საქართველოს ჩემპიონატი. სეზონის განახლების წინ: შემორჩენილი ინტრიგა [II ნაწილი]

AutoSharing Option
საფეხბურთო წელიწადი ჩვენთან 22 თებერვალს დაიწყება, როცა საქართველოს თასის პირველი მეოთხედფინალური მატჩები ჩატარდება.

რაც შეეხება XXV ჩემპიონატს, მოგეხსენებათ, რომ პირველი ეტაპის დამთავრებამდე ოთხი ტურია დარჩენილი და 16 მარტს დაკომპლექტდება კიდეც ზედა და ქვედა ექვსეულები.

საერთოდ კი, ჩემპიონატი 26 თებერვალს განახლდება, თუმცა მანამდე წინა წლიდან "შემორჩენილი" ერთადერთი მატჩი ("ზესტაფონი" - "სპარტაკი") უნდა ჩატარდეს (ეს შეხვედრაც 22 თებერვალს არის დანიშნული, რამეთუ "ზესტაფონიც" და "სპარტაკიც" თასის გათამაშებას მერვედფინალში გამოეთიშნენ).

საბედნიეროდ, 12-ივე გუნდმა მეტ-ნაკლებად იაქტიურა სატრანსფერო ბაზარზეც და ოთხის ("ტორპედო", "ვიტ ჯორჯია", "ჩიხურა", "გურია")
გარდა, ყველა დანარჩენმა უცხოური შეკრებაც გაახერხა!

ახლა კი თითოეულ გუნდზეც: როგორი სატრანსფერო კამპანია აწარმოეს, რა მიზნები ექნებათ და ასე შემდეგ...

გაგრძელება. დასაწყისი იხილეთ აქ.

მეტალურგი
ახალი ფეხბურთელები, ახალი მწვრთნელი, მაგრამ ძველი ამბიცია, - აი, ასე ხვდება სეზონის განახლებას ბოლო წლების ერთ-ერთი წარმატებული ქართული კლუბი.

საქართველოს ორგზის ჩემპიონ გუნდში ამ სატრანსფერო პერიოდში რა მასშტაბური ცვლილებებიც მოხდა, ამაზე უკევ ბევრჯერ გვისაუბრია და აღარ გავმეორდებით. თუმცა ისიც ფაქტია, რომ მშობლიური ქალაქის გუნდში ოთხწელიწადნახევრიანი პაუზის მერე დაბრუნებულ ვარლამ კილასონიას ერთობ რთული ამოცანის გადაჭრა მოუწევს: პირველი ეტაპიდან "მეტალურგში" ხომ სამი-ოთხი ფეხბურთელიღა დარჩა, ძირითად შემადგენლობაში რომ უწევდათ გამოსვლა!

თუმცა, რუსთაველ ქომაგთა გასახარად, "მეტალურგმა" მაინც მეტ-ნაკლებად სრულფასოვანი სატრანსფერო კამპანია აწარმოა, მთავარმა სპონსორმა, რუსთავის მეტალურგიულმა ქარხანამაც არ მიატოვა გუნდი და ამის დასტურად ნაყოფიერი უცხოური შეკრება გამოდგება.

"მეტალურგის" ("ოლიმპის") ისტორიაში მხოლოდ ერთადერთხელ იყო, გუნდი ჩემპიონობისა თუ საპრიზო ადგილებისათვის რომ ვერ იბრძოდა; ანუ უამრავი ახალწვეულისა და, აქედან გამომდინარე, მათი ერთმანეთთან შეთამაშების პრობლემის მიუხედავად, რუსთაველთა გუნდის მიზანი მაინც ზედა ექვსეულში მოხვედრაა, პლუს თასზე წარმატებული ასპარეზობა.

თუმცა ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ გუნდს ჩემპიონატშიც ურთულესი მატჩები დარჩა და თასზე კი მეტოქედ თბილისის "დინამო" ჰყავს...

