იმის მიუხედავად, რომ "თეთრების" შემადგენლობა ბევრად უფრო წააგავდა ოპტიმალურს (თუ არ ჩავთვლით გიორგი ლორიასა და ირაკლი მოდებაძეს, რომლებმაც ამ სპარინგში მონაწილეობა ტრავმების გამო ვერ მიიღეს), ეს ამხანაგური სპარინგი "ლურჯების" გამარჯვებით დამთავრდა - 3:1.

"ლურჯებიდან" "დუბლი" შეასრულა დარკო გლიშიჩმა ("დინამოს" მაკედონიელმა ლეგიონერმა თურქულ შეკრებაზეც რამდენჯერმე გამოიჩინა თავი), ერთი გოლი კი დორინ გოგამ გაიტანა. აი, "თეთრებიდან" ერთადერთი გოლის ავტორი დინამოელთა შორის ყველაზე გამოცდილი ფეხბურთელი დავით კვირკველია გახლდათ.

პირველ ტაიმში "თეთრების" შემადგენლობა ასეთი იყო: დაუშვილი - იანსე, ხიდეშელი, გველესიანი, კვირკველია - ცინცაძე, ძარია, პაპუნაშვილი - ჩისკო, ვუო, მერებაშვილი.
"ლურჯები": ტყეშელაშვილი - მარაქველიძე, თევზაძე, რეხვიაშვილი, შერგელაშვილი - გიორგიაშვილი, პაპავა, ჯანელიძე - გლიშიჩი, გოგა მესხი.
მეორე ტაიმი, "თეთრები": ტყეშელაშვილი - იანსე, ხიდეშელი, გველესიანი, კვირკველია - გორგიაშვილი, პაპავა, ჯანელიძე - ჩისკო, გოგა, მერებაშვილი.
"ლურჯები": შოვნაძე - მარაქველიძე, თევზაძე, რეხვიაშვილი, შერგელაშვილი - ცინცაძე, ძარია, პაპუნაშვილი - გლიშიჩი, ვუო, დიასამიძე.

გიორგი ლორიასა და ირაკლი მოდებაძის გარდა, სპარინგში მონაწილეობა არ მიუღიათ თურქულ შეკრებაზე ტრავმირებულ მცველებს, დავით ხურცილავასა და ოთარ კაკაბაძეს; აგრეთვე, კიდევ ერთ ფეხბურთელს, "დინამოს" ახალწვეულ ოთარ მარცვალაძეს, რომელიც ინდივიდუალურად ვარჯიშობდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული