უმაღლესი ლიგის XIII ტურის წინ: ლოგიკა თუ ცრურწმენა?

AutoSharing Option
ფოტოზე: სამწუხაროდ, ამ ტურის ერთ-ერთი ყველაზე საინტრიგო მატჩი კვლავაც უმაყურებლოდ ჩაივლის

ორკვირიანი პაუზის შემდეგ საქართველოს ჩემპიონატი 21 და 22 ნოემბერს გასამართი მატჩებით განახლდება.

უმაღლესი ლიგის გუნდების თითქმის აბსოლუტურმა უმრავლესობამ ("გურიას" გარდა) ამ ორი კვირის განმავლობაში საქართველოს თასის პირველი მერვედფინალური შეხვედრა გამართა და, აქედან გამომდინარე, სათამაშო პრაქტიკის უქონლობაზეც ვერავინ დაიწუწუნებს.

რას უნდა ველოდოთ XIII ტურისგან? უპირველეს ყოვლისა, წინა ტურის მსგავს უკომპრომისობას: შეგახსენებთ, რომ XII ტურში არც ერთი მატჩი ფრედ არ დამთავრებულა; თანაც, დღესაც და ხვალაც, რამდენიმე ისეთი მატჩია, გამორჩეულ დაპირისპირებად რომ
უნდა "მოინათლოს": ზოგან "ექვსქულიანი შეხვედრაა", ზოგან - "იმერული დერბი", ზოგან - ახალგაზრდა სპეციალისტების "დუელი" და ასე შემდეგ.

ისე, XIII ტური რახან არის, შესაძლოა, ზოგიერთისთვის მართლაც ნავსიანი აღმოჩნდეს; მაგრამ ისიც საკითხავია, ამა თუ იმ გუნდის შესაძლო წარუმატებლობა ლოგიკური იქნება თუ მართლაც... ცრურწმენას "დაბრალდება"?

Sportall.Ge

დილა-სამტრედია
დისკვალიფიკაცია: ლუკა რაზმაძე, ალექსანდრე კვახაძე (ორივე - "დილა")

ეს მატჩი მართლაც გამორჩეულ ინტერესს იწვევს: ახალგაზრდა სპეციალისტების, უჩა სოსიაშვილისა ("დილა") და ზაზა ზამთარაძის ("სამტრედია") დამოძღვრილი გუნდები ხომ დღესდღეობით მეორე-მესამე ადგილებს იყოფენ.

შეგახსენებთ, რომ ორივე გუნდი ხუთი ქულით ჩამორჩება ერთპიროვნულ ლიდერს, "დინამო თბილისს" და დღეს ერთ-ერთის წარუმატებლობის შემთხვევაში ეს ჩამორჩენა კიდევ უფრო გაიზრდება.

სამწუხაროდ, ამ ტურის ერთ-ერთი ყველაზე საინტრიგო მატჩი კვლავაც უმაყურებლოდ ჩაივლის; აქედან გამომდინარე, ორივე გუნდი თანაბარ პირობებში აღმოჩნდება და რომელიმეს შანსებზე ლაპარაკიც უადგილოდ გვეჩვენება.

ისიც აღსანიშნავია, რომ ძველისძველი მეტოქეები (ორივე გუნდს არაერთი სეზონი გაუტარებია ყოფილ საკავშირო მეორე ლიგაში) უმაღლეს ლიგაში... 13-წლიანი პაუზის მერე ხვდებიან ერთმანეთს!

დინამო (ბთ)-სიონი
მასპინძლები დღევანდელ შეხვედრას მართლაც ამაღლებული განწყობით ხვდებიან: ბათუმის "დინამომ" წინა ტურში სტუმრად "დინამო თბილისს" მოუგო, ორიოდე დღის წინ კი თასის პირველ მერვედფინალურ მატჩში კიდევ ერთი ძლიერი მეტოქე, "სამტრედია" დიდი ანგარიშით (4:1) დაამარცხა.

მოკლედ, ფაქტია, რომ გამოცდილი სპეციალისტის, შოთა ჭეიშვილის შეგირდები დღესდღეობით მშვენიერ ფორმაში არიან;

თუმცა, "სიონმაც" დაძლია კრიზისი და წინა ტურში მოპოვებული ნანატრი გამარჯვებით ლადო ბურდულის გუნდი სახიფათო ზონიდან "ამოვიდა".

ერთი შეხედვით, ურთიერთშეხვედრებში ბათუმელებს უპირატესობა აქვთ, მაგრამ ისიც სათქმელია, რომ ბათუმის "დინამოს" თავისი დღევანდელი მეტოქე საშინაო შეხვედრებში უკვე... 10 წელიწადი არ დაუმარცხებია.

მერანი-კოლხეთი
დისკვალიფიკაცია: შოთა ჯიქია ("კოლხეთი")

ამ "მეგრულ დერბის" დიდი ისტორია არა აქვს, თუმცა ძალიან საინტერესო თანაფარდობას აღმოაჩენთ - "მერანისა" და "კოლხეთის" ურთიერთდაპირისპირებებში მეტოქეებმა ერთმანეთში ჩატარებული 8 მატჩიდან ოთხ-ოთხი მოიგეს და ბურთების მაჩვენებელიც იდენტურია.

სამაგიეროდ, რადიკალურად განსხვავებულია გუნდების სატურნირო მდგომარეობა: უკრაინელი სპეციალისტის, ვლადიმირ ლობასის ხელმძღვანელობით მოთამაშე "მერანს" ჩემპიონატში ექვსმატჩიანი წაუგებელი სერია აქვს და მარტვილელთა გუნდის დაუმარცხებელი ასპარეზობა ზუსტად ორი თვეა გრძელდება.

აი, "კოლხეთი" კი კვლავაც სახიფათო ზონაში იმყოფება და ამის ერთ-ერთი მიზეზი სტუმრად წარუმატებელი თამაშია: "სიონის" მსგავსად, ზაზა ინაშვილის გუნდსაც მხოლოდ ერთი ქულა აქვს მოპოვებული გასვლით შეხვედრებში.

თუმცა, ნურც ის დაგვავიწყდება, რომ "მერანი" თავის საშინაო მატჩებს მშობლიური მარტვილის ნაცვლად სამტრედიაში ატარებს, მაგრამ "კოლხეთისგან" განსხვავებით, მშვენიერი შედეგი აქვს.

ვიტ ჯორჯია-მეტალურგი
დისკვალიფიკაცია: ირაკლი ღიბრაძე, მათე კვირკვია (ორივე - "ვიტ ჯორჯია") - კონსტანტინე ხიზანეიშვილი ("მეტალურგი")

წინა სეზონის პირველ ეტაპზე "ვიტ ჯორჯიამ", როგორც იქნა, ნავსი გატეხა და რუსთავის "მეტალურგი" ("ოლიმპი") საშინაო შეხვედრაში დაამარცხა (თანაც, დიდი ანგარიშით - 5:2). თუმცა ერთიმეორეზე პერსპექტიული ბიჭებით დაკომპლექტებულ "ვიტ ჯორჯიას" დღესდღეობით სტატისტიკისათვის არ სცალია - ჩემპიონატში ექვსმატჩიანმა მოუგებელმა სერიამ "ვეტერინარები" XIV ადგილამდე ჩამოაქვეითა.

თანაც, დღევანდელ მატჩში ზურაბ ბერიძის გუნდს ორი ფეხბურთელი - ირაკლი ღიბრაძე და მათე კვირკვია არ ეყოლება.

წინა სეზონი ვახსენეთ და ამ გუნდებს შორის ჩატარებული მეორე წრის მატჩი იმითაც იყო დასამახსოვრებელი, რომ ოთხწელიწადნახევრიანი პაუზის მერე "მეტალურგის" მთავარ მწვრთნელად ვარლამ კილასონია დაბრუნდა, თანაც, გამარჯვებით დაბრუნდა: "მეტალურგმა" 2:0 მოიგო და ორივე გოლი რუსთაველთა გუნდის ახალწვეულებმა (და ამ ქალაქის საფეხბურთო სკოლის აღზრდილებმა) - კახაბერ კაკაშვილმა და ვარლამ კილასონიამ (უმცროსმა) გაიტანეს.

ოღონდ ეს ყველაფერი წინა სეზონში იყო, აი, დღეს კი იმის საშიშროებაცაა, რომ "მეტალურგი" თამაშზე არ გამოვიდეს. ყოველ შემთხვევაში, როგორც შევიტყვეთ, თუ 20 ნოემბერს სახელფასო დავალიანება არ დაიფარებოდა, "მეტალურგის" ფეხბურთელები მცხეთაში წასვლას არ აპირებდნენ.

გურია-ჩიხურა
დისკვალიფიკაცია: დენის დობროვოლსკი ("ჩიხურა")

"გურია" შინ დაუმარცხებლად ასპარეზობს; აი, "ჩიხურა" კი კვლავაც პირველი საგარეო გამარჯვების მოლოდინშია: სოსო ფრუიძის გუნდს სტუმრად ჩატარებულ ორ შეხვედრაში მხოლოდ 2 ქულა აქვს აღებული.

არადა, "ჩიხურას" სამართლიანად მივიჩნევთ ევროტურნირების ერთ-ერთი საგზურის მოპოვების კანდიდატად; თანაც, არახალი ამბავია, რომ საჩხერელთა გუნდი ნამდვილად ვერ დაიკვეხნის გრძელი სათადარიგოთა სკამით და წამყვანი ნახევარმცველის, დენის დობროვოლსკის დისკვალიფიკაციაც კიდევ ერთი სერიოზული პრობლემაა.

რაც შეეხებათ მასპინძლებს, ზედიზედ ორმა მარცხმა "გურია" სატურნირო ცხრილის ბოლოსკენ კი დასწია, მაგრამ თეიმურაზ ლორიას გუნდს სათასო მატჩი არ ჩაუტარებია და დანარჩენი 14-ვე გუნდისგან განსხვავებით, ამ ტურისათვის თითქმის ორკვირიანი დროც ჰქონდა დასასვენებლად და მოსამზადებლად.

სპარტაკი-შუქურა
დისკვალიფიკაცია: ლევან კუტალია ("შუქურა")

საშინაო შეხვედრებში პროცენტული მაჩვენებლით, "სპარტაკი" საუკეთესოა უმაღლეს ლიგაში ("ჩიხურასთან" ერთად) და ამასაც თავი რომ დავანებოთ, კახა კაჭარავას გუნდი ისედაც ფავორიტად მიიჩნევა ხვალინდელ შეხვედრაში: ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, სატურნირო ცხრილს გადახედეთ!

ჰო, ასეა: ბევრისთვის მოულოდნელი და წარმატებული ასპარეზობით, "სპარტაკისგან" ამჯერად უკვე "ბევრს" ითხოვენ და გუნდიც ჯერჯერობით კვლავაც ლიდერთა სიახლოვეს იმყოფება.

აი, "შუქურამ" კი წინა ტურში შეძლო და ხანგრძლივზე-ხანგრძლივი პაუზის მერე გაიმარჯვა; ასე რომ არ მომხდარიყო, ქობულეთელთა გუნდი XIII ტურს არცთუ სახარბიელო სატურნირო მდგომარეობაში შეხვდებოდა.

იმის გარდა, რომ "სპარტაკი" და "შუქურა" დღეს პირველად დაუპირისპირდებიან ერთმანეთს უმაღლეს ლიგაში, ინტერესს სხვა ფაქტიც იწვევს: ქობულეთელთა გუნდის ფორვარდი ზვიად მეტრეველი ხომ წლების განმავლობაში "სპარტაკის" წამყვანი თავდამსხმელი გახლდათ.

Sportall.Ge

ზუგდიდი-დინამო (თბ)
გარკვეული პაუზის შემდეგ "ზუგდიდმა" თავის ერთ-ერთ ყველაზე "არასასურველ" მეტოქეს მშობლიურ ქალაქში უნდა უმასპინძლოს; ეს ფაქტი კი ბესიკ შეროზიას დამოძღვრილ "ზუგდიდის" ფეხბურთელებს დამატებით სტიმულს მისცემს.

თუმცა საქართველოში ხომ თბილისის "დინამოს" წინააღმდეგ არც ერთ გუნდს არა აქვს მოტივაციის ნაკლებობის პრობლემა და ასეა "ზუგდიდიც". და ეს იმის მიუხედავად, რომ ხვალინდელ მატჩში ერთმანეთის პირისპირ "საპირისპირო პოლუსზე" მყოფი გუნდები წარდგებიან: "ზუგდიდი" - ბოლოზეა, "დინამო" - პირველზე!

მოტივაცია ვახსენეთ და, ვფიქრობთ, დინამოელებსაც არანაკლები სწრაფვა უნდა ჰქონდეთ გამარჯვებისაკენ; ჯერ ერთი, წინა ტურში განცდილი მარცხის შემდეგ გუნდი ყველანაირად ეცდება სრულ რეაბილიტაციას.

ამას გარდა, მოვლენები შესაძლოა ისე განვითარდეს, რომ კახა გოგიჩაიშვილის ხელმძღვანელობით მოასპარეზე "დინამომ" სწორედ ამ ტურის მერე მოიპოვოს "ზამთრის ჩემპიონის" არაოფიციალური ტიტული; ამისათვის კი ორი "აუცილებელი და საკმარისი პირობაა" საჭირო: "დილასა" და "სამტრედიას" მატჩი ფრედ უნდა დამთავრდეს, "დინამომ" კი - გაიმარჯვოს.

ტორპედო-ზესტაფონი
დისკვალიფიკაცია: აბრამიძე (ტორპედო)

რიგით XXIII "იმერული დერბი", როგორც ამ ბოლო წლებში იყო, ამჯერადაც უდიდეს ინტერესს იწვევს, თანაც, "ტორპედოსა" და "ზესტაფონის" დაპირისპირებების წინ არასდროს აქვს მნიშვნელობა იმ ფაქტს, გუნდები რომელ ადგილზე იმყოფებიან სატურნირო ცხრილში.

ასეა ახლაც: ზედიზედ ორი გამარჯვების მერე თავისი "კუთვნილი პოზიციებისაკენ" დაძრული "ზესტაფონი" ორი ქულით უსწრებს "ტორპედოს" და ხვალინდელ "იმერულ დერბის" სატურნირო თვალსაზრისითაც უდიდესი მნიშვნელობა ექნება.

ზედიზედ ორი გამარჯვება ვახსენეთ და საერთოდაც, გია გეგუჩაძის ხელმძღვანელობით მოასპარეზე "ზესტაფონი" უკვე 7 მატჩია, დაუმარცხებლად ასპარეზობს, გუნდის კაპიტანი ჯაბა დვალი კი, როგორც საქართველოს ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირობის უპირველეს კანდიდატს "ეკადრება", ბოლო შეხვედრებია, მოედანს უგოლოდ არ ტოვებს.

აბსოლუტურად განსხვავებული სიტუაციაა "ტორპედოში" - რევაზ ძოძუაშვილის შეგირდებს უკვე ორი თვეა ჩემპიონატში არ მოუგიათ...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული