ვიტ ჯორჯია-ზესტაფონი 0:2 - მე-500 გოლი და განაღდებული "ექვსეული" [VIDEO]

AutoSharing Option
ზამთრის შესვენებაზე მოძლიერებული "ზესტაფონისთვის" არც "ვიტ ჯორჯია" აღმოჩნდა დაუძლეველი ბარიერი, თუმცა ცხინვალის "სპარტაკისა" და "ზუგდიდისგან" განსხვავებით, გია გეგუჩაძის შეგირდებმა თბილისელებს ორი გოლი აკმარეს.

წინა ორივე მეტოქეს ზესტაფონელებმა სამი უპასუხო გოლი გაუტანეს და იმავეს გაკეთება კვირას "მცხეთა პარკზეც" შეეძლოთ, მაგრამ შთაბეჭდილება შეიქმნა, რომ ფეხბურთელებს თავი ბოლომდე არ მოუკლავთ - ორბურთიანი სხვაობით რომ იგებდნენ, მასპინძელი კაცნაკლული დარჩა, "ზესტაფონმა" კი თამაში ლოგიკურ დასასრულამდე მშვიდად, ბურთის ფლანგიდან ფლანგისკენ გორაობით მიიყვანა...

არბიტრმა არსენ ნონიკაშვილმა რომ ჩასტვინა, სტუმრები უპირატესობას იმ წუთიდანვე დაეუფლნენ და ისე ითამაშეს, გამარჯვება
ეჭვქვეშ არც დაუყენებიათ... თუმცა არა, პირველი ტაიმის ბოლო წუთზე ანგარიშის გათანაბრება კვირკვიას მართებდა - მეკარე პავლოვიჩთან პირისპირ დარჩა, მაგრამ სერბმა ხელები ფართოდ გაშალა და თავდამსხმელს აღარ გაატანინა.

Sportall.Geასეთი მომენტი რა მოსატანია, მაგრამ მასპინძელმა კორიფაძემ პავლოვიჩს ერთხელ კიდევ დაურტყა, რომელიც მეკარემ კუთხურზე გადააგდო და ამით მორჩა - მასპინძლები მეტოქის კარს აღარც მიახლოებიან.

საპირისპირო მხარეს კი მომენტები არ იკლებდა. თავდამსხმელები ვერ ყოჩაღობდნენ, თორემ მეკარე შეროზიამდე "ზესტაფონს" ბურთი უნაკლოდ მიჰქონდა. განსაკუთრებით მძიმე "ვიტ ჯორჯიასთვის" საწყისი 10 წუთი გამოდგა. ფეხბურთელებს, ეტყობა, სწრაფი გოლის დავალება ჰქონდათ. მარტო ტატანაშვილს ორჯერ შეეძლო "ვიტ ჯორჯიასთვის" გატანა, მაგრამ ერთხელ თავურით სულ ორი მეტრიდან ააცილა კარს, მეორედ კი დარტყმა ცენტრალურმა მცველმა კალანდიამ არ დაანება.

ზესტაფონელთა დაწინაურება ტატანაშვილის მეწყვილე საბანაძეს შეეძლო; იქვე - დოლიძესაც, რომელიც შარიქაძის პასით შეროზიასთან პირისპირ დარჩა, მაგრამ ხეირიანად ვეღარ დაარტყა.

ტაიმის შუისკენ კი "ზესტაფონისთვის", ცოტა არ იყოს, ისტორიული მომენტი დადგა - მასპინძელმა კალანდიამ საბანაძე საჯარიმოში რომ მოცელა, არსენ ნონიკაშვილმა თითი უმალ პენალტის ნიშნულისკენ გაიშვირა.

კუხიანიძის
მიერ 11-მეტრიანიდან გატანილი გოლი კი "ზესტაფონისთვის" უმაღლეს ლიგაში მე-500 აღმოჩნდა.

იმავე კუხიანიძემ უმაღლეს ლიგაში "ზესტაფონის" 501-ე ბურთიც შეაგდო, ოღონდ იმ ეპიზოდში ტატანაშვილის დახმარება დასჭირდა, რომელმაც პასამდე ბურთი კარგად "დაიჭირა" და პარტნიორს დასარტყმელად გაუმზადა.

"ზესტაფონი" ორბურთიანი სხვაობით მეორე ტაიმის დასაწყისში დაწინაურდა, ანუ სწორედ იმ დროს, როცა "ვიტ ჯორჯია" შედარებით გააქტიურდა და მეტოქის ნახევარზე ბურთის გაკონტროლებასაც მიჰყო ხელი.

კუხიანიძის გოლმა "ზესტაფონს" სწორედაც ხელსაყრელ დროს უწია, თორემ კაცმა არ იცის, თამაშის იშტაზე მოსული "ვიტ ჯორჯია" სტუმრებს რითი გაუმასპინძლდებოდა...

0:2-ზე თბილისელთა მწვრთნელმა ავთო ბერიძემ სამივე შეცვლა ექვს წუთში გააკეთა. ბედის ირონიით, სწორედ შეცვლაზე (ბოლოს) შესული კუხალეიშვილი მძიმე დაშავდა და მოედანი საკაცით დაატოვებინეს, "ვიტ ჯორჯია" კი მოედანზე 10 ფეხბურთელით დარჩა.

ზამთრის შესვენებისას სიჩქარეაკრეფილი "ზესტაფონის" შეჩერება 11 "ვეტერინარს" უჭირდა და ათნი, აბა, რაღას გააწყობდნენ?!
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ასე გაიყოლა "ზესტაფონმა" მცხეთიდან მორიგი 3 ქულა და აქამდე თუ ამ გუნდის ექვსეულში მოხვედრაც საეჭვო იყო, ასე ნელ-ნელა, გეგუჩაძის გუნდმა მეორე ადგილამდე ქულებში ჩამორჩენა ოთხამდე შეამცირა.

ბომბარდირები
დ. ტატანაშვილი (ზესტაფონი/ჩიხურა) 13
ჩისკო (დინამო თბ) 12
ი. მოდებაძე (დინამო თბ/დილა) 9
დ. გოგა (დინამო თბ) 9

I ეტაპის ბოლო ორი ტური
XXI ტური
9 მარტი, კვირა
გურია-ჩიხურა
სპარტაკი-ზუგდიდი
დილა-ვიტ ჯორჯია
ზესტაფონი-მერანი
მეტალურგი-სიონი
ტორპედო-დინამო

XXII ტური
16 მარტი, კვირა
ჩიხურა-ტორპედო
დინამო-მეტალურგი
სიონი-ზესტაფონი
მერანი-დილა
ვიტ ჯორჯია-სპარტაკი
ზუგდიდი-გურია

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული