სპარტაკი-ჩიხურა 2:3 - მოჩქარეს მოუგვიანდა [VIDEO]

AutoSharing Option
არბიტრ გიორგი კიკაჩეიშვილის წამმზომი ბოლო წამებს ითვლიდა, როცა საჩხერელებმა ის 3 ქულა მოიპოვეს, სეზონის ბოლოს ოქროდაც რომ შეიძლება შეფასდეს.

"მიხეილ მესხზე" მყოფთ თამაში უკვე დამთავრებული რომ გვეგონა, "სპარტაკის" განაპირა მცველმა გივი იოსელიანმა პირით ხაზთან ვაჟა ლომაშვილს სწორედ მაშინ უბიძგა და მსაჯმაც ჯარიმა დანიშნა. "ჩიხურას" კაპიტანმა დავით ოდიკაძემ კი ბურთი გიორგი დათუნაიშვილს დაასვა თავზე და მისი დარტყმულიც უზუსტესი გამოდგა. ახალგაზრდული ნაკრების მეკარე ბურთისკენ კი გაფრინდა, მაგრამ ვეღარ შესწვდა.

მისმა თანაგუნდელებმა ბურთი მოედნის ცენტრში აიტანეს და კიკაჩეიშვილმაც მაშინვე ჩასტვინა...

Sportall.Geასე წააგო კახა
კაჭარავას გუნდმა მატჩი, რომლის საწყისი 15 წუთი ისეთი გამოდგა, ალბათ, თავადაც რომ არ ელოდა. "სპარტაკი" მე-7 წუთზევე დაწინაურდა. თორნიკე თუხარელმა ლევან კაკუბავას ჩინებული პასით ისარგებლა, ბურთი საჯარიმოს ხაზთან გაისწორა და რევაზ თევდორაძეს აუღებელი დაურტყა.

დასაწყისისთვის თითქოს ეს არ იყო საკმარისი, როცა ლაშა პარუნაშვილმა დაარტყა შორიდან უნაკლოდ და ისეთი სურათი დაიხატა, "სპარტაკი" სამს თუ არა, ჩემპიონატის ერთ-ერთ ლიდერთან ქულას მაინც გამორჩებოდა.

თან "ჩიხურა" ისეთი დაბნეული ჩანდა, მეტოქის კართან მიახლოებაც უჭირდა, სახიფათო მომენტის შექმნაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია...

დაახლოებით 10 წუთი მატჩი ასევე გაგრძელდა, მერე კი საჩხერელებს ერთი მცირე რიკოშეტი წაეხმარათ - ბესიკ დეკანოიძის მიერ დაახლოებით საჯარიმოს ხაზიდან დარტყმული ნიკა მგელაძეს მოხვდა ფეხზე, მიმართულება ოდნავ შეიცვალა და ნადირაძის ზურგსუკან აღმოჩნდა.

სხვაობის შემცირების შემდეგ სტუმრები მოფერიანდნენ, მაგრამ ისეთიც არაფერი გაუკეთებიათ, რომ მეტოქე ანერვიულებულიყო. ბურთი მეტწილად მოედნის ცენტრში გორავდა და მეკარეები უქმად იყვნენ. 35-ე წუთზე კი "ჩიხურამ" ისევ გაიხარა - გიორგი გაბედავამ საჯარიმოდან ისეთი დაარტყა, მეკარეს მოგერიების შანსი არ დაუტოვა.

შესვენების შემდეგ მატჩი უფრო დაძაბული და თვალსასეირო გამოდგა. მეტოქეებმა ტემპს უმატეს და მეკარეებს რაც პირველ ტაიმში აკლდათ საქმე, მეორე ნახევარში აუნაზღაურდათ.

ჯერ იყო და, თუხარელს შეეძლო თავისი მეორე გოლის გატანა, როცა პარუნაშვილის პასი მიიღო და დაარტყა, მაგრამ მასზე მეტად თევდორაძემ იყოჩაღა. რამდენიმე წუთის შემდეგ კი უკვე "სპარტაკი" გადარჩა - გაბედავას დარტყმული ძელმა აისხლიტა...

ეს ასხლეტილი ბურთი კი "სპარტაკმა" მეტოქის ნახევარზე გადაიტანა და "ჩიხურა" ერთხელაც გადარჩა, უფრო სწორად - გადაარჩინა მეკარემ, რომელმაც თემურ შონიას კარგად დარტყმა აღარ დააცადა და ფეხებში ვარდნით ბურთი კუთხურზე გადააგდო.

საგოლედ კარგი შანსი ელგუჯა გრიგალაშვილსაც მიეცა, როცა ის ნადირაძესთან პირისპირ დარჩა, თუმცა მასაც მეკარემ აჯობა. "ჩიხურას" დაწინაურებასთან ახლოს იყო შეცვლაზე შესული გიორგი ქიმაძე, მაგრამ ნადირაძემ გატანა არც მას დაანება.

მატჩი ბოლოსკენ რომ მიდიოდა, მასპინძლებიც უფრო გააქტიურდნენ. ბურთს ისინი აკონტროლებდნენ და "ჩიხურას" საჯარიმოს გარშემო აგორებდნენ.

საჩხერელთა მწვრთნელმა სოსო ფრუიძემ, ეტყობა, ქულის დაკარგვის საშიშროება იგრძნო და შეცვლაც გააკეთა - შემტევი ნახევარმცველი გრიგალაშვილი გამოცდილმა მცველმა გივი კვარაცხელიამ შეცვალა. "სპარტაკიც" თითქოს გადამწყვეტ შეტევაზე გადავიდა, მაგრამ...

ამასობაში ძირითად დროს წამატებული ოთხი წუთიც ამოიწურა - ოდიკაძემ ბურთი საჯარიმოში დათუნაიშვილს ჩაუწოდა, მისი დარტყმული კი მეკარისთვის აუღებელი აღმოჩნდა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ბომბარდირები
დ. ტატანაშვილი (ზესტაფონი/ჩიხურა) 13
ი. მოდებაძე (დინამო თბ/დილა) 9
დ. გოგა (დინამო თბ) 9
ჩისკო (დინამო თბ) 8

მომდევნო ტური
2 მარტი
ჩიხურა-დინამო (თბ)
სიონი-ტორპედო
მერანი-მეტალურგი
ვიტ ჯორჯია-ზესტაფონი
ზუგდიდი-დილა
გურია-სპარტაკი

პირველი ეტაპის დარჩენილი მატჩების კალენდარი
XXI ტური
9 მარტი, კვირა
გურია-ჩიხურა
სპარტაკი-ზუგდიდი
დილა-ვიტ ჯორჯია
ზესტაფონი-მერანი
მეტალურგი-სიონი
ტორპედო-დინამო

XXII ტური
16 მარტი, კვირა
ჩიხურა-ტორპედო
დინამო-მეტალურგი
სიონი-ზესტაფონი
მერანი-დილა
ვიტ ჯორჯია-სპარტაკი
ზუგდიდი-გურია

საქართველოს თასი. 1/4 ფინალი. საპასუხო მატჩები
20 მარტი, ხუთშაბათი
დინამო-მეტალურგი (2:0)
დილა-ტორპედო (2:1)
ჩიხურა-სიონი (1:1)
მერანი-შუქურა (0:0)

შენიშვნა: ჩემპიონატის მეორე ეტაპიდან გუნდები ზედა და ქვედა ექვსეულებში გადანაწილდებიან და ორ წრედ ითამაშებენ. მეორე ეტაპი 25 მარტს დაიწყება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

myquiz
სიახლეები პოპულარული