ზესტაფონი
ვარლამ კილასონიას მსგავსად, თავის ძველ-ახალ გუნდთან ერთად ხვდება სეზონის განახლებას გია გეგუჩაძე - ბოლო წლების ერთ-ერთი წარმატებული ქართველი სპეციალისტი "ზესტაფონს" პირველი ეტაპის მიწურულს თითქმის ორწლიანი პაუზის მერე დაუბრუნდა; ახლა კი, ამ ზამთრის პაუზის დროს, თუ რომელიმე გუნდზე ითქმის, ყველაზე სოლიდურად გაძლიერდაო, სწორედ - "ზესტაფონია"!

თანაც, სერბი მეკარის - ბოიან პავლოვიჩის, პირველი ეტაპის საუკეთესო ბომბარდირის - დიმიტრი ტატანაშვილისა და საქართველოს ჩემპიონატში თავის ამპლუაში ერთ-ერთი გამორჩეული მარცხენაფლანგელის - რევაზ გეწაძის გარდა, "ზესტაფონის" ყველა დანარჩენი ახალწვეული სხვადასხვა დროს სწორედ გია გეგუჩაძის შეგირდი გახლდათ ("ზესტაფონსა" თუ "ტორპედოში").

..."ზესტაფონმა" შემადგენლობა ხომ გააძლიერა, ამას გარდა, გარკვეულ უპირატესობად უნდა მივიჩნიოთ ის ფაქტიც, რომ გუნდი მთლიანად ჩემპიონატზე იქნება კონცენტრირებული.

მოკლედ, ბევრი დაგვეთანხმება, რომ "ზესტაფონი" უპრობლემოდ მოხვდება ზედა ექვსეულშიც (თანაც, არ დაგვავიწყდეს, რომ კონკურენტებთან შედარებით, ერთით ნაკლები მატჩი აქვს ჩატარებული) და მედლებისთვისაც აუცილებლად იბრძოლებს.

ისე, პირველ ეტაპზე ბევრი ქულა მართლაც უაზროდ რომ არ დაეკარგა, ვინ იცის, იქნებ საჩემპიონო დავაშიც ჩარეულიყო...

ვიტ ჯორჯია
სეზონის დაწყების წინ ბევრს მიაჩნდა, რომ ახალგაზრდულ "ვიტ ჯორჯიას" ერთადერთი და მოკრძალებული მიზანი ექნებოდა - უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნება; თუმცა, ჩემპიონატის მსვლელობამ აბსოლუტურად საპირისპირო "სურათი" გვიჩვენა: ზურაბ ბერიძის დამოძღვრილმა გუნდმა შედეგიანი თამაშითაც გაგვაკვირვა ("მეტალურგთან" და "ტორპედოსთან" საშინაო მატჩებში მეტოქეთა კარში 5-5 გოლი გაიტანა) და იმ სენსაციითაც, როცა სტუმრად თბილისის "დინამოს" მოუგო!

ამას ისიც დაემატა, რომ პირველი ეტაპის ბოლოს გუნდმა ოთხმატჩიანი წაუგებელი სერია "გამოაცხო" და დღესდღეობით "ვეტერინარები" ზედა ექვსეულში მოხვედრის შანსსაც ინარჩუნებენ!

თუმცა, ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ ამ მიზნის მიღწევა "ვიტ ჯორჯიას" ძალიან გაუჭირდება: დარჩენილი ოთხი მატჩიდან სამი უშუალო კონკურენტთან ("მეტალურგი", "ზესტაფონი", "დილა") აქვს. ამას გარდა, ცოტა არ იყოს, ძნელიც იქნება ამ სატრანსფერო პერიოდში გუნდიდან წასული ერთდროულად ოთხი წამყვანი ფეხბურთელის (ნიკა დაუშვილი, გურამ ადამაძე, ლაშა კასრაძე, გიორგი ჯანელიძე) სრულფასოვნად ჩანაცვლება.

თუმცა "ვიტ ჯორჯიას" არსებობის ისტორიაში ხომ მუდამ ასე იყო: ლიდერები მიდიოდნენ, მათ ნაცვლად მოსული ყველასათვის უცნობი ახალგაზრდები კი დროის მოკლე პერიოდში "ცნობადი სახეები" ხდებოდნენ...

ტორპედო
იმედია, უმაღლესი ლიგის გუნდების არც ერთი მთავარი მწვრთნელი არ გვიწყენს, თუ ვიტყვით, რომ ამ ზამთრის სატრანსფერო პერიოდის უმთავრეს ინტრიგად საქართველოს ჩემპიონატში რევაზ ძოძუაშვილის დაბრუნებას მივიჩნევთ!

ჰო, დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე ტიტულიან მწვრთნელს (მხოლოდ და მხოლოდ დავით ყიფიანს რომ ჩამორჩება) თითქმის შვიდწლიანი პაუზის მერე მოუწევს თავისი შესაძლებლობების წარმოჩენა; თანაც, ძოძუაშვილი თავის მშობლიურ "ტორპედოს" დაუბრუნდა, თუმცა, XXI საუკუნის დასაწყისთან შედარებით, დღესდღეობით ქუთაისელთა გუნდს არც საჩემპიონო შემადგენლობა ჰყავს და საერთოდაც, მეორე ეტაპიდან აბსოლუტურად განსხვავებული გუნდი უნდა ვიხილოთ.

... მიზეზთა გამო "ტორპედოს" უცხოური შეკრება არ გაუვლია, თუმცა გუნდმა ამ მოსამზადებელ პერიოდში ლამის სარეკორდო რაოდენობის საკონტროლო მატჩები ჩაატარა, სადაც ახალმა მთავარმა მწვრთნელმა დაახლოებით... ასამდე (!) პოტენციური ახალწვეული გასინჯა.

შეგახსენებთ, რომ პირველი ეტაპის მერე "ტორპედოდან" ... 25 (!) ფეხბურთელი წავიდა, თუმცა გუნდი ნელ-ნელა ივსება ახალ-ახალი მოთამაშეებით და სიურპრიზებიც არავინ გამორიცხოს.

სპარტაკი
"ტორპედოს" ზედა ექვსეულში მოხვედრის თეორიული შანსი მაინც აქვს, აი, "სპარტაკს" ეს დარჩენილი ოთხი ტური (პლუს - გამოტოვებული შეხვედრა "ზესტაფონთან") ქულათა მარაგის შესავსებად "სჭირდება". ჰო, მეორე ეტაპზე, როცა გუნდები ზედა და ქვედა ექვსეულებად დაიყოფიან, ყველა გუნდს გადაჰყვება პირველ ეტაპზე მოგროვილი ქულები. ასე რომ, კახა კაჭარავას გუნდისათვის ყოველ შეხვედრას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება.

...პირველ ეტაპზე იყო პერიოდი, როცა "სპარტაკი" განწირულ აუტსაიდერად მიიჩნეოდა, თუმცა კახა კაჭარავას მოსვლის შემდეგ სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა და გუნდს რეალურად ძალუძს, უმაღლეს ლიგაში ადგილი შეინარჩუნოს. ამის წინაპირობას კი ნაყოფიერი უცხოური შეკრება და, კლუბის ბიუჯეტიდან გამომდინარე, არცთუ ურიგო სატრანსფერო კამპანიაც იძლევა.

მართალია, "სპარტაკი" ძირითადი შემადგენლობის ორმა ფეხბურთელმა (ნიკა კვეკვესკირი, ვარლამ კილასონია-უმცროსი) დატოვა, სამაგიეროდ, გუნდმა თითქმის ყველა რგოლში ისეთი ახალწვეულები დაიმატა, სწორედაც ძირითადში მოხვედრაზე რომ უნდა ჰქონდეთ პრეტენზია.

ზუგდიდი
"სპარტაკის" მსგავსად, ერთი პერიოდი "ზუგდიდის" მდგომარეობაც კრიტიკულზე მეტი რომ ჰქვია, ისეთი იყო; თუმცა ამ შემთხვევაშიც სასიკეთოდ იმოქმედა სამწვრთნელო ცვლილებამ - საქართველოს ჩემპიონატში თითქმის წელიწადნახევრიანი პაუზის მერე დაბრუნებულმა გიორგი დარასელიამ სატურნირო ფსკერზე "დალექილი" გუნდის თამაშში სერიოზული კორექტივები შეიტანა და ამ ყველაფერმა შედეგი პირველი ეტაპის ბოლოს მოიტანა!

შეგახსენებთ, რომ ზედიზედ ორმა მოგებამ ("ტორპედოსთან" და "მეტალურგთან") "ზუგდიდის" გადარჩენის შანსები მკვეთრად გაზარდა და ამ გუნდში განვითარებულ ბოლოდროინდელ სასიკეთო მოვლენებსაც თუ გავითვალისწინებთ, მაშინ შეუძლებელი სულაც არაფერი იქნება.

ჰო, საბედნიეროდ, "ზუგდიდს" არანაირი ფინანსური პრობლემა აღარ აქვს, გიორგი დარასელიამაც საკუთარი გემოვნებით აწარმოა სატრანსფერო კამპანია (მაქსიმე ქვილითაიას, თორნიკე ზარქუას, დავით კირკიტაძისა და გურამ სამუშიას დამატებით გუნდი სერიოზულად გაძლიერდა) და, რაც მთავარია, საბოლოო მიზნის მისაღწევად ერთობ უნდა წაადგეს თურქეთში გატარებული მოსამზადებელი პერიოდი.

სხვათა შორის, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ უმაღლესი ლიგის გუნდებიდან წლეულს ყველაზე ადრე მზადება სწორედ "ზუგდიდმა" დაიწყო.

მერანი
უმაღლეს ლიგაში ორი წარმატებული სეზონის შემდეგ "მერანის" საქმეები საიუბილეო, XXV ჩემპიონატში აშკარად უარესობისკენ წავიდა. არადა, მარტვილურ გუნდს მშვენიერი სტარტი ჰქონდა და 6 ტურის შემდეგ 12 ქულით ლიდერთა შორისაც იმყოფებოდა.

და აი, იმის შემდეგ გუნდმა 12 შეხვედრა ჩაატარა და... ერთადერთი ქულა მოიპოვა, რის გამოც "მერანმა" პირველი ეტაპი ბოლო ადგილზე დაამთავრა.

"მერანის" ასეთ წარუმატებელ ასპარეზობაზე, რაღა თქმა უნდა, დიდი ზეგავლენა იქონია სამწვრთნელო გადაადგილებებმაც: გუნდის ბოლოდროინდელი წარმატებების ერთ-ერთმა მთავარმა შემოქმედმა მალხაზ ჟვანიამ გუნდი VIII ტურის მერე დატოვა. მის ნაცვლად მოსულ დებიუტანტ სპეციალისტს, კახა ჩხეტიანს, ყველაფერთან ერთად, საკადრო პრობლემებიც მოემატა და "მერანიც" თითქმის ყოველ მატჩში წინასწარ განწირულ აუტსაიდერადაც მიიჩნეოდა.

ვნახოთ, რა იქნება მეორე ეტაპზე, მით უფრო, რომ გუნდმა უცხოური შეკრების გავლაც მოახერხა, რამდენიმე გამოცდილი ფეხბურთელიც (ზურაბ მამალაძე, გაგა ჩხეტიანი, ალექსი ბენაშვილი, ვლადიმერ ჯოჯუა, ვალერი იობაშვილი) დაიმატა და მარტვილელ ქომაგებს იმედიც გაუჩნდათ.

თანაც, სხვების მსგავსად, ჩვენც დიდი ინტერესით ველოდებით ზურაბ იონანიძის სამწვრთნელო დებიუტს: საქართველოს ჩემპიონატების ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირი ახალ ამპლუაში უნდა წარსდგეს!

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული