ზესტაფონი ზამთარში პირველია

AutoSharing Option
ბოლო დროს "ზესტაფონი" მშვენივრად თამაშობს და შედეგიც შესაბამისი აქვს. ფეროელებმა ჩემპიონატსა და თასზე ბოლო ოთხი მატჩი დიდი, თანაც მშრალი ანგარიშით მოიგეს. მათი მორიგი მსხვერპლი "ვიტ ჯორჯია" აღმოჩნდა. ფეროელებიგამარჯვების შემთხვევაში ზამთრის ჩემპიონობას იზეიმებდნენ და საბოლოოდ ასეც მოხდა: გია გეგუჩაძის გუნდმა სეზონის ერთ-ერთი საუკეთესო შეხვედრა ჩაატარა და ჩემპიონატის პირველი ეტაპი ლიდერად დაასრულა. რატი წინამძღვრიშვილს ერთპიროვნული ბომბარდირობა არ დაანება მისმა თანაგუნდელმა ნიკოლოზ გელაშვილმა. ”ვიტ ჯორჯიასთან" შესრულებული ჰეთ-თრიკის შემდეგ წინამძღვრიშვილის დარად მასაც 10 გოლი დაუგროვდა და ჩემპიონატის თანაბომბარდირი გახდა.

მატჩის დასაწყისი თანაბარი იყო. გუნდები
ცენტრის დაუფლებას ცდილობდნენ და ხისტ ორთაბრძოლებსაც არ ერიდებოდნენ. პირველი სახიფათო მომენტი მასპინძლებმა შექმნეს, საჯარიმოს გარედან დაუშვილის გასროლილი ბურთი ძაძამიამ მოიგერია. ვიტელთა გოლკიპერი ამ მატჩში ძალიან დატვირთული იყო, რამდენჯერმე აშკარა გოლისაგანაც იხსნა თავისიანები, მაგრამ ბრწყინვალე ფორმაში მყოფ გელაშვილს ვერაფერი მოუხერხა.

სახიფათო მომენტების გაცვლის შემდეგ უპირატესობა მთლიანად ზესტაფონელთა მხარეს გადავიდა. ფეროელებს ყველაფერი გამოსდიოდათ: მწვავე შეტევები, ლამაზი კომბინაციები, დამაგვირგვინებელ ფაზაშიაც არ უჩიოდნენ სიზუსტეს. სტუმრები მათ მწვავე შეტევებს ვეღარ უმკლავდებოდნენ და მთელი სიმძიმე მეკარე ძაძამიას დააწვა... 22-წუთზე აფციაურმა გელაშვილი გაიყვანა მასთან პირისპირ, ზესტაფონელთა ფორვარდმა კიპერისთვის ბურთის თავზე გადაგდება მოინდომა, მაგრამ ძაძამიამ საიმედოდ ითამაშა. 32-ე წუთზე მასპინძლებმა ულამაზესი კომბინაცია გაითამაშეს, გელაშვილის გადაცემის შემდეგ დვალმა ბურთი გაატარა და აფციაური მეკარესთან პირისპირ აღმოჩნდა, დარტყმა არ დააყოვნა, მაგრამ ძაძამიამ შეძლო ბურთის კუთხურზე მოგერიება. კუთხური ბაბუნაშვილმა მოაწოდა და პირდაპირ მეკარის ახლო ძელთან ჩასაფრებულ გელაშვილს დაასვა ბურთი თავზე - 1:0. მასპინძლები კვლავაც მწვავედ უტევდნენ. ძაძამიამ დაუშვილისა და აფციაურის სახიფათო დარტყმები მოიგერია, დვალის თავური კი მცირედით ასცდა მიზანს. ბოლო დროს საქართველოს ჩემპიონატში ლამაზი გოლები გახშირდა და, საბედნიეროდ, ამ შეხვედრაშიც ვიხილეთ ეფექტური გოლი. 45-წუთზე გელაშვილმა დვალისგან მიიღო ბურთი და მახვილი კუთხიდან მეკარესთან პირისპირ გასულმა ძაძამიას თავზე გადაატარა - 2:0. ეს მან ძალზე ტექნიკურად გააკეთა.

მეორე ტაიმში არაფერი შეცვლილა. ”ზესტაფონი" უტევდა და ძაძამიას კართან კვლავ ძალზე ”ცხელოდა". 50-ე წუთზე გელაშვილის ფლანგურ ჩაწოდებას დვალმა თავური მიაყოლა და კვლავ ვიტელთა მეკარემ ივარგა, გრიგალაშვილი ცდილობდა დამატებას, მაგრამ ძაძამიამ აქაც იყოჩაღა. ვიტელებმა მასპინძლების შეტევებს ვეღარ გაუძლეს და 57-ე წუთზე კიდევ ერთხელ შეირხა მათი კარის ბადე. გრიგალაშვილმა გელაშვილი გაიყვანა მეკარესთან პირისპირ და ნიკასაც არ გასჭირვებია ჰეთ-თრიკის გაფორმება - 3:0. გელაშვილი ისეთ იშტაზე იყო, მოედნიდან რომ არ გაეყვანათ, ალბათ, პოკერზეც არ იტყოდა უარს. გეგუჩაძემ მის ნაცვლად კიდევ ერთ ბომბარდირს, რატი წინამძღვრიშვილს მისცა შანსი, თუმცა რატიმ ამ ჯერზე გატანა ვერ მოახერხა. დარჩენილ დროში ჯაბა დვალის ”მაკრატელა" და გოგა ფიფიას სახიფათო მომენტია აღსანიშნავი, თბილისელებმა კი მათ მხოლოდ ორჯერ ”გაიხედეს" მეტოქის კარისკენ, 55-ე წუთზე გიორგი ჯანელიძის საჯარიმო დარტყმა მოიგერია როინ კვასხვაძემ, მერე კი გიგა ბეჭვაიამ ააცილა. ეს იყო და ეს.

”ზესტაფონმა" ზამთრის ჩემპიონობით ”ნაღდ" ჩემპიონობაზეც სერიოზული განაცხადი გააკეთა.


ზესტაფონი-ვიტ ჯორჯია 3:0
ზესტაფონი. დ.აბაშიძე. 1000 მაყურებელი
გოლები: 1:0 გელაშვილი (32.ბაბუნაშვილის პასით), 2:0 გელაშვილი (45.დვალის პასით), 3:0 გელაშვილი (57.გრიგალაშვილი პასით)
ზესტაფონი ვიტ ჯორჯია
4-4-2 4-4-1-1
რ. კვასხვაძე ძაძამია
ალადაშვილი ხურცილავა
გ. ონიანი გოგიაშვილი
ხიდეშელი კასრაძე
ელიავა ღანიაშვილი
აფციაური ბეჭვაია
დაუშვილი მაისაშვილი
ბაბუნაშვილი გურამ გურეშიძე
გრიგალაშვილი კლიმიაშვილი
დვალი ლიპარტია
გელაშვილი ჩიმაკაძე
მწვრთნელი: მწვრთნელი:
გ. გეგუჩაძე მ.კოჭლაშვილი

ზესტაფონი
61. გელაშვილი - წინამძღვრიშვილი
61. ალადაშვილი - ბენაშვილი
70. გრიგალაშვილი - ფიფია
სათადარიგოები: მამალაძე, კობახიძე, გორგიაშვილი, გ. მიქაბერიძე

ვიტ ჯორჯია
36. ჩიმაკაძე - ჯანელიძე
62. ლიპარტია - ზაქრაძე
70. ბეჭვაია - კორიფაძე
სათადარიგოები: რეჭია, ჭანკვეტაძე, გ.ლობჟანიძე, გიორგი გურეშიძე

გაფრთხილება: გურამ გურეშიძე (44)
არბიტრი: თ.გვანცელაძე


ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული