ქუთაისი ფრეს არ დანებდა

AutoSharing Option
"ტორპედოს" რომ გოლის გატანა უჭირს, ცნობილი ამბავია. ქუთათურებს ამ შეხვედრაშიც გაუძნელდათ კარის აღება. შანსები ვერ გამოიყენეს ცხინვალელებმაც და თითქოს გუნდები უგოლო ფრეს იყვნენ შეგუებულნი, როცა დამატებულ დროში თენგიზ ჩიკვილაძემ დაახლოებით ორმოცი მეტრიდან სასწაულებრივი დარტყმით ისეთი გოლი გაიტანა, ქუთაისელ ქომაგებთან ერთად ცხინვალელებიც კი აღტაცებაში მოიყვანა. სხვა რომ არაფერი ყოფილიყო, მარტო ამ გოლის სანახავად ღირდა სტადიონზე მისვლა. ჩიკვილაძის გოლმა "ტორპედოს" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოაპოვებინა და წლეულს მისთვის ყველაზე მაღალ - მეხუთე ადგილზე აანაცვლა. არადა, სტუმრები მარცხს ნამდვილად არ იმსახურებდნენ. "სპარტაკი" რომ აუტსაიდერობას არ
ურიგდება და ხელწამოსაკრავი გუნდია არ არის, წინა ტურებშიც დაამტკიცა.

მატჩი ქუთაისელთა შეტევებით დაიწყო, მაგრამ მათი უნდილი იერიშები ცხინვალელთა საჯარიმოსთან იფუშებოდა. კარის მიმართულებით პირველი დარტყმა სტუმრებმა განახორციელეს, მე-15 წუთზე მაისურაძის შორიდან დარტყმულმა ბურთმა ხარიხას გადაუქროლა. მასპინძლებმა მე-20 წუთზე უპასუხეს, როცა ფოფხაძის ფლანგური ჩაწოდების შემდეგ ჩიკვილაძე შეუჩერებლად ურტყამდა და ბურთი მეკარე გრიშიკაშვილმა ფეხით მოიგერია. მანვე ცოტა ხანში კვარაცხელიას ძლიერი საჯარიმო დარტყმა უკუაგდო. ამას ცხინვალელთა მწვავე კონტრშეტევა მოჰყვა, ქუთაისელი მცველების შეცდომის შემდეგ მაისურაძე ურტყამდა, მაგრამ კარს საკმაოდ ააცილა. 33-ე წუთზე გია გიგატაძის შეგირდებმა მწვავედ შეუტიეს, კვარაცხელიას პასით კვასხვაძე მეკარესთან პირისპირ გადიოდა, მაგრამ გამოცდილმა გრიშიკაშვილმა დაასწრო.

მეორე ტაიმის პირველი რეალური საგოლე მომენტი სტუმრებმა შექმნეს, მაგრამ კლოვისი თამაშგარეში იმყოფებოდა და მის მიერ გატანილი გოლი არ ჩაითვალა. ქუთათურები კვლავ ერთფეროვნად უტევდნენ და გიგატაძემ მოედანზე მეორე ფორვარდი ნიკა საბანაძე გამოიყვანა. მე-60 წუთზე დათუნაიშვილი ურტყამდა თავით, მაგრამ გრიშიკაშვილმა ივარგა. თამაში რომ არ წაუვიდათ, მასპინძლებს მღელვარება დაეტყოთ და შეცდომებს უხშირეს.

როგორც ჩანს, ცხინვალელები ფრეზე ყაბულს იყვნენ და დროის გაყვანა დაიწყეს. ქუთათურების უკბილო შეტევები კი სტუმრებისთვის ხიფათს არ წარმოადგენდა. საჯარიმოში რომ ვერ შეაღწიეს მასპინძლებმა შორეული დარტყმებით სცადეს ბედი. 85-ე წუთზე დიღმელაშვილის ყუმბარისებული დარტყმა ხარიხას გადასცდა. ჩიკვილაძის ბრწყინვალე და გამარჯვების მომტან შორეულ დარტყმაზე კი ზემოთაც ვთქვით...

გელა ინალიშვილი (სპარტაკი): "კარგი თამაში გამოვიდა, ჩიკვილაძის გოლი კი მატჩის გვირგვინი იყო. გოლის მეტი რა მინახავს, მაგრამ ასეთ არასახარბიელო მოედანზე შესრულებული ასეთი ულამაზესი დარტყმა პირველად ვიხილე. ვულოცავ "ტორპედოს" გამარჯვებას. თამაშის სცენარიდან გამომდინარე მარცხს არ ვიმსახურებდით. მომენტები გვქონდა და გამოუცდელობის გამო ვერ გამოვიყენეთ. დღეს ფორტუნა "ტორპედოს" მხარეს იყო.... ცხოვრება გრძელდება, წინ "კოლხეთთან" მნიშვნელოვანი შეხვედრა გველის. ზამთრის შესვენებისას კი ფეხბურთელებს დავიმატებთ და უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნებას შევეცდებით."

გია გიგატაძე (ტორპედო): "მიმდინარე ჩემპიონატს აუტსაიდერი არ ჰყავს. ყველა გუნდს შეუძლია ბრძოლა. "სპარტაკი" ცხრილში ბოლო ადგილზეა, მაგრამ დღევანდელ მატჩში მშვენიერი შთაბეჭდილება დატოვა. ცხინვალელებმა კარგად ითამაშეს, მაგრამ დღეს იღბალი ჩვენს მხარეს იყო."


ტორპედო-სპარტაკი 1:0
05.12.10 ქუთაისი. ცენტრალური. 4000 მაყურებელი
1:0 ჩიკვილაძე (90)
ტორპედო სპარტაკი
4-4-2
4-5-1
მიგინეიშვილი გრიშიკაშვილი
ფოფხაძე აქუბარდია
თოდუა ტეტუნაშვილი
ფარულავა ბოიომო
ჩიკვილაძე ჭაფოძე
დიღმელაშვილი ჩალაძე
ნ.კვასხვაძე შ.კაშია
დათუნაიშვილი შონია
თარხნიშვილი მაისურაძე
გ.ჩხეტიანი ზ.ძაგანია
კვარაცხელია კლოვისი
მწვრთნელი:გ.გიგატაძე მწვრთნელი: ბ.კვარაცხელია

ტორპედო
46. გ.ჩხეტიანი - საბანაძე
53. თარხნიშვილი - გიგაური
81. დათუნაიშვილი - ლომაშვილი
სათადარიგოები: ქვილითაია, მაჭავარიანი, კვერნაძე,გურული

სპარტაკი
81. ზ.ძაგანია - ბაბულაიძე
89. კლოვისი - კაკაშვილი
90. შ.კაშია - ზერეკიძე
სათადარიგოები: დაუშვილი, მამუდოვი, ლობჟანიძე, ბუზალაძე

გაფრთხილება: ფოფხაძე (70), გრიშიკაშვილი (78), დიღმელაშვილი (80)
არბიტრი: თ.გვანცელაძე


ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული