საფირმო გასროლა

AutoSharing Option
"დინამოსა" და "ვიტ ჯორჯიას" 13-წლიან დაპირისპირებაში დიდი ხანია არ მომხდარა ისეთი შემთხვევა, როცა ერთ-ერთ გუნდს პრინციპული მოწინაღმდეგე ზედიზედ მესამედ დაემარცხებინოს (ჩემპიონატის ეგიდით ჩატარებულ მატჩებს ვგულისხმობთ). და აი, წინა ჩემპიონატის მეოთხე წრიდან მოყოლებული, ჩვენმა ყველაზე ტიტულოვანმა კლუბმა თავის ერთ-ერთ უხერხულ მოწინააღმდეგეს ზედიზედ მესამე მატჩი მოუგო;

სამწუხარო მხოლოდ ის არის, რომ ჩვენი ჩემპიონატის ორი გამორჩეული გუნდის პაექრობა და საერთოდაც, ტურის ცენტრალური დაპირისპირება, ფაქტობრივად, ცარიელი ტრიბუნების წინ ჩატარდა. რომ ვთქვათ, არიქა, რაღაც სასწაული მატჩი იყოო, მართალი არ ვიქნებით; თუმცა, როგორც ამ გუნდების ბოლოდროინდელ
დაპირისპირებებს სჩვევია, შეხვედრას დაძაბულობა ნამდვილად არ აკლდა და საბოლოოდ ყველაფერი კონკრეტული ფეხბურთელის ინდივიდუალურმა ოსტატობამ გადაწყვიტა: მატჩის დამთავრებას დაახლოებით 20 წუთი უკლდა, მეტოქის საჯარიმოსთან სიახლოვეში მყოფმა დავით მუჯირმა თავის "საფირმო" შორეული დარტყმით ამ ტურის კი არა, ალბათ, ჩემპიონატის საუკეთესო გოლი გაიტანა! "მუმუმ" იმდენად ეფექტურად, ძლიერად და ზუსტად "გაისროლა", რომ მანამდე და იმის მერეც საიმედოდ მოთამაშემ გიორგი ძაძამიამ "დინამოს" ვეტერანის მიერ დარტყმულ ბურთს მხოლოდ თვალიღა გააყოლა. მოკლედ, იმის თქმა გვსურს, რომ "ვიტ ჯორჯიას" მეკარის დადანაშაულება ამ ეპიზოდში ნამდვილად არ შეიძლება: ძაძამიამაც და მისმა კოლეგამ გიორგი ლორიამ შეხვედრა, ფაქტობრივად, უშეცდომოდ ჩაატარეს. ეს ფაქტი კი, ალბათ, თემურ ქეცბაიასაც გაუხარდებოდა: საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი სამშობლოში გუშინ დილით ჩამოფრინდა და მაშინათვე ეროვნული ჩემპიონატის მატჩზე დასასწრებად რუსთავში გამოეშურა.

ორივე გუნდი ამ შეხვედრას სერიოზული საკადრო პრობლემებით შეხვდა: დისკვალიფიკაციის გამო მასპინძლებს ორი წამყვანი ცენტრალური ნახევარმცველი (გურამ გურეშიძე, გიორგი ვასაძე) აკლდათ, სტუმრებს კი ალექსანდრე კოშკაძე და გივი კვარაცხელია. თუმცა, როგორც მატჩის მსვლელობამ დაგვანახა, "დინამოს" ბევრად უფრო გრძელი "სათადარიგოთა სკამი" ჰქონია: სტუმართა მთავარმა მწვრთნელმა მეორე ტაიმში სამი ცვლილება რომ განახორციელა, გუნდის თამაშზე უარყოფითად არ ასახულა; აი, "ვიტ ჯორჯიაზე" კი ამას ნამდვილად ვერ ვიტყვით: გუნდი თამაშს აგებდა, მაგრამ მწვრთნელებმა ცვლილებების განხორციელება, ალბათ, საჭიროდ არ მიიჩნიეს.

არადა, შეხვედრის პირველი ტაიმის შემხედვარე, ძნელად თუ ვინმე იფიქრებდა, რომ "ვეტერინარებს" რაიმე ცვლილებები დასჭირდებოდათ, იმდენად აშკარა უპირატესობას ფლობდნენ. თავად განსაჯეთ: მატჩის პირველ ნახევარში "დინამომ" მასპინძელთა კარში მხოლოდ ერთხელ დაარტყა: შეტევა ირაკლი ლექვთაძემ წამოიწყო, დონალდ ჯუისმა გააგრძელა, მაგრამ ნიკა ფირცხალავას დამაგვირგვინებელ ფაზაში უკეთესადაც შეეძლო ემოქმედა. აი, ეს იყო და ეს - მასპინძლები სწრაფად გადადიოდნენ მეტოქის ნახევარზე და თავიანთი ლიდერების (ირაკლი კლიმიაშვილი, ჯაბა ლიპარტია) აქტიურობით მეტოქეს არაერთ პრობლემასაც უქმნიდნენ. თუმცა, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, "დინამოს" მეკარე გიორგი ლორია საიმედოდ თამაშობდა; ამას გარდა, ორ ეპიზოდში ლორიას მხსნელად თანაგუნდელები მოევლინენ: ჯერ ნიკა ფირცხალავამ გამოიტანა ბურთი კარის ხაზიდან (კლიმიაშვილის ეფექტური თავური დარტყმის შემდეგ), მერე კი ლევან ხმალაძემ წამით დაასწრო მეტოქეს. მასპინძლების შესრულებით თითქმის ყველა "სტანდარტული" ხომ სახიფათო იყო, მაგრამ გიგა ბეჭვაიასა და ჯაბა ლიპარტიას მცდელობებს შედეგი არ ჰყოლია.

აი, მეორე ტაიმში კი თამაშის შინაარსი შეიცვალა: მასპინძელთა უპირატესობა "სადღაც" გაჰქრა და ყოველივე, რაღა თქმა უნდა, დინამოელთა დამსახურება იყო. გააქტიურდა დავით მუჯირიც, ორჯერ შორეული დარტყმით რომ დაემუქრა მასპინძელთა კარს (ორივეჯერ - არაზუსტად), სამაგიეროდ, მესამე ცდა წარმატებული აღმოჩნდა და როგორც მერე გაირკვა, სწორედ ეს ლამაზი გოლი ყოფილა ამ შეხვედრაში პირველიც და უკანასკნელიც! სხვათა შორის, მუჯირს "დუბლის" შესრულებაც შეეძლო, მაგრამ გიორგი თექთურმანიძის ზუსტი პასის შემდეგ ახლო მანძილიდან მეკარისგან დაუცველ შორეულ კუთხეში ბურთი ზუსტად ვერ გაგზავნა. "დინამოს" კიდევ ერთი მომენტი ჰქონდა: შეტევა ისევ მუჯირმა წამოიწყო, შემდეგ ბურთი რიკოშეტით ზვიად მეტრეველს მიუვიდა, მაგრამ სტუმართა ცენტრფორვარდის ძლიერი დარტყმა გიორგი ძაძამიამ მოიგერია. აი, "ვიტ ჯორჯია" კი მეორე ტაიმში მხოლოდ ორჯერ დაემუქრა სტუმართა კარს და ორივეჯერ გიგა ბეჭვაია იყო "მოვლენათა ეპიცენტრში, მაგრამ გიორგი ლორიამ ორივეჯერ საიმედოდ ითამაშა.

მატჩის ბოლოს (უფრო ზუსტად, მსაჯის მიერ დამატებულ წუთებში) "ვიტ ჯორჯიამ" შტურმისმაგვარი მოაწყო მეტოქის საჯარიმოსთან, ერთ ეპიზოდში მასპინძლები პენალტსაც ითხოვდნენ, მაგრამ ანგარიში მეტად აღარ შეცვლილა. სხვისი რა მოგახსენოთ და, ჩვენი აზრით, "დინამოს" ეს გამარჯვება, ალბათ, ლოგიკურიც იყო, - მეტოქესთან შედარებით მეორე ტაიმში ბევრად გააზრებული ფეხბურთი რომ უჩვენა. არანაკლებ მნიშვნელოვნად მიგვაჩნია ის ფაქტიც, ასეთი პრინციპული მეტოქეების დაპირისპირებამ უექსცესოდ რომ ჩაიარა; მსაჯობაზეც არავის უნდა ჰქონოდა პრეტენზია: ლაშა სილაგავას ტენდენციურობასა თუ "რაღაცეების არდანახვას", ალბათ, ვერავინ დააბრალებდა...


ვიტ ჯორჯია-დინამო 0:1
5.12.რუსთავი. ფოლადი 500 მაყურებელი
0:1 მუჯირი (69)

ვიტ ჯორჯია დინამო
4-2-3-1 4-2-3-1
ძაძამია ლორია
ხურცილავა კაკუბავა
ლომაია თომაშვილი
ადამაძე გველესიანი
ღანიაშვილი ხმალაძე
კასრაძე ედნილსონი
მაისაშვილი ფირცხალავა
ბეჭვაია ჯუისი
ჯანელიძე მუჯირი
კლიმიაშვილი ლექვთაძე
ლიპარტია მეტრეველი

მწვრთნელი მწვრთნელი
მ. კოჭლაშვილი თ. სამხარაძე

ვიტ ჯორჯია
65. ჯანელიძე-ჩიმაკაძე
სათადარიგოები: რეჭია, გიორგი გურეშიძე, გოგიაშვილი, კორიფაძე, დვალაშვილი, ზაქრაძე

დინამო
65. ფირცხალავა-მამუჩაშვილი
70. ლექვთაძე-კახელიშვილი
81. ჯუისი-თექთურმანიძე
სათადარიგოები: შეყრილაძე, ქანთარია, სიხარულიძე, ვარდოსანიძე

გაფრთხილება: ედნილსონი (57), ადამაძე (67), მამუჩაშვილი (73), ღანიაშვილი (76).
არბიტრი: ლ. სილაგავა (თბილისი)


ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული