უმაღლესი ლიგის XIX ტურის წინ: სასტარტო პოზიცია

AutoSharing Option
ოთხი დღის წინ წინა წლიდან შემორჩენილი ის ერთადერთი შეხვედრაც ("ზესტაფონი"-"სპარტაკი") ჩატარდა და სატურნირო ცხრილშიც ყველა გუნდი "სასტარტო პოზიციაში" იმყოფება. 26 თებერვლიდან კი პირველი ეტაპის დარჩენილი ოთხი ტურიდან პირველი გველოდება და ისეთი მატჩებიცაა, ცხრილში ერთდროულად რამდენიმე გადაადგილებაც რომ უნდა მოხდეს.

თუმცა, ისიც უნდა ვთქვათ, რომ ყველა გუნდი თანაბარ პირობებში ნამდვილად არ ხვდება გადამწყვეტი ეტაპის დაწყებას: ზემოთ ნახსენები იმ გამოტოვებული შეხვედრის მსგავსად, 22 თებერვალს ხომ პირველი სათასო მეოთხედფინალური მატჩებიც გაიმართა, ხოლო მომდევნო ტური 2 მარტს არის დანიშნული.

ანუ "ზუგდიდის", "ვიტ ჯორჯიასა" და
"გურიას" გარდა, დანარჩენ შვიდ გუნდს ერთობ შემჭიდროებული გრაფიკით მოუწევს ასპარეზობა: რვა დღეში სამი შეხვედრის ჩატარება ადვილი საქმე არ არის.

თუმცა წლევანდელი ზამთრის მოსამზადებელი პერიოდი მართლაც განსაკუთრებულ-გამორჩეული იყო: უმაღლესი ლიგის 12 გუნდიდან რვამ ხომ უცხოეთში გაიარა შეკრება და, აქედან გამომდინარე, ფეხბურთელებიც შესაფერის ფიზიკურ კონდიციებში უნდა იმყოფებოდნენ.

Sportall.Ge

დილა-გურია
პირველი წრე 0:2
დისკვალიფიკაცია: ნიკა ჯიშკარიანი (გურია), ვილი ისიანი (გურია)

ამ მატჩის შედეგს ორივე გუნდისათვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს: "დილა" ხომ მხოლოდ ერთი ქულით უსწრებს მარადიულ პრობლემებგადატანილ "გურიას". მოკლედ, ზედა ექვსეულში მოხვედრის რეალური კანდიდატების დაპირისპირება დიდ ინტერესს გვპირდება. თანაც, მასპინძლებს რევანშის აღებაც მართებთ პირველ წრეში განცდილი მარცხისათვის; მით უფრო, რომ თანაბარი ქულების შემთხვევაში, უმთავრესი პრიორიტეტი ხომ ურთიერთშეხვედრებში მოპოვებული უპირატესობაა.

ისე, პირველი წრის დაპირისპირება შემთხვევით არ გვიხსენებია: იმ შეხვედრაში "გურიას" პირველად უხელმძღვანელა უკრაინელმა სპეციალისტმა რომან პოკორამ, ხოლო გიორგი დევდარიანისათვის ბოლო მატჩი აღმოჩნდა "დილას" მთავარი მწვრთნელის პოსტზე. ისიც საინტერესოა, რომ იმ მატჩში გოლის გამტანი ფეხბურთელები, ალექსანდრე კოშკაძე და ნიკა ჯიშკარიანი (ისე, როგორც - კახა შალამბერიძე) დღესდღეობით... "დილაში" აგრძელებენ კარიერას.

ერთი სიტყვით, ამ გუნდების პირველი წრის მატჩის შემდეგ "დილაშიც" და "გურიაშიც" საკმარისზე მეტი ცვლილება მოხდა და ორივე გუნდის თავკაცებს, რამაზ სოღოლაშვილსა და დავით მახარაძეს, ფაქტობრივად, ახალ კონტინგენტთან უწევთ მუშაობა.

მეტალურგი-ვიტ ჯორჯია
პირველი წრე 2:5
დისკვალიფიკაცია: გიორგი ქავთარაძე (მეტალურგი) - ირაკლი ღიბრაძე (ვიტ ჯორჯია)

კიდევ ერთი საინტერესო მატჩი, სადაც ასევე ზედა ექვსეულში მოხვედრის კონკურენტები ხვდებიან ერთმანეთს; ერთი შეხედვით, "მეტალურგის" სატურნირო შანსები ბევრად მაღლა უნდა შეფასდეს, თუმცა ნუ დაგვავიწყდება, რომ რუსთაველთა გუნდს ერთობ რთული კალენდარი აქვს (სხვათა შორის, იგივე ითქმის "ვიტ ჯორჯიაზეც").

...ფაქტობრივად, განახლებულმა "მეტალურგმა", ახალი მთავარი მწვრთნელის, ვარლამ კილასონიას ხელმძღვანელობით, 2014 წლის პირველი ოფიციალური მატჩი ოთხი დღის წინ ჩაატარა, მაშინ, როცა პირველ ეტაპთან შედარებით დასუსტებული (გუნდიდან ოთხი წამყვანი ფეხბურთელი წავიდა - გიორგი ჯანელიძე, გურამ ადამაძე, ლაშა კასრაძე, ნიკა დაუშვილი) "ვიტ ჯორჯია" დასვენებული ხვდება კონკურენტთან პაექრობას.

შეგახსენებთ, რომ ამ გუნდების პირველი წრის მატჩი, ბევრისთვის მოულოდნელად, "ვეტერინართა" დამაჯერებელი გამარჯვებით (5:2) დამთავრდა; თუმცა, ნურც ის დაგვავიწყდება, რომ ზურაბ ბერიძის გაწვრთნილმა "ვიტ ჯორჯიამ" იმავე პირველ ეტაპზე სხვაც არაერთი სიურპრიზი შემოგვთავაზა.

...ამ გუნდების ურთიერთშეხვედრებში უპირატესობას "მეტალურგი" კი ფლობს, მაგრამ ისიც სათქმელია, რომ რუსთაველები უკვე მესამე წელიწადია, ვერ ახერხებენ "ვეტერინარების" საშინაო მატჩებში ძლევას...

სპარტაკი-ჩიხურა
პირველი წრე 1:2

საქართველოს სუპერთასის მფლობელმა "ჩიხურამ" ოთხი დღის წინ უმძიმესი სათასო მატჩი გამართა "სიონთან", კვირას კი, იმავე სტადიონზე არანაკლებ რთული და მნიშვნელოვანი შეხვედრა ელოდება "დინამოსთან". თუმცა, ეს სრულებითაც არ ნიშნავს იმას, რომ სოსო ფრუიძის გუნდი 26 თებერვლის შეხვედრას შედარებით ნაკლებად მოტივირებული შეხვდება.

ჰო, ერთი მხრივ, "ჩიხურას", ფაქტობრივად, გარანტირებული აქვს ზედა ექვსეულში მოხვედრა, თუმცა, ნუ დაგვავიწყდება, რომ საჩხერელები არც ისე კატასტროფული სხვაობით ჩამორჩებიან "დინამოს". ანუ არავინ გამორიცხოს, რომ ეს ერთობ სტაბილური და ერთიმეორეზე გამოცდილი ფეხბურთელებით დაკომპლექტებული გუნდი... საჩემპიონო დავაში ჩაერთოს.

რა თქმა უნდა, სერიოზულზე მეტი რომ ჰქვია, ისეთი დანაკლისი აქვს "ჩიხურას" (ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი დიმიტრი ტატანაშვილი კარიერას "ზესტაფონში" აგრძელებს), თუმცა საჩხერელთა გუნდში ხომ ამ ზამთრის სატრანსფერო პერიოდში თბილისის "დინამოდან" ერთიმეორეზე გამოცდილი და ჩვენი ჩემპიონატის კვალობაზე გამორჩეული ფეხბურთელები ჩაირიცხნენ.

აი, რაც შეეხება "სპარტაკს", კახა კაჭარავას გუნდის მიზანი უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნებაა და იმის გათვალისწინებით, რომ კონკურენტები ("ზუგდიდი", "მერანი") შესამჩნევად გაძლიერდნენ, ყოველ მატჩს უფრო და უფრო დიდი მნიშვნელობა ექნება.

ტორპედო-მერანი
პირველი წრე 3:0

ქუთაისელთა გუნდს ჯერ კიდევ აქვს ზედა ექვსეულში მოხვედრის შანსი, თუმცა ამისათვის დარჩენილ ოთხ მატჩში ქულათა თითქმის მაქსიმუმის მოპოვება ესაჭიროება. აი, "მერანმა" კი გასული წელი ცხრილის ბოლო საფეხურზე დაასრულა და ბევრის აზრით, პირველ ლიგაში დაქვეითების უმთავრესი კანდიდატიც უნდა ყოფილიყო.

თუმცა ამ ზამთარს "მერანში" რამდენიმე გამოცდილი ფეხბურთელი ჩაირიცხა და მარტვილური გუნდის გადარჩენის შანსებიც ერთიორად გაიზარდა. ვნახოთ, რამდენად შეძლებს ამ რთული ამოცანის შესრულებას საქართველოს ჩემპიონატების ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირი ზურაბ იონანიძე, ვისაც 26 თებერვალს ჩემპიონატში დებიუტი უნდა ჰქონდეს მთავარი მწვრთნელის ამპლუაში. თანაც, ვის წინააღმდეგ - იონანიძის ოპონენტი ხომ დამოუკიდებელ ქართულ საკლუბო ფეხბურთში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მწვრთნელი რევაზ ძოძუაშვილი გახლავთ, მშობლიური ქალაქის გუნდი... 12-წლიანი პაუზის მერე რომ ჩაიბარა!

მოგეხსენებათ, რომ ძოძუაშვილმა სამი გუნდი ("დინამო", "ტორპედო", "ოლიმპი") გახადა ჩემპიონი და ისიც საინტერესოა, რომ ერთ-ერთი საჩემპიონო სეზონის (2001-02 წლები) დროს ზურაბ იონანიძე მისი ხელმძღვანელობით თამაშობდა "ტორპედოში".

სხვათა შორის, "ტორპედოს" იმ ზეობის დროინდელი გუნდიდან სხვა ფეხბურთელებიც უნდა ვიხილოთ დღევანდელ მატჩში: 37 წლის სევასტი თოდუა გარკვეული პაუზის მერე კვლავაც ქუთაისელთა გუნდს დაუბრუნდა, 33 წლის შოთა ბაბუნაშვილი კი "მერანის" ლიდერი გახლავთ.

ზესტაფონი-ზუგდიდი
პირველი წრე 3:0

...როგორც ვივარაუდეთ, საგრძნობლად გაძლიერებულმა "ზესტაფონმა" XVII ტურის გამოტოვებულ შეხვედრაში "დაგეგმილი" 3 ქულა მოიპოვა "სპარტაკთან" და გია გეგუჩაძის გუნდიც, სრულიად სამართლიანად, მესამე ადგილამდე აღზევდა!

თუმცა "ზესტაფონი" რომ ამ "ნიშნულზე" არ გაჩერდება, ყველას კარგად მოეხსენება (თანაც, სათასო მატჩებისგან თავისუფალია) და პირველ ადგილთან დღესდღეობით არსებული სოლიდური სხვაობის მიუხედავად, საჩემპიონო დავაში ჩართვაც არავის უნდა გაუკვირდეს!

ჰო, კვალიფიციური სამწვრთნელო შტაბი თუ არანაკლებ კვალიფიციურ ფეხბურთელთა სიმრავლე სწორედ იმის წინაპირობას იძლევა, რომ ერთწლიანი პაუზის მერე ეს იმერული კლუბი კვლავაც ვიხილოთ პირველ სამეულში. თანაც, ბევრი კონკურენტისგან განსხვავებით, "ზესტაფონს" გრძელი სათადარიგოთა სკამიც გააჩნია და გია გეგუჩაძესაც უმტკივნეულოდ შეეძლება როტაციის მოხდენა.

მოკლედ, "შევთანხმდით", რომ "ზესტაფონი" ამ საგაზაფხულო ეტაპის ერთ-ერთი მთავარი ფავორიტი იქნება; აი, რაც შეეხება მეტოქეს, "სპარტაკის" მსგავსად, ამ დარჩენილი ოთხი ტურის განმავლობაში "ზუგდიდმაც" მაქსიმალურად უნდა სცადოს ქულების დაგროვება, რათა მერე, ქვედა ექვსეულში მოხვედრილს, მეტ-ნაკლებად ნორმალური "სასტარტო პოზიცია" ჰქონდეს.

ისე, "ზუგდიდშიც" გარკვეული ცვლილებები მოხდა, პირველ ეტაპთან შედარებით გუნდი უფრო გაძლიერებულად მიგვაჩნია და ნურც მწვრთნელის ფაქტორს დავივიწყებთ: გიორგი დარასელიამ ჯერ კიდევ წინა წლის მიწურულს დაატყო ხელი თავის ახალ გუნდს და გვჯერა, რომ ის წარმატებები შემთხვევითი არ ყოფილა.

დინამო-სიონი
პირველი წრე 4:1
დისკვალიფიკაცია: გიორგი რეხვიაშვილი (დინამო)

ტურის უდავოდ გამორჩეული მატჩი: ჩემპიონი და მიმდინარე გათამაშების უპირველესი ფავორიტი ამ სეზონში ჩინებულად მოასპარეზე გუნდის წინააღმდეგ! ჰო, "სიონის" მართლაც შთამბეჭდავი სერია კვლავაც გრძელდება: ჩემპიონატსა თუ თასზე ჩატარებულ ათ ოფიციალურ შეხვედრაში ლადო ბურდულის გუნდს ჯერ თამაში არ წაუგია!

ფაქტია, რომ ბოლნისელთა გუნდის ასეთმა წარმატებულმა თამაშმა მიმდინარე ჩემპიონატს კიდევ ერთი ინტრიგა შესძინა და თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ "სიონს" საკმაოდ სოლიდური და დაბალანსებული შემადგენლობა ჰყავს, ბევრად უფრო სერიოზული მიზნებისათვის ბრძოლასაც ნუ გამოვრიცხავთ.

ანუ დღესდღეობით "სიონს" სავსებით რეალურად ხელეწიფება, ევროტურნირების საგზურისათვის იბრძოლოს, თუმცა, მანამდე ხომ ზედა ექვსეულში მოხვედრაა აუცილებელი და ვნახოთ, რამდენად მოახერხებს ქვემოქართლური კლუბი ამას რთული კალენდრის პირობებში. მით უფრო, რომ 26 თებერვალს "დინამო-არენაზე" თავის ყველაზე უხერხულ მეტოქეს ხვდება: ამ გუნდებს შორის თითქმის 20-წლიანი დაპირისპირების ისტორიაში ხომ მხოლოდ ოთხჯერ მოხდა, როცა "სიონმა" შეძლო და "დინამო" დაამარცხა (უკანასკნელად ასეთი შემთხვევა 2010 წლის შემოდგომაზე იყო).

თუმცა არანაკლები მოტივაცია ექნება ჩემპიონსა და პირადად, გუნდის მთავარ მწვრთნელ მალხაზ ჟვანიას: ამ ახალგაზრდა სპეციალისტის ხელმძღვანელობით, "დინამოს" ხომ თბილისში ჯერ არ მოუგია.

"სიონი" რომ წინა წლებთან შედარებით აშკარად წარმატებით ასპარეზობს, ეს ფაქტი ბევრჯერ აღგვინიშნავს; თანაც, ნუ დაგვავიწყდება, რომ გუნდი ამ სეზონში საშინაო მატჩებს, ფაქტობრივად, ნეიტრალურ მოედნებზე (თანაც, სხვადასხვა ქალაქში) ატარებს.

აი, როგორც ამ გუნდებს შორის პირველი წრის შეხვედრაში იყო, როცა "სიონი"-"დინამოს" დაპირისპირება რუსთავში შედგა. გაგახსენებთ, რომ სწორედ იმ მატჩში დაფიქსირდა XXV ჩემპიონატის პირველი ჰეთ-თრიქი: "დინამოს" რუმინელმა ლეგიონერმა, 29 წლის დორინ გოგამ "სიონის" კარში 3 გოლი გაიტანა!

სატურნირო მდგომარეობა
Sportall.Ge

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული