ზესტაფონი VS სპარტაკი - სხვადასხვა მიზანი

AutoSharing Option
ეს მატჩი 2013 წლის 14 დეკემბერს უნდა ჩატარებულიყო, თუმცა დიდთოვლობის გამო გადაიდო. რაც შეეხება ამჟამინდელი თარიღის შერჩევას, ვფიქრობთ, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საშეჯიბრო კომიტეტმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო, როცა XVII ტურის ეს გამოტოვებული შეხვედრა 22 თებერვალს დანიშნა.

ჯერ ერთი, "ზესტაფონიც" და "სპარტაკიც" თასზე აღარ აგრძელებენ ასპარეზობას (ამ დღეს ხომ პირველი მეოთხედფინალური მატჩები უნდა ჩატარდეს), თანაც, რაც მთავარია, პირველი ეტაპის დამთავრებამდე დარჩენილი ოთხი ტურის წინ ყველა გუნდს ერთნაირი რაოდენობის მატჩები ექნება.

მოკლედ, ამ გამოტოვებული მატჩის შემდეგ 12-ვე გუნდი ერთნაირ მდგომარეობაში იქნება.

..."ზესტაფონისა" და
"სპარტაკის" ურთიერთდაპირისპირებათა ისტორიას თუ გადავხედავთ, აღმოვაჩენთ, რომ იმერულ კლუბს მეტოქესთან აშკარა უპირატესობა აქვს. ყველაზე ხშირად კი "სპარტაკის" კარში გოლები ახლო წარსულში "ზესტაფონისა" და, საერთოდ, საქართველოს ჩემპიონატის გამორჩეულ ფორვარდებს ჯაბა დვალს (9 გოლი) და ნიკა გელაშვილს (8 გოლი) გაჰქონდათ.

Sportall.Geრაც შეეხება "სპარტაკს", ცხინვალელთა გუნდმა მხოლოდ და მხოლოდ ორჯერ შეძლო "ზესტაფონის" დამარცხება და აქედან ერთი შემთხვევა ამ სეზონში მოხდა. ოღონდ, ისიც უნდა ითქვას, რომ 21 სექტემბერს ჩატარებულ იმ შეხვედრაში "ზესტაფონსაც" და "სპარტაკსაც" სხვა მწვრთნელები მოძღვრავდნენ: შესაბამისად, რატკო დოსტანიჩი და ვლადიმერ ხაჩიძე;

თანაც, მართლაც დრამატული და უცნაური სცენარის მქონე მატჩი გამოდგა: "ზესტაფონი" უპირატესობას ფლობდა, რამდენიმე სახიფათო მომენტიც შექმნა, მაგრამ შეხვედრის მიწურულს, მსაჯის მიერ დამატებულ დროში "სპარტაკის" ნახევარმცველმა კახა კაკაშვილმა საკმაოდ შორი მანძილიდან ძლიერად და, რაც მთავარია, ზუსტად დაარტყა და თავის გუნდს ჩემპიონატში პირველი გამარჯვება მოუტანა!

...ამის შემდეგ ორივე გუნდში არაერთი საკადრო ცვლილება მოხდა; თანაც, ისიც დაემთხვა, რომ დოსტანიჩსაც და ხაჩიძესაც, ფაქტობრივად, ერთსა და იმავე დღეს მოუწიათ თავიანთი გუნდებიდან წასვლა: ოქტომბრის ბოლოს, "ზესტაფონის" და "სპარტაკის" თასის გათამაშებიდან გამოვარდნის შემდეგ.

"ზესტაფონში" გია გეგუჩაძე მივიდა, "სპარტაკში" - კახა კაჭარავა და სამი-ოთხი წლის წინათ ამ მწვრთნელების პაექრობაში ლამის ჩემპიონობის ბედი რომ წყდებოდა, დღესდღეობით განსხვავებული სიტუაციაა: იმერული კლუბი ზედა ექვსეულში მოხვედრის კი არა, საპრიზო ადგილების მოპოვების რეალურ კანდიდატად მიგვაჩნია, "სპარტაკს" კი ბევრად უფრო მოკრძალებული მიზანი აქვს.

თუმცა, 2014 წლის პირველ ოფიციალურ შეხვედრაში, მაინც უნდა ველოდოთ დაძაბულ პაექრობას და ისიც საინტერესოა, თუ როგორ კონდიციებში შეხვდებიან გუნდები სეზონის დაწყებას.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული