რუხაძე მაფიის წინააღმდეგ!

AutoSharing Option
XXII ჩემპიონატს ვატარებთ და ჩვენს სტადიონებზე რა კურიოზები არ მომხდარა; სამსაჯო შეცდომებიც არაერთხელ ყოფილა, ხშირად სერიოზული სკანდალი რომ გამოუწვევია. საერთოდაც, სამსაჯო საკითხი არამხოლოდ ჩვენთან, თანამედროვე ფეხბურთში ყველგან აქტუალურია და, ხშირ შემთხვევებში, ისეთ უმნიშვნელოვანეს ტურნირებზე ვაწყდებით არბიტრთა აშკარა შეცდომებს, როგორიც მსოფლიოს ჩემპიონატი ან ჩემპიონთა ლიგაა.

თუმცა, რაც ამ სეზონში საქართველოს ჩემპიონატში მსაჯების მიმართ პრეტენზიები გამოითქვა, მსგავსი არასდროს ყოფილა. თან, ნუ დაგვავიწყდება, რომ ეს ”ტენდენცია”, ფაქტობრივად ჩემპიონატის სტარტიდან დაიწყო! ჰოდა, ამიტომაც არაერთხელ გამოვთქვით ერთობ პესიმისტური პროგნოზი იმის შესახებ, რომ ჩემპიონატის ფინიშზე, შესაძლოა,
პროცესები, საერთოდ, უმართავი გახდეს.

”ლელოს” მკითხველს იმასაც შევახსენებთ, რომ ამ ცოტა ხნის წინათ სამსაჯო საკითხთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია დავაფიქსირეთ და ”შეთქმულების თეორიაც” კი ვუწოდეთ. არც მაშინ და არც ახლა არაფერს ვამტკიცებდით, უბრალოდ, ცოტა არ იყოს, უცნაურად გვეჩვენებოდა (და გვეჩვენება) ზოგიერთი ქართველი არბიტრის ქმედება. როგორც აღმოჩნდა, მსგავსი ეჭვი მხოლოდ ჩვენ არ გაგვჩენია და ამაში ქვემოთ მოყვანილ ინტერვიუშიც დარწმუნდებით.

”ვიტ ჯორჯიას” დამაარსებელი და ამ 13 წლის განმავლობაში კლუბის უცვლელი პრეზიდენტი გურამ რუხაძე რესპონდენტად შემთხვევით არ შეგვირჩევია; გუშინაც ვწერდით, რომ ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და სტაბილური კლუბის ხელმძღვანელი არასდროს შეგვინიშნავს ისეთ ქმედებაში, როდესაც კონკრეტული მატჩის დამთავრების შემდეგ, ლამის მოედანზე გასულიყოს და არბიტრების მიმართ აშკარა უკმაყოფილება საჯაროდ გამოეხატოს. ყველაფერი კი ორი დღის წინ ჩატარებული ”ვიტ ჯორჯია”-”სპარტაკის” სათასო დაპირისპირებისას მოხდა; თუმცა ”ვეტერინართა” პრეზიდენტმა სხვა არანაკლებ ”ხმაურიანი” ფაქტებიც ახსენა...

- ვცდებით, თუ მართლაც პირველი შემთხვევა იყო, მსაჯობით უკმაყოფილება ასე ემოციურად და საჯაროდ რომ გამოხატეთ?
- მუდამ ვცდილობ, ნებისმიერ მეტოქესთან მატჩს მშვიდად ვუცქირო; მაგრამ, როცა ხედავ, მსაჯების შეცდომები მიზანმიმართულ ხასიათს ატარებს, უკვე ძალიან ძნელია ემოციების შეკავება.

- ანუ, გინდათ თქვათ, რომ მსაჯების მიმართ ამ სათასო მატჩის გარდაც გქონდათ პრეტენზიები?
- მხოლოდ ბოლოდროინდელ მოვლენებს გავიხსენებ და ჯერ 21 ნოემბრის მატჩზე ვიტყვი, როცა ”სპარტაკთან” შეხვედრაში მეოთხე არბიტრმა მეტოქის ფეხბურთელს მოედანზე შემოსვლის უფლება ისეთ ”მოხერხებულ” დროს მისცა, ეს მოთამაშე მაშინათვე... ჩვენს მეკარესთან პირისპირ გასული აღმოჩნდა!

- იმ მატჩზე მეოთხე მსაჯი ვინ იყო?
- ლევან კვარაცხელია! იგივე კვარაცხელია იყო მომდევნო ტურში უკვე მთავარი მსაჯი, როცა სტუმრად ”ტორპედოს” ვეთამაშებოდით. ჩვენს ფეხბურთელებს 4 ყვითელი ბარათი უჩვენა და აქედან, სულ მცირე, 3... მოგონილი იყო! განსაკუთრებით, იმ ეპიზოდს ვგულისხმობ, როცა ჩიმაკაძე, ფაქტობრივად, მეტოქის მეკარესთან პირისპირ გადიოდა, მაგრამ მსაჯმა ეს შეტევა ჩაშალა და ჩვენი ფეხბურთელი... გააფრთხილა.

- ის მატჩი ხომ ”ვიტ ჯორჯიას” გამარჯვებით დამთავრდა?
- ამას რა მნიშვნელობა აქვს? საერთოდ, მთელი შეხვედრის განმავლობაში უკმაყოფილო ვიყავით კვარაცხელიას მსაჯობით; აი, ”სპარტაკთან” სათასო მატჩზე ისევ კვარაცხელია დაგვინიშნეს და როგორც უკვე გითხარით, ამდენი უსამართლობა ვეღარ მოვითმინე.

- ამ შეხვედრაში კონკრეტულად რა პრეტენზიები გაქვთ მსაჯის მიმართ?
- მატჩის ვიდეოფირი ვნახეთ და კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ ჩვენს კარში დანიშნული პენალტი აბსოლუტურად უსაფუძვლო იყო! უფრო ზუსტად, მოგონილი - ჩვენი გუნდის მცველი კასრაძე ბურთს ხელით არ ეხება, თანაც საჯარიმოს ხაზთან დგას, არავითარი სახიფათო მომენტი იქ არ იყო... მაგრამ, მხოლოდ ამ პენალტზე არ აღვშფოთდი, - საერთოდ, საქმისადმი მიდგომამ გამომიყვანა წყობილებიდან. გასაგებია, მსაჯიც ადამიანია და შეცდომა შეიძლება მოუვიდეს, მაგრამ როცა ვხედავ, ყველაფერი ეს მიზანმიმართულად ხდება, ნამდვილად აღარ გავჩუმდები.

- მატჩის შემდეგ არბიტრებს მიაძახეთ: ”მაფიოზები ხართ და თქვენ კლანს დავშლიო”; ეს მხოლოდ ”ცხელ გულზე” ნათქვამი სიტყვები იყო თუ დღესაც ამ აზრის ხართ?
- ეს მაფიოზური კლანი მართლაც შეკრულია და როგორი რთულიც არ უნდა იყოს,დასაშლელია! აბა, გაიხსენეთ, როდის იყო ჩვენს ჩემპიონატში მსგავსი პრეცედენტი, როცა ჩემპიონატის დასაწყისიდანვე აბსოლუტურად ყველა გუნდს მსაჯებისადმი ამდენი პრეტენზია გასჩენოდა? ანუ, აქ მხოლოდ ”ვიტ ჯორჯიას” უკმაყოფილებაზე არ უნდა გამახვილდეს ყურადღება: გუნდი არ დარჩენილა, მსაჯების შეცდომებით რომ არ დაზარალებულიყო.

- როგორ ფიქრობთ, ამდენი შეცდომები რატომ ხდება? ჩვენ, მაგალითად, ”შეთქმულების თეორიაც” კი ვუწოდეთ გახშირებულ და, ცოტა არ იყოს, უცნაურ შეცდომებს..
- ესე იგი, თქვენც გარკვეული ეჭვი გაგიჩნდათ, ხომ? სამწუხაროდ, ძალიან ბევრი რამ დაემთხვა და არ დავმალავ, შესაძლოა, ამით სარგებლობენ კიდეც ჩვენი მსაჯები.

- კონკრეტულად?
- უპირველეს ყოვლისა, სახელფასო დავალიანებას ვგულისხმობ, რომელიც, არ დავმალავ, გარკვეულ ეჭვს გვიტოვებს; ანუ, არ გამოვრიცხავ, რომ ”პირადი ბიუჯეტის” შესავსებად მსაჯები... მიზანმიმართულად ცდებიან. ოღონდ, თქვენც დამეთანხმებით, ალბათ, რომ ყოველივეს ”დამოუკიდებლად” ვერ გაბედავენ.

- ესე იგი, სერიოზული მფარველ(ებ)იც ჰყავთ?
- ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული: ქართველ მსაჯებს სერიოზული კლანი მართავს და სიტყვა ”მაფიოზებიც” შემთხვევით არ მიხსენებია; თანაც, ვიღაც ”შემთხვევითი” პიროვნება კი არა, არამედ - ფედერაციის მაღალჩინოსანი. აქვე, ალბათ, სჯობს ახლავე განვმარტო - ზვიად სიჭინავას ნამდვილად არ ვგულისხმობ...

- ფედერაციის პრეზიდენტთან თუ გქონდათ ამ საკითხზე საუბარი?
- ძალიან მიხარია და მაიმედებს ამ კაცის საქმისადმი მიდგომა: კარგად ვიცი მისი განწყობაც, რომ გაათმაგებული სიმკაცრე იქნება მსაჯების მიმართ, თან ნუ დაგვავიწყდება, რომ იანვრიდან ქართველ არბიტრებს სოლიდური ანაზღაურება ექნებათ და იმედია, მაშინ მაინც ვეღარ იკადრებენ უმსგავსოებებს.

- ქართველი არბიტრებიო, რომ ამბობთ, დავიჯეროთ, პრეტენზიები ყველას მიმართ გაქვთ?
- ასე არც მითქვამს: არიან მსაჯები, მაგალითად, არსენ ნონიკაშვილი, ლაშა სილაგავა, რომლებთაც შეცდომები მოსვლიათ, მაგრამ ერთი წამითაც არ მიფიქრია, რომ ისინი ამას შეგნებულად აკეთებდნენ. იმავეს ვიტყოდი გიორგი ვადაჭკორიაზე: კონკრეტულ მატჩში ჩვენი ფეხბურთელი გააძევა, პენალტი დანიშნა ჩვენს კარში, მაგრამ პრეტენზია კი არა, საერთოდ, ხმა არ ამომიღია. ანუ, საბედნიეროდ, საქართველოში არიან ისეთი მსაჯებიც, რომელთა პატიოსნებაში ეჭვს ვერ შეიტან. მაგრამ, სამწუხაროდ, მათ გვერდით ისეთებიც არიან, გუნდებს მიზანმიმართულად რომ ”ძირავენ”.

- როგორ ფიქრობთ, იანვრიდან მსაჯების ანაზღაურების სერიოზული გაზრდა ამ პრობლემას მოაგვარებს?
- ყოველ შემთხვევაში, ამის დიდი იმედი მაქვს. საქართველოს მასშტაბით ყველა სფეროში კორუფციას ვებრძვით, რეფორმატორი ქვეყანა ვართ და სამსაჯო საკითხსაც, როგორმე უნდა მიეხედოს. ერთი-ორი ინვესტორიღა დავრჩით, მაგრამ ფეხბურთიდან წასვლას მაინც არ ვაპირებ, პირიქით, გაათმაგებული ენერგიით შევებრძოლები ამ მაფიოზურ კლანს.


ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"


მკითხველის კომენტარები / 1 /
კიკნაძე-ზამთარაძე რო ამბობდა ხმამაღლა მაშინ რატომ არავინ არ დაუდექით გვერდით ???!!!
lokdi
13:15 03-12-2010
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული