შუქურა-ვიტ ჯორჯია 2:0 - სასჯელი შანსების განიავებისთვის

AutoSharing Option
ორივე გუნდი მატჩს მძიმე მდგომარეობაში შეხვდა. "ვიტ ჯორჯიამ" ბოლოს 21 სექტემბერს მოიგო (გასვლაზე "ზუგდიდთან"), ქობულეთელებს კი 25 ოქტომბერს, გორის "დილასთან" ჩაშლილ შეხვედრაში 3:0 მოგება რომ ჩაეთვალათ, მძიმე სატურნირო მდგომარეობა ვერც ამ 3 ქულით გამოასწორეს. ორივე გუნდი, 11-11 ქულით, ცხრილის ბოლოში იყო მოქცეული.

"ჩელე არენაზე" შეკრებილი ქომაგი "შუქურაში" ახალი მთავარი მწვრთნელის, კონსტანტინ ფროლოვის სადებიუტო შეხვედრას ელოდა. წამყვანი ფეხბურთელების, დისკვალიფიცირებული ლაშა კალანდაძისა და ლევან კუტალიას, აგრეთვე, ტრავმირებული თორნიკე თუხარელის არყოფნის მიუხედავად, უკრაინელი სპეცილისტის სტარტი წარმატებული გამოდგა.

წინდაწინ ვიტყვით, რომ "ვიტ ჯორჯია" შანსების
განიავებისთვის დაისაჯა. მე-20 წუთზე სტუმრებს ანგარიშის გახსნის რეალური შესაძლებლობა ჰქონდათ. ელგუჯა ლობჯანიძემ საჯარიმოში ლაშა ჩალაძემ მოცელა. პენალტი გიორგი გეთიაშვილმა შეასრულა, მაგრამ "შუქურას" მეკარე თემურ კაკალაძემ ბურთი მოიგერია და ტრიბუნებს ოვაციები მოსწყვიტა.

მოგვიანებით, კაკალაძემ "შუქურა" კიდევ ერთხელ იხსნა, როცა პირისპირ დარჩა ლობჯანიძესთან და ფორვარდს ბურთის თავზე გადაგდების საშუალება არ მისცა. როგორც მერე გაირკვა, ამით ზღვისპირელთა მეკარემ "შუქურას" მოგებას დაუდო სათავე.

გამოუყენებელი მომენტებისთვის "ვეტერინარებმა" პირველი "საზღაური" ტაიმის ბოლოს გაიღეს - ლაშა ჩაფიძემ საჯარიმოში ზაზა ტუღუში მოძებნა, რომელმაც ბურთი შეუჩერებლად დაარტყა და ანგარიში გახსნა - 1:0.

ქობულეთელებს "ვიტ ჯორჯიას" კარის აღება კიდევ ორჯერ შეეძლოთ: პირველად, მეკარესთან პირისპირ გასულმა ჩალაძემ მეკარე ჯონი შეროზიას ვერ აჯობა, მერე კი გიორგი ჩელებაძემ საჯარიმოდან ბურთი მიზანს ოდნავ ააცილა.

"ვიტ ჯორჯიამ" რეალური საგოლე მომენტები მეორე ტაიმშიც შექმნა - ორჯერ დასარტყმელ პოზიციაზე კვლავ ლობჯანიძე აღმოჩნდა, მაგრამ ამ უკანასკნელს ჯერ სიზუსტემ უმტყუნა, მეორე შემთხვევაში კი მის დარტყმულს მცველი გადაეფარა.

მალე საჯარიმოში ლობჯანიძის წაქცევისთვის სტუმრები პენალტს ითხოვდნენ, თუმცა არბიტრმა დავით ხარიტონაშვილმა წესების დარღვევა ვერ შენიშნა.

"შუქურამ" კი თავისი შანსი გამოიყენა: მარცხენა ფლანგიდან ჩალაძემ საჯარიმოში ზვიად მეტრეველი შენიშნა, რომელმაც საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 2:0.

სტუმართა სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მათ ბოლო წუთამდე იბრძოლეს. კარის აღებას კვლავ ლობჯანიძე შეეცადა. მერე კუთხურიდან ჩაწოდებული ბურთი ახლო მანძილიდან თავით კარში ლევან საბაძემ გააგზავნა, მაგრამ კაკალაძემ საოცარი რეაქცია გამოავლინა და თავისიანები კიდევ ერთხელ იხსნა.

ამ გამარჯვებით, "შუქურამ" მდგომარეობა საგრძნობლად გაიუმჯობესა და, რაც მთავარია, გამარჯვების გემო გაიხსენა.

საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. XII ტური
08.11. ქობულეთი. "ჩელე არენა". 600 მაყურებელი
შუქურა-ვიტ ჯორჯია 2:0
გოლები: 1:0 ზ. ტუღუში (38), 2:0 ზ. მეტრეველი (75)
გამოუყენებელი პენალტი: გეთიაშვილი (26)
შუქურა (4-2-3-1): თ. კაკალაძე - ტვილდიანი, მალანია, გ. გურული, კომახიძე (46. ლუკასი) - კუხიანიძე, ბერუაშვილი - ჩაფიძე, ჩელებაძე (80. ხოჭოლავა), ჩალაძე - ზ. ტუღუში (60. მეტრეველი).
სათადარიგოები: ჯიოევი, ტაკიძე, კოპალიანი, ლობე
მწვრთნელი: კონსტანტინ ფროლოვი
ვიტ ჯორჯია (4-2-3-1): შეროზია - საბაძე, კალანდია, გეთიაშვილი, მაისურაძე - დავლაშელიძე, ღიბრაძე - გახარია (80. კუხალეიშვილი), კახაბრიშვილი (67. თათხაშვილი), კვირკვია (87. ხვისტანი) - ე. ლობჯანიძე.
სათადარიგოები: ჩალიგავა, გიორგაძე, დანელია, კურდღელაშვილი
მწვრთნელი: ზურაბ ბერიძე
გაფრთხილება: ჩალაძე (25), ღიბრაძე (45), მაისურაძე (55), ზ. ტუღუში (56), შეროზია (67), კვირკვია (87)
არბიტრი: დ. ხარიტონაშვილი

ბომბარდირები:
ჯ. დვალი (ზესტაფონი) 9
ი. მოდებაძე (დილა) 7
ო. კვერნაძე (ტორპედო) 6
გ. პაპუნაშვილი (დინამო თბ) 6
ნ. საბანაძე (დინამო თბ) 5
შ. ლომია (ზუგდიდი) 5

მომდევნო მატჩები:
დ. ყიფიანის სახ. თასი. 1/8 ფინალი. I მატჩები
17 ნოემბერი, ორშაბათი
დილა-კოლხეთი (ფ)
დინამო (ბთ)-სამტრედია
მერანი-ტორპედო
ვიტ ჯორჯია-სიონი
ზუგდიდი-მეტალურგი
ჩიხურა-ზესტაფონი
სპარტაკი-საპოვნელა

18 ნოემბერი, სამშაბათი
შუქურა-დინამო (თბ)

უმაღლესი ლიგა. XIII ტური
21 ნოემბერი, პარასკევი
დილა-სამტრედია
მერანი-კოლხეთი
ვიტ ჯორჯია-მეტალურგი
დინამო (ბთ)-სიონი

22 ნოემბერი, შაბათი
ზუგდიდი-დინამო (თბ)
ტორპედო-ზესტაფონი
გურია-ჩიხურა
სპარტაკი-შუქურა

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული