საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია კლუბების ლიცენზირებას განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს

AutoSharing Option
18 თებერვალს სფფ-ის აღმასრულებელი კომიტეტის მორიგი სხდომა გაიმართა, სადაც დღის წესრიგში განსახილველად შემდეგი საკითხები იყო:

* საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი და პირველი ლიგების, დუბლების პირველობის კალენდრების დამტკიცების შესახებ.

* სალიცენზიო გადაწყვეტილებებიდან გამომდინარე, 2014-15 წწ. უმაღლესი ლიგის დაკომპლექტების პრიორიტეტული სისტემის შესახებ.

* საქართველოს 2013-14 წწ. XXV ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი და პირველი ლიგის, დუბლების პირველობის, დავით ყიფიანის სახელობის თასის გათამაშების დებულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ.

* სადისციპლინო კოდექსის 126-ე მუხლში ცვლილებების შეტანის შესახებ.

* სხვადასხვა

ეროვნული ჩემპიონატის კალენდრის დამტკიცების შემდეგ აღმასკომმა იმსჯელა და
დაამტკიცა მეორე საკითხი - სალიცენზიო გადაწყვეტილებებიდან გამომდინარე, 2014-15 წწ. უმაღლესი ლიგის დაკომპლექტების პრიორიტეტული სისტემის შესახებ.

უმაღლესი ლიგის დაკომპლექტებისას, დაცული უნდა იყოს შემდეგი პრიორიტეტული სისტემა:

1. პირველ რიგში, უმაღლეს ლიგაში დაიშვებიან ეროვნული ლიცენზიის მფლობელი კლუბები, რომლებმაც სპორტული პრინციპით მოიპოვეს 2014-15 წწ. უმაღლეს ლიგაში ასპარეზობის უფლება.

2. შემდეგ დაიშვებიან პირველი ლიგის ეროვნული ლიცენზიის მქონე კლუბები, რომლებიც დააკმაყოფილებენ პირველი ლიგიდან გადმოსვლის წესს. ამ წესსაც არეგულირებენ სალიცენზიო გადაწყვეტილებები. პირველი ლიგის პლეი-ოფებში მონაწილეობენ მხოლოდ ლიცენზირებული კლუბები, დაკავებული ადგილების მიუხედავად. აუცილებელი პირობაა, პლეი-ოფის მატჩები დაიგეგმოს სალიცენზიო ციკლის დასრულების შემდეგ (ანუ 30 მაისის შემდეგ). აპელაციების არარსებობის შემთხვევაში, შესაძლებელია პლეი-ოფის მატჩების უფრო ადრე ჩატარებაც.

3. შემდეგ, სპორტული რეიტინგის შესაბამისად, უმაღლეს ლიგაში ადგილს შეინარჩუნებენ ეროვნული ლიცენზიის მქონე კლუბები, რომლებიც გავარდნენ უმაღლესი ლიგიდან.

4. ამის შემდეგ, უმაღლეს ლიგაში კლუბების დეფიციტის შემთხვევაში, ვაკანტური ადგილების შევსების საკითხს წყვეტს სფფ-ის აღმასკომი, რომელიც, პირველ რიგში, ითვალისწინებს სპორტულ პრინციპსა და საკლუბო ლიცენზირების შედეგებს.

როგორც ხედავთ, სფფ განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს კლუბების ლიცენზირებას და მისი პოზიციები საკმაოდ მკაცრი იქნება.

ცვლილება შევიდა საქართველოს 2013-14 წწ. XXV ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი და პირველი ლიგის, დუბლების პირველობის, დავით ყიფიანის სახელობის თასის გათამაშების დებულებაში. კერძოდ, ცვლილება შეეხო პირველ ლიგას, სადაც მოასპარეზე კლუბებმა ფედერაციის აღმასკომს მატჩის დროს შეცვლების რაოდენობის 3-დან 5-მდე გაზრდა სთხოვეს.

მსგავსი პრაქტიკა ევროპის ქვეყნებში უკვე არსებობს. აღმასკომმა ეს ცვლილება დაამტკიცა.

ცვლილება შევიდა სადისციპლინო კოდექსის 126-ე მუხლში, რომელსაც უეფას რეკომენდაციით ბევრი მნიშვნელოვანი პუნქტი დაემატა. ეს მუხლი ეხება მატჩებისა და შეჯიბრებების სპორტულ სამართლიანობას.

ასევე, გამოითქვა რამდენიმე საინტერესო ინიციატივა, რომელზეც აღმასკომი უკვე მომავალ სხდომაზე იმსჯელებს.

სფფ-ის პრესსამსახური
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული