შესაშური მასპინძლობა

AutoSharing Option
ავად თუ კარგად, ჩემპიონატის პირველი ეტაპი დავასრულეთ; რაც მთავარია, 14 აგვისტოდან 12 დეკემბრამდე "გაწერილმა" ეტაპმა უსკანდალოდ ჩაიარა! რაღა თქმა უნდა, ყველაფერი შედარებითია და მეტ-ნაკლებად ხმაურიან სკანდალებს ვგულისხმობთ, თორემ "წვრილ-წვრილი გამოხტომები", იცოცხლეთ, ბლომად იყო. უპირველეს ყოვლისა, მსაჯობით აშკარა უკმაყოფილებას ვგულისხმობთ, ჩემპიონატის სტარტიდან პირველი ეტაპის ბოლომდე რომ გრძელდებოდა; თუმცა, ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ კლუბების ხელმძღვანელთა თუ მწვრთნელთა ის საჯარო უკმაყოფილობა რეალობასთან ახლოს ყოველთვის ნამდვილად არ ყოფილა. ანუ, არცთუ ცოტა იყო ისეთი შემთხვევები, როცა ამა თუ იმ კლუბის ხელმძღვანელი თუ მწვრთნელი საკუთარ წარუმატებლობას
მხოლოდ და მხოლოდ მსაჯებს აბრალებდა, არადა, მიზეზი "იქვე", თავიანთ გუნდში უნდა მოეძებნათ.

მეორე ეტაპი, სავარაუდოდ, მომავალი წლის 12 თებერვალს დაიწყება და მანამდე საკმარისზე მეტი დროც არის იმისთვის, პირველი ეტაპი რომ შევაჯამოთ. თუმცა, გარკვეული დასკვნის გაკეთება ახლავე შეიძლება. მაგალითად, არავისთვის მოულოდნელი ყოფილა ის ფაქტი, ჩემპიონობისათვის სეზონის დაწყებამდე ფავორიტად შერაცხული 3 გუნდი ("ზესტაფონი", "ოლიმპი", "დინამო") რომ იბრძოლებდა (უბრალოდ, ცოტა არ იყოს, უცნაურად გვეჩვენება ლიდერთა სამეულსა და დანარჩენ გუნდებს შორის ქულათა სხვაობა); სამწუხაროზე მეტად გვეჩვენება ის გარემოებაც, როცა ლამის ჩემპიონატის სტარტიდანვე, სულ მცირე, სამ გუნდს სერიოზულზე-სერიოზული ფინანსური პრობლემები შეექმნა. თუმცა, კიდევ ვიმეორებთ, პირველი ეტაპის შესაჯამებლად დრო საკმარისზე მეტი გვექნება და ამჯერად, მხოლოდ პირველი ეტაპის ბოლო ტურის გამორჩეულ მოვლენებზე ვისაუბრებთ.


ბოლო გამონათებები
პირველი ეტაპის დასკვნითი ტური არაერთი "უცნაურობით" დაგვამახსოვრდა; უპირველეს ყოვლისა, ჩვენი ფეხბურთელების შესაშური შედეგიანობა გვახარებს - ყოველგვარი სარკაზმის გარეშე ვამბობთ, რომ მართლაც სასიამოვნო იყო ტურში ამდენი გოლის ხილვა. თავად განსაჯეთ: "დინამო"-ტორპედოს" შეხვედრის გარდა, ყველა მატჩი უხვგოლიანი იყო! საერთოდაც, სწორედ დასკვნით ტურში დამყარდა ჩემპიონატის რეკორდი - აქამდე საუკეთესო შედეგი 15 გოლი იყო (XIV ტურში), ახლა კი ხუთ შეხვედრაში ერთით მეტი გოლი გავიდა. ამას გარდა, ასევე პირველად მოხდა, როცა ტურის ხუთივე მატჩი მასპინძლების გამარჯვებით დასრულდა, თუმცა, ისიც უნდა ვაღიაროთ, ხუთივე წყვილში ფავორიტებად სწორედ მასპინძლები მიიჩნეოდნენ.

ახლა კი, კონკრეტულ ფეხბურთელებზეც: სეზონში პირველი გოლები გაიტანეს შოთა კაშიამ, ნიკოლოზ მაისურაძემ (ორივე-"სპარტაკი") და მიხეილ ბობოხიძემ ("სიონი"); ამას გარდა, ორმა ფეხბურთელმა "დუბლი" შეასრულა: ირაკლი ეხვაიამ ("ბაია") და ტიერი-ანს კლოვისმა ("სპარტაკი"). თუმცა, XVIII ტურს სხვა გმირებიც ჰყავდა და ამ შემთხვევაში, რაღა თქმა უნდა, ქართული ფეხბურთის დამსახურებულ ვეტერანს დავით მუჯირს ვგულისხმობთ, ვისმა ოსტატურად შესრულებულმა საჯარიმო დარტყმამ "დინამოს" მნიშვნელოვანი 3 ქულა მოუპოვა პრინციპულ მეტოქესთან ("ტორპედო") მატჩში. არც ის ფაქტი იყო უმნიშვნელო, რომ XVIII ტურის ამ ცენტრალურ მატჩს რომან ფიფიაც ესწრებოდა - "დინამოს" სავარაუდო მეპატრონეს თავის მომავალ გუნდზე როგორი შთაბეჭდილება დარჩებოდა, ძნელი სათქმელია, თუმცა "დინამოს" გამარჯვება რომ გაახარებდა, ფაქტია. აქვე, არც ის დაგვავიწყდეს, რომ "დინამომ" ჩემპიონატში ზედიზედ მეორე მატჩი ერთნაირი ანგარიშით (1:0) მოიგო და ორივეჯერ თავის პრინციპულ მოწინააღმდეგეებს ("ვიტ ჯორჯია", "ტორპედო") ეთამაშებოდა; თანაც, ორივე ეს წარმატება დავით მუჯირის საფირმო შორეულ დარტყმებს მოჰყვა.

დაბოლოს, ტურის კიდევ ორ მოვლენაზეც; უმაღლეს ლიგაში კიდევ ერთი დებიუტის მომსწრენი გავხდით: ახალგაზრდა მწვრთნელმა თორნიკე მაისურაძემ პირველსავე მატჩში წარმატებას მიაღწია და მისმა დამოძღვრილმა "ოლიმპმა" ქვემოქართლურ "დერბიში" ბოლნისის "სიონს" უპრობლემოდ მოუგო. ოღონდ, ეს შეხვედრა, როგორც, საერთოდ, ფეხბურთშია მიღებული, 90 წუთის ნაცვლად მხოლოდ 60 წუთს გაგრძელდა, - დანარჩენი დროის განმავლობაში ორივე გუნდის ფეხბურთელები მოედანზე, ფაქტობრივად, დადიოდნენ! თუმცა, ტურის მოვლენებს ბევრად უფრო დადებითი ფაქტორით დავამთავრებთ: "ზესტაფონის" ფორვარდმა ნიკოლოზ გელაშვილმა თავის ყოფილი გუნდის ("ვიტ ჯორჯია") კარში სამი გოლი გაიტანა. სულ კი ჩემპიონატის სტარტიდან გელაშვილის გარდა "ჰეთ-თრიქი" კიდევ ორ ფეხბურთელს აქვს შესრულებული: რატი წინამძღვრიშვილს ("ზესტაფონი") და ირაკლი მოდებაძეს ("ოლიმპი").


დამსახურებული ლიდერი
პირველ ეტაპს დამსახურებული გამარჯვებული ჰყავს: "ზესტაფონმა" ბოლო პერიოდში ისეთი ტემპი "აკრიფა", ვისაც შეხვდა, ყველას უმოწყალოდ გაუსწორდა! თავად განსაჯეთ: ბოლო ხუთ შეხვედრაში (ოთხი-ჩემპიონატის, ერთიც-თასის) გია გეგუჩაძის გუნდმა მეტოქეთა კარში 19 გოლი გაიტანა და ამავდროულად, საკუთარში არც ერთი გაუშვა! ჰოდა, რა გასაკვირვია, რომ ჩემპიონატის ყველაზე შედეგიანი გუნდი სწორედ "ზესტაფონია" - 18 მატჩში 39 გოლი მართლაც არ არის ურიგო მაჩვენებელი. ისიც აღსანიშნავია, რომ ამ 39 გოლიდან უმეტესი (27) ფორვარდების ანგარიშზეა: გელაშვილის მსგავსად რატი წინამძღვრიშვილსაც 10 ბურთი აქვს გატანილი, ხოლო ჯაბა დვალს - 7. თუმცა, "ზესტაფონის" წარმატებული ასპარეზობა მხოლოდ ფორვარდების შედეგიან თამაშზე არ არის დამოკიდებული: მეკარეც, მცველებიც და ნახევარმცველებიც ისეთ ფეხბურთს უჩვენებენ, ჩემპიონატის ერთ-ერთ ფავორიტს რომ ეკადრება. საერთოდაც, ადრეც არაერთხელ გვითქვამს და კვლავაც სიამოვნებით გავიმეორებთ, რომ ამ სეზონში ყველაზე სანახაობრივ ფეხბურთს სწორედ "ზესტაფონი" უჩვენებს. მოკლედ, ვიდრე სეზონი განახლდება, "ზესტაფონს" "ზამთრის ჩემპიონის" არაოფიციალური, მაგრამ მაინც საამო ტიტულით შეუძლია იამაყოს. თანაც, არ დაგვავიწყდეს, რომ თითქმის უმეტეს შემთხვევებში, სეზონის ბოლოს საბოლოო გამარჯვებული სწორედ "ზამთრის ჩემპიონი" ხდებოდა. თუმცა, არავინ იცის, ამ ზამთრის პაუზის მერე "ზესტაფონის" კონკურენტ გუნდებში მოვლენები როგორ განვითარდება: ქვეყნის ჩემპიონი "ოლიმპიც" სერიოზულ გაძლიერებას გეგმავს, რომ აღარაფერი ვთქვათ "დინამოში" მოსალოდნელ სიახლეებზე.


აუცილებელი საკითხავი
2010 წლის საფეხბურთო სეზონი ჯერ არ დასრულებულა: ხვალ და ზეგ თასის განმეორებითი მეოთხედფინალური მატჩებია, 21 დეკემბერს კი სუპერთასის შეხვედრაა (თუ, რა თქმა უნდა, თარიღმა კიდევ არ გადაიწია). აქვე, სატურნირო ცხრილთან დაკავშირებით მცირე განმარტებაც გვინდა გავაკეთოთ. უფრო ზუსტად, საქართველოს 2010-2011 წლების XXII ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის პირველობის რეგლამენტს მოვიშველიებთ, კერძოდ, IV პუნქტს ("ჩემპიონატის ჩატარების პირობები"), რომლის მიხედვითაც თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში ადგილები გაირკვევეა შემდეგი პრიორიტეტული პრინციპით: 1) ჩემპიონატში მოგებათა მეტი რაოდენობა; 2) უშუალოდ ერთმანეთში შეხვედრების შედეგები (ქულათა რაოდენობა და შემდეგ ბურთების უკეთესი სხვაობა. ბურთების ერთნაირი სხვაობის შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება გუნდს, რომელსაც ერთმანეთთან შეხვედრაში მეტი გოლი აქვს გატანილი; 3) ჩემპიონატში გატანილი და მიღებული ბურთების უკეთესი სხვაობა; 4) ჩემპიონატში გატანილი გოლების მეტი რაოდენობა; 5) ჩემპიონატში სტუმრად გატანილი გოლების მეტი რაოდენობა; 6) "ფეარ-პლეის" შედეგები (ყველა მატჩზე დელეგატის მიერ შევსებული გუნდებისა და მოთამაშეების "ფეარ-პლეის" პრინციპების შეფასების გათვალისწინებით; 7) თუ გუნდებს ეს მაჩვენებელიც თანაბარი აღმოაჩნდებათ, ადგილების გამოსავლენად მოეწყობა კენჭისყრა.

ყოველივე ეს კი იმიტომ გვინდა მკითხველს შევახსენოთ, პირველი ეტაპის საბოლოო ცხრილის ირგვლივ რაიმე გაურკვევლობა რომ არ იყოს. მაგალითად, "ზესტაფონი" "ოლიმპზე" წინ მოგებათა მეტი რაოდენობითაა; იმავეს თქმა შეიძლება IV-V-VI ადგილზე მყოფ სამ ერთნაირქულიან გუნდზეც. აი, რაც შეეხება IX და X ადგილებს, ამ შემთხვევაში "კოლხეთს" ურთიერთშეხვედრებში აქვს უპირატესობა "სამტრედიასთან" და კონკურენტთან შედარებით ერთი საფეხურით მაღლა იმყოფება.


ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